Thumbnail

ერთა ლიგის გამორჩეულები: უკრაინა, ბულგარეთი, მაკედონია და საქართველო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ერთა ლიგაში კონკურენციის ხარისხმა მოიმატა
  • უკრაინას, ბულგარეთს და მაკედონიასაც ორივე მატჩი მოგებული აქვთ

საფეხბურთო სამყარო ერთა ლიგას თანდათან ეჩვევა. ახალი ტურნირის უჩვეულო ფორმატმა ბევრი რამ შეცვალა, პირველი შეხედვით ფეხბურთისადმი ზოგადი ინტერესიც გამოაცოცხლა, რადგან თითქმის ყველა მატჩს ახლავს ინტრიგა და თითქმის გამორიცხულია თამაში, სადაც გამარჯვებულის ვინაობა წინასწარაა წნობილი. თუმცა, შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია. ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგადი სიტუაციის შეფასება შეგვიძლია, ისიც - ზედაპირულად, მხოლოდ შედეგების გათვალისწინებით.

მაგალითად, ერთა ლიგის მე-2 დონეზე, B ლიგაში ერთი გუნდი 2 მოგებით უკვე საკმაოდ დიდი დისტანციითაა დაშორებული კონკურენტებს. საუბარია უკრაინის ნაკრებზე, რომელმაც ჯერ ჩეხებს გასვლაზე 2:1 მოუგო, შემდეგ კი მათ მოძმე სლოვაკებს ლვოვში უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ანდრიი იარმოლენკომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეცვლაზე ახალშესული ვიქტორ ციგანკოვის საჯარიმო მოედანზე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კარგად შეასრულა და ეს საკმარისი აღმოჩნდა 3 ქულის ასაღებად. ჯგუფიდან 1 გუნდი წინაურდება და უკრაინელებმა ამ ორი გამარჯვებით უსერიოზულესი განაცხადი გააკეთეს საბოლოო წარმატებაზე.

რანგით მომდევნო, C დონეზე ანალოგიური შედეგი ბულგარელებს აქვთ, ვისაც გასვლაზე სლოვენიის ნაკრების ძლევამ (2:1) თვითრწმენა აუმაღლა, შედეგი კი შინ ნორვეგიასან მოგებაა - 1:0. თავი 58-ე წუთზე რადოსლავ ვასილევმა გამოიჩინა.

ხოლო D ლიგაში, სადაც საქართველოს ნაკრები ნამდვილად გამორჩეულია 2 გამარჯვებით, ასეთივე შედეგი ჯერჯერობით მხოლოდ მაკედონიელებმა დადეს - ჯერ გიბრალტარს მოუგეს გასვლითი მატჩი (2:0), დღეს კი სომხებს უმასპინძლეს და მათაც 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველი ეგზიან ალიოსკიმ მიითვალა, საბოლოო წერტილი კი, ნუ გაგკვირდებათ და, კარგად ცნობილმა, 35 წლის გორან პანდევმა დასვა.

კომენტარები

ბოლო ამბები