Thumbnail
  • პოლონეთთან ფრის შემდეგ იტალიის ნაკრები პორტუგალიაში დამარცხდა
  • სანტუშის გუნდმა სკუადრა აძურა კრიშტიანო რონალდოს გარეშე დაამარცხა

ერთა ლიგის A3 ჯგუფში იტალიის ნაკრებმა მეორე შეხვედრაც წარუმატებლად ჩაატარა. ბოლონიაში პოლონეთთან ფრის (1:1) შემდეგ, “სკუადრა აძურა” პორტუგალიაში 0:1 დამარცხდა. ევროპის ჩემპიონებმა იტალიის ნაკრების დამარცხება კრიშტიანო რონალდოს გარეშე, ანდრე სილვას გოლით შეძლეს და ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ.

პორტუგალია 1:0 იტალია

გოლი: 1:0 ანდრე სილვა (48)

პორტუგალია (4-1-2-2-1): რუი პატრისიუ - ჟოაუ კანსელუ, პეპე, რუბენ დიასი, მარიო რუი - დუბენ ნევესი - პიცი (77. რენატო სანჩესი), ვილიამ კარვალიუ (86. სერჟიო ოლივეირა) - ბერნარდო სილვა, ბრუმა (77. ჟელსონ მარტინში) - ანდრე სილვა.

იტალია (4-3-3): დონარუმა - ლაცარი, კალდარა, რომანიოლი, კრიშიტო (74. ემერსონი) - კრისტანტე (79. ბელოტი), ჟორჟინიო, ბონავენტურა - კიეზა, ძაძა, იმობილე (59. ბერარდი).

პორტუგალიის ნაკრების დამრიგებელმა ფერნანდუ სანტუშმა მოედანზე ზუსტად ის შემადგენლობა გაიყვანა, რომლითაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასთან ტესტ-მატჩი 1:1 ითამაშა. კრიშტიანო რონალდომ ჯერ კიდევ აგვისტოში ითხოვა ნაკრებიდან გათავისუფლება და ცნობილი იყო, რომ სექტემბერში ეროვნულ გუნდს არ დაეხმარებოდა.

პოლონეთთან ცუდი თამაშის შემდეგ, მანჩინიმ ბალოტელი ტრიბუნაზე გაუშვა

იტალიის ნაკრებს ერთა ლიგის პირველი მატჩი პოლონეთთან ფრედ 1:1 ჰქონდა დამთავრებული. “სკუადრა აძურას” თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ძირითად შემადგენლობაში 9 (!) ფეხბურთელი შეცვალა - პოლონეთის შემდეგ სასტარტოში მხოლოდ მეკარე დონარუმა და საყრდენი ნახევარმცველი ჟორჟინიო დარჩნენ. ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის არყოფნაში (დაცვის ცენტრში რომანიოლი და კალდარა თამაშობდნენ), იტალიის ნაკრების კაპიტანი ჩირო იმობილე გახლდათ.

სკუადრა აძურას კაპიტანი ჩირო იმობილე იყო

თამაში მეტწილად თანაბარი იყო, თუმცა პორტუგალიელებმა უფრო მეტი გააზრებული შეტევა განახორციელეს, მეტი მომენტი შექმნეს და სანტუშის გუნდის გამარჯვება ლოგიკურია. იტალიის ნაკრების კრიზისი კი გრძელდება. გამოჩნდა, რომ მანჩინი ერთა ლიგის მატჩებში ექსპერტიმენტებს მიმართავს და ტაქტიკისა და ფეხბურთელების ძიებაშია.

პოლონეთთან ფრე, პორტუგალიასთან წაგება - იტალიის ნაკრები კრიზისშია

თუმცა, ისიც ცხადია, რომ “აძურის” თავკაცს დიდი არჩევანი არ აქვს და საერთო ჯამში, მაინც ამ 20-25 ფეხბურთელს შორის უნდა იპოვნოს ის 11 ფეხბურთელი, რომლებმაც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გუნდი პროგრესის გზაზე უნდა დააყენოს.

კომენტარები

ბოლო ამბები