Thumbnail

დინამომ კაკტუსი დაამარცხა და სუპერლიგას ლიდერობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კაკტუსი 87:94 დინამო
  • სოხუმი 81:105 ბათუმი
  • მგზავრები 97:77 მარნეული

საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. თბილისის დინამო კაკტუსს დაუპირისპირდა და 94:87 დაამარცხა მეტოქე.

თამაში დინამოს უპირატესობით წარიმართა. ბოლო პერიოდის წინ, დინამოელები 16 ქულით იგებდნენ, თუმცა კაკტუსმა გამოასწორა თამაში და ერთი პერიოდი, სხვაობა 5 ქულამდეც კი შეამცირა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ დინამო ჯარიმებით დაიტვირთა და დასკვნით ეტაპზე ორი მეფარე ილია ლონდარიძე და გიორგი შარაბიძე დაკარგა. საბოლოოდ, დინამომ შეინარჩუნა უპირატესობა და მორიგი გამარჯვება მიითვალა აქტივში.

დინამოს რიგებში მიხეილ ბერიშვილი გამოირჩა, რომლის აქტივში 22 ქულა და 6 პასია. 21 ქულა და 12 მოხსნა კაელ ტურპინის ანგარიშზეა. კაკტუსის რიგებში 24 ქულით ტერიკ ბრიჯმენმა გაიბრწყინა, თუმცა მისი შედეგიანი ასპარეზობა საკმარისი არ აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ, დინამოს მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“რამდენიმე ტრავმირებული გვყავდა, თამაშის მსვლელობისას კი ორმა მეფარემ პერსონალურების ლიმიტის გამო სათადარიგოებში გადაინაცვლეს; რამდენიმე მოთამაშეს პოზიცია შევუცვალე. თუმცა, ეს კალათბურთია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. გავიმარჯვეთ და გვაქვს ერთკვირიანი მონაკვეთი, რომ წლის ბოლო შეხვედრისთვის მოვემზადოთ”.

ბათუმმა სოხუმი დაამარცხა

ბათუმმა სოხუმთან შეხვედრაში ფავორიტის სტატუსი გაამართლა და დიდი სხვაობით 105:81 სძლია მეტოქეს. აჭარლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვეს, პირველ ტაიმში კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ბათუმელებმა მესამე მეოთხედში მკვეთრად მოუმატეს და ბოლო მეოთხედის წინ, 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, საბოლოოდ კი 24-ქულიანი ფორით დაამარცხეს მეტოქე და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე აღზევდნენ.

აჭარელთა რიგებში გამორჩეული იყო სერბი სტეფან ანდრეიევიჩი, რომლის აქტივში 28 ქულა და 11 მოხსნაა. შესანიშნავი იყო ბათუმელთა ახალწვეული იშმაილ ჰოლისი, რომლის აქტივშიც 24 ქულა და 9 მოხსნაა. 

გამარჯვების შემდეგ, ბათუმის მწვრთნელმა ვლადიმერ ბოსნიაკმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ძალიან საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ. წინა მატჩი კაკტუსთან გაუმართლებლად წავაგეთ, მანამდეც რამდენჯერმე წავიფორხილეთ, რაც ჩვენი გუნდის არასტაბილურობაზე მიუთითებს. ბევრი გვაქვს სამუშაო, განსაკუთრებით დაცვაში. გვყავს ახალი ლეგიონერი, იშმაელ ჰოლისი, რომელმაც კარგად კი ითამაშა, მაგრამ გუნდს კიდევ უფრო უნდა შეეწყოს”.

მგზავრებმა მარნეულს მოუგო

ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში მგზავრებმა მარნეული 20-ქულიანი უპირატესობით, 97:77 დაამარცხა. შეხვედრა მგზავრების სრული უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგზეც შესაბამისად აისახა.

სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე თბილისის დინამოა, რომლის აქტივში 9 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხია, მეორე ადგილზე კი 8 გამარჯვებით და 2 მარცხით ქუთაისია.  

კომენტარები

ბოლო ამბები