Thumbnail

ვლადიმირ ვაისი: ძალიან მძიმე მატჩი იყო, მაგრამ მაინც მოვიგეთ!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია მატჩის შემდეგ
  • ვლადიმირ ვაისი ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილია

უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩი მოიგო და D დივიზიონის პირველი ჯგუფის ერრთპიროვნული ლიდერია. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ლატვიის ნაკრები 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების სლოვაკმა დამრიგებელმა პრესკონფერენცია გამართა.

ვაისი: რთულია ისეთ მეტოიქესთან თამაში, რომელიც მთელი შემადგენლობით დაცვაში დგას. რთულია ე.წ. "ავტობუსის" წინააღმდეგ თამაში. სამუშაო აქვს რამდენიმე ფეხბურთელს ფიზიკური მომზადების კუთხით და უნდა მოუმატონ. წინ ანდორასთან მატჩია და იმედია, მესამე შეხვედრას უფრო კარგად მომზადებული შევხვდებით.

როგორ არის გიორგი ქვილითაია?

ვაისი: ეს ტრაგედია იყო ქვილითაიასთვის. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მთელი გუნდი. ბოლო ინფორმაციით, გიორგის ხვალ გაუკეთებენ ოპერაციას და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. მოვახერხეთ მობილიზება და გავიმარჯვეთ. 6 ქულა გვაქვს - ეს იყო ჩვენი მიზანი. თუმცა, წინ არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩებია.

კაჭარავას არ გამოუვიდა თამაში. ხომ არ დააგვიანეთ შეცვლები?

ვაისი: ასეთ შეხვედრაში რთულია თამაშში ჩართვა. ძალიან მძიმე მატჩი იყო, დიდი წნეხის ქვეშ იყვნენ ფეხბურთელები და ამიტომ, არ ვიჩქარე ცვლილებების გაკეთება. მართალია, კაჭარავამ ვერ გაიტანა, მაგრამ ბევრი იბრძოლა და უნდა შევაქო. შესაძლოა, პერიოდულად უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა და მეტი მომენტი შეგვექმნა, თუმცა საბედნიეროდ, ის ერთი გოლი მაინც გავიტანეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რაც ამ ორ მატჩს წინ ახლდა. ბევრ მოთამაშეს სათამაშო პრაქტიკა აკლდა. აი, ყაზახეთის ნაკრებს მოსამზადებლად გაცილებით მეტი დრო ჰქონდათ.

შევადაროთ ერთმანეთს და განვლილი ორი თამაში. თუ იყო პროგრესი მეორე შეხვედრაში?

ვაისი: მოხარული ვარ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. მადლობა 50 000 გულშემატკივარს - მათ ბრწყინვალედ გვიქომაგეს! ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ, ასეთი რაოდენობა ფანტასტიკურია! ჩანს, რომ ქართველ ხალხს უყვარს ფეხბურთი. რაც შეეხება ნაკრების პროგრესს, ეს უმჯობესია ჟურნალისტებმა შეაფასოთ.

ითამაშა თუ არა საქართველოს ნაკრებმა ისე, როგორც დაგეგმილი გქონდათ?

ვაისი: ჩვენ ვიცოდით, რომ ლატვიის ნაკრები დაცვიდან ითამაშებდა და კონტრშეტევებზე შეეცდებოდა გატანას. რა თქმა უნდა, თამაშის ასეთი სცენარი წინასწარ იყო გათვლილი. მე მაინც მინდა, რომ ჩემი ფეხბურთელები შევაქო. მაგალითად, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც დიდი ტალანტია და ამ ასაკში უკვე ერთ-ერთი ლიდერია, ან თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც გაძლო და ამდენი ხანი იბრძოლა მოედანზე. უნდა შევაქო ვაკო ყაზაიშვილიც, რომელიც ასევე ბოლომდე დაიხაჯა. მათ დაიმსახურეს ეს გამარჯვება.

გიორგი არაბიძე ვერ მოხვდა განაცხადში. რა იყო ამის მიზეზი?

ვაისი: არაბიძე დიდ ტალანტია და ამას მას ვერავინ წაართმევს. თუმცა, ასეთ შეხვედრაში მოედანზე თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლაა საჭირო, რისთვისაც არ იყო მზად. მას ვესაუბრე, ჩვენი გუნდის წევრია და მისთვის ღიაა საქრთველოს ნაკრების კარი.

ელოდებით თუ არა მომდევნო შეხვედრაში ჯანო ანანიძის დაბრუნებას?

ვაისი: გუშინ ვესაუბრე ჯანოს. გამოჯამრთელდა და ემზადება გუნდთან ერთად. წინ სამი კვირაა და დავაკვირდებით მის ფიზიკურ კონდიციას. ჭკვიანი, ძლიერი ფეხბურთელია და ველოდებით მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

კაშია: ეს ჩემთვის განსაკუთრებული მატჩი იყო!

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი):

"ძალიან მესიამოვნა, ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. ეს 90 წუთი განსაკუთრებული იყო ჩემთვის. ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი, ყველა, ნებისმიერი. არავისზე ნაწყენი არ ვარ, არავისზე ცუდი არ მითქვამს და არასდროს ვიტყვი, რასაც ჩემზე ამბობენ... დღეს განსაკუთრებით მე მიჭერდნენ მხარს, მაგრამ აუცილებელია, რომ გუნდს ვუგულშემატკივროთ".

კვეკვესკირი: ქომაგებმა გვაპოვნინეს ის ძალა, რომელიც ასე გვჭირდებოდა!

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი):

“პირველ რიგში, მადლობა გულშემატკივრებს მთელი გუნდის სახელით! კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფეხბურთი ქართული სპორტია, მაგრად გვიგულშემატკივრეს და როდესაც გაგვიჭირდა, დადებითი მუხტი შემოიტანეს. გვაპოვნინეს ის ძალა, რომელიც ასე გვჭირდებოდა. გოლის გატანა ძალიან გაგვიჭირდა, ამას ველოდით კიდეც. თამაშის წინაც თითოეული ფეხბურთელი და მწვრთნელი აღნიშნავდა, რომ რთული თამაში იქნებოდა. ვიცოდით დაცვით ფეხბურთს ითამაშებდნენ, მეორე ნომრები იქნებოდნენ. ნერვების თამაში გამოვიდა, საბედნიეროდ გამარჯვება შევძელით და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. 3 ბურთი გვაქვს გატანილი და 6 ქულა გვაქვს!

ყველამ ვიცით, რა გვინდა და საბოლოო მიზანი რა არის… ეს ჩვენი ოცნებაა და იმედია მას ქართველ გულშემატკივართან ერთად ავისრულებთ!

ყველაფერი ჩვენს ხელშია და ეს დადებითი მომენტია. დამოკიდებულები არავისზე ვართ. როგორც დღეს გამოჩნდა, გუნდი, რომელიც 11 კაცით დგას უკან და შეტევაზე არც კი ფიქრობს და ძირითადი მოტივაცია ქულის აღება აქვს, საკმაოდ რთული დასამარცხებელია. დაცვითი ფეხბურთის თამაში ყველამ იცის, შეტევაში თამაში კი რთულია. რაც დრო გადის, სულ უფრო რთულდება ასეთი გუნდების წინააღმდეგობის დაძლევა.

ყველა შეხვედრა რთული იქნება და იმედი მაქვს, ტრავმირებული მოთამაშეები, ჯანო, მჭედლიძე, ქვილითაია მალე დაგვიბრუნდებიან. შემდეგ შეკრებამდე ძალიან ცოტა, სამი კვირაა დარჩენილი. ახლაც მწვრთნელებთან ერთად საუბარი გვქონდა იმაზე, რომ მოთამაშეები მატჩებისთვის ინდივიდუალურად უნდა მოვემზადოთ. ყველამ ვიცით, რა გვინდა და საბოლოო მიზანი რა არის… ეს ჩვენი ოცნებაა და იმედია მას ქართველ გულშემატკივართან ერთად ავისრულებთ!”

კომენტარები

ბოლო ამბები