Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები D დივიზიონის ერთ-ერთი ფავორიტია
  • ერთა ლიგა: ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგა წარმატებით დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჯერ ყაზახეთის ნაკრები დაამარცხა გასვლაზე (2:0), ხოლო შემდეგ ლატვიის ეროვნულ გუნდს მოუგო თბილისში (1:0) და D დივიზიონის პირველ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. ერთა ლიგა დამატებითი შანსია საქართველოს ნაკრებისთვის, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს.

ნახევარფინალთან ახლოს

პირველ ორ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში გალიდერდა და ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალს მიუახლოვდა. კიდევ ერთხელ ავხსნათ, თუ რა გზა უნდა გაიაროს ვლადიმირ ვაისის გუნდმა კონტინენტის პირველობაზე მოსახვედრად: პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ლიდერის პოზიცია უნდა შეინარჩუნოს, რადგან მხოლოდ პირველი ადგილი იძლევა ნახევარფინალური ეტაპის საგზურს.

► ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ნოემბერში დასრულდება და გამოვლინდებიან პლეი ოფში გასული გუნდები.

► D დივიზიონის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს ნახევარფინალური ეტაპის საგზურს.

► ტურნირის ფინალური სტადია 2019 წლის ივნისში გაიმართება. 

მნიშვნელოვანი დეტალი: D დივიზიონის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები ერთ ქვეყანაში გაიმართება. უეფა მასპინძელ ქვეყანას იმ ოთხი ქვეყნიდან აირჩევს, რომლებიც ნახევარფინალში გავლენ და ეს შესაძლოა საქართველოც იყოს. შესაბამისად, ნახევარფინალი და ფინალი არ იქნება გასვლა-სახლის ფორმატით და კონკრეტულ დუელში გამარჯვებული ერთ შეხვედრაში გამოვლინდება.

მაგალითად, D დივიზიონის ნახევარფინალში გავიდნენ საქართველოს, ბელარუსის, მაკედონიის და აზერბაიჯანის ნაკრებები: უეფა ამ ოთხ გუნდს ერთ ქვეყანაში შეკრებს, სადაც ჩატარდება ნახევარფინალური და ფინალური მატჩები, ტურნირის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა ორი მოგებით დაიწყო

საქართველოს ნაკრების სტატისტიკა 2018 წელს

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ორი გზა აქვს: ტრადიციული შესარჩევი ეტაპი და ერთა ლიგა. თუმცა, ვლადიმირ ვაისის გუნდის რეალური შანსი სწორედ უეფას ახალი ტურნირია, სადაც საქართველოს ნაკრებს შედარებით დაბალი დონის გუნდებთან უწევს კონკურენცია.

ვლადიმირ ვაისის გუნდს 2018 წელს კარგი შედეგები აქვს

2018 წელს, საქართველოს ნაკრებმა სულ 6 მატჩი გამართა: აქედან ოთხი ერთა ლიგის D დივიზიონის, ხოლო ორი C დივიოზიონის გუნდებთან. ანუ, ვაისის გუნდი თავისი კალიბრის მეტოქეებს შეხვდა და მთლიანობაში, კარგი შედეგები აჩვენა, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს…

2018 წელს, საქართველოს ნაკრებმა სულ 6 მატჩი გამართა, საიდანაც 5 მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა. გავიხსენოთ ეს მატჩები:

საქართველო 4:0 ლიეტუვა (ამხანაგური)
საქართველო 2:0 ესტონეთი (ამხანაგური)
საქართველო 1:0 მალტა (ამხანაგური)
ლუქსემბურგი 1:0 საქართველო (ამხანაგური)
ყაზახეთი 0:2 საქართველო (ერთა ლიგა)
საქართველო 1:0 ლატვია (ერთა ლიგა)

აღსანიშნავია, რომ ამ 6 შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სულ ერთი გოლი გაუშვა და ხუთჯერ კარი მშრალად შეინახა! 6 თამაშში 10 გატანილი გოლი და მხოლოდ 1 მიღებული ბურთი კარგი შედეგია. წინ ანდორასთან მატჩია, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ სტატისტიკა გაუმჯობესდეს. ერთა ლიგის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 13 ოქტომბერს, თბილისში ანდორას წინააღმდეგ გამართავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები