Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო ჩოგბურთის მწვერვალზე დაბრუნდა
  • აშშ-ის ღია პირველობის ფინალში სერბმა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა
  • ნოლემ გადამწყვეტი მატჩი ადვილად, 3 სეტში მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღია პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო. ფინალი, რომელიც 3 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა და რომელშიც სერბი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს ეთამაშებოდა, ჯოკოვიჩმა საკმაოდ ადვილად, სამ სეტში მოიგო - 6:3, 7:6 (7:4), 6:3. ამრიგად, ნოლემ ბოლო 2 თვეში დიდი სლემის მე-2 ტურნირი მოიგო - ივლისში მან უიმბლდონის ღია პირველობაზე გაიმარჯვა.

დელ პოტროსთან ფინალის შემდეგ, 31 წლის ჯოკოვიჩმა თავის ოჯახს რთულ პერიოდში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში ნოვაკმა ოპერაცია გაიკეთა, ახლა კი ფაქტობრივად ისეთივე დომინანტია, როგორც კარიერის საუკეთესო წლებში იყო. აშშ-ის ღია პირველობის თასი მას ლეგენდარულმა ჯონ მაკინროიმ გადასცა.

ჯოკოვიჩი და დელ პოტრო ფინალის დასრულების შემდეგ

ჯოკოვიჩისთვის ეს მე-14 მოგებული დიდი სლემია, რითაც სერბი პიტ სამპრასს გაუთანაბრდა, ხოლო რაფაელ ნადალთან (17) და როჯერ ფედერერთან (20) კი ჩამორჩენა შეამცირა. დელ პოტრომ ნიუ იორკში მეორე ტრიუმფის შანსი გაუშვა ხელიდან. 29 წლის არგენტინელმა US Open-ის მოგება 9 წლის წინ შეძლო, რის შემდეგაც არაერთი ტრავმა გადაიტანა.

“არ დავნებდი, ბოლომდე ვიბრძოლე, ტრავმები დავამარცხე და დავბრუნდი. რა თქმა უნდა, ძალიან მწყინს, რომ წავაგე, მაფრამ ნოვაკის გამო მიხარია,” - განაცხადა თვალცრემლიანმა დელ პოტრომ ფინალის შემდეგ.

ჯოკოვიჩმა შარშანდელი აშშ-ის ღია პირველობა სწორედ იდაყვის ტრავმის გამო გამოტოვა. ოპერაცის შემდეგ ისე ჩანდა, თითქოს სერბმა კარიერის საუკეთესო პერიოდი უკან მოიტოვა, მაგრამ “ნოლე” დაბრუნდა - უიმბლდონისა და US Open-ის მოგება სწორედ ამას ნიშნავს. გარდა ამისა, ჯოკოვიჩმა მე-9 მასტერსი, ცინცინატის ტურნირიც მოიგო - ასეთი შედეგით თვით ნადალი და ფედერერიც კი ვერ დაიკვეხნიან.

ჯოკოვიჩს გამარჯვება ჯერარდ ბატლერმა მიულოცა

კომენტარები

ბოლო ამბები