Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურში ლატვია 1:0 დაამარცხა
  • გამარჯვების გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტით გაიტანა

ზედიზედ მეორე გამარჯვება ერთა ლიგაში - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთის შემდეგ, ლატვიის ნაკრებიც დაამარცხა. ბალტიისპირელები მთელი მატჩის განმავლობაში თავს იცავდნენ, მაგრამ ვლადიმირ ვაისის გუნდმა მაინც შეძლო უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვება. გამარჯვების გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტით გაიტანა!

ყაზახეთთან მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. აქედან, ერთი ცვლილება იძულებითი იყო: ტრავმირებული გიორგი ქვილითაიას ნაცვლად, სასტარტოში ნიკა კაჭარავა გამოჩნდა, გიორგი მერებაშვილი კი თორნიკე ოქრიაშვილმა შეცვალა. სხვამხრივ, სლოვაკი სპეციალისტი იმავე შემადგენლობას დაეყრდნო და ისეთივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია, როგორიც ყაზახეთში.

საქართველო 1:0 ლატვია

გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77-პენ)

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, ნავალოვსკი - კვეკვესკირი, კანკავა - ოქრიაშვილი (80. გვილია), ყაზაიშვილი (90. ხოჭოლავა), ჩაკვეტაძე (87. პაპუნაშვილი) - კაჭარავა.

ლატვია (4-3-3): ვანინსი - გაბოვსი, დუბრა, იაგოდინსკისი, მაკსიმენკო - რუგინსი (78. სავალნიეკსი), ფერტოვსი, ისაიევსი - ლუკიანოვსი (81. რაკელსი), გუტკოვსკისი (69. საბალა), კარასაუსკასი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლატვიის ნაკრებმა პირველივე წუთიდან დაცვითი ტაქტიკა აირჩია. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და აქტიურად შეუტია. ვლადიმირ ვაისის გუნდი პირველ წუთებში ძირითადად მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორგი ნავალოვსკი და გიორგი ჩაკვეტაძე აქტიურობდნენ. პირველ 10 წუთში ლატვიელები საქართველოს ნაკრების ნახევარზე ფაქტობრივად, არც კი გადასულან. ბურთის დაკარგვის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები მეტოქის საჯარიმოსთანვე მიმართავდნენ პრესინგს და ბურთს მალევე იბრუნებდნენ. 15 წუთის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ბურთის ფლობის 75-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა!

პირველი სახიფათო მომენტი ლატვიელთა კართან მე-19 წუთზე შეიქმნა: ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგიდან კარგი დრიბლინგი განახორციელა, მისი ჩაწოდების შემდეგ მცველმა ბურთი ვაკო ყაზაიშვილისკენ მოიგერია, რომლის დარტყმული ვანინსის კარს მცირე მანძილით ასცდა.

ყაზაიშვილის დარტყმა 19'

ამის შემდეგ, ლატვიელებმა ერთი-ორჯერ კონტრშეტევის განხორციელება სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. საქართველოს ნაკრებმა მცირე პაუზა აიღო და ორიოდე წუთის შემდეგ ისევ განაგრძო შტურმი, თუმცა მეტოქის კართან საგოლე მომენტების შექმნა რთული იყო - ლატვიელები თავს მაქსიმალურად კომპაქტურად იცავდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს, ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა შორი მანძილიდან სცადეს გატანა, მაგრამ მათი დარტყმების შემდეგ ბურთს ლატვიელთა კიპერი იოლად დაეუფლა.

მატჩის მეორე ტაიმიც ზუსტად ისე დაიწყო, როგორც პირველი: საქართველოს ნაკრები უტევდა, ლატვიელები კი თავს იცავდნენ. თუმცა, 50-ე წუთიდან ლატვიის ნაკრების ფეხბურთელები გათამამდნენ, პრესინგს მიმართეს და 58-ე წუთზე სახიფათო მომენტიც შექმნეს - გუტკოვსკისმა თავით დაარტყა, ლორია ბურთს დაეუფლა.

გუტკოვსკისს ლორიამ აუღო 58'

ლატვიელთა მომენტის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ნერვიულობა და დაბნეულობა დაეტყო, ლატვიელები კი უფრო გათამამდნენ. ვაისის გუნდის იერიშები შედარებით ქაოსური გახდა. თუმცა, ქართველმა ფეხბურთელები მალევე დალაგდნენ და შტურმი განაგრძეს. ჯერ იყო ოქრიაშვილის დარტყმა შორი მანძილიდან (ბურთი მცირე მანძილით ასცდა ლატვიელთა კარს), შემდეგ კი გოლი, რომელიც არ ჩაითვალა - ჩაკვეტაძის კუთხურის შემდეგ კაშიამ თავით დაარტყა, კაჭარავამ ბურთს მიმართულება შეუცვალა და გაიტანა, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

კაჭარავამ ოფსაიდიდან გაიტანა 66'

68-ე წუთიდან ვაისის გუნდმა კიდევ უფრო მოუმატა! რეალური მომენტი ჰქონდა კანკავას, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა - ბურთი მცირე მანძილით ასცდა ვანინსის კარს.

კანკავასაც ცოტა დააკლდა 70'

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო. 76-ე წუთზე, ჩაკვეტაძემ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა უნაკლოდ შეასრულა!

1:0 ოქრიაშვილი (77'- პენალტით)

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. გამეორებაზე ჩანს, რომ ჩაკვეტაძემ ყველაფერი გააკეთა პენალტის მოსაპოვებლად, თუმცა, თუკი რომელიმე გუნდმა ამ თამაშის მოგება დაიმსახურა, პირველ რიგში ეს საქართველოს ნაკრებზე ითქმის. პენალტი, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო, მაგრამ მატჩის შედეგი ლოგიკურია!

მომენტი, რისთვისაც პენალტი დაინიშნა

ბოლო წუთებში ლატვიამ საქართველოს ნაკრებს ფაქტობრივად 2-წუთიანი შტურმი მოუწყო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ორი თამაშის შემდეგ, ვაისის გუნდს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია (ანდორის ნაკრები ყაზახეთს 10 სექტემბერს მასპინძლობს). საქართველოს ეროვნული გუნდი მესამე მატჩს 13 ოქტომბერს, თბილსში, ანდორასთან გამართავს.

ზედიზედ მეორე მატჩში გამარჯვება ბუნებრივია ყველას ძალიან გაუხარდა, მათ შორის თავად ნაკრების ფეხბურთელებსაც. ეს ვიდეო ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ფეისბუქის გვერდმა ახლახანს გაავრცელა და იგი გასახდელში, მატჩის შემდგომ განწყობას ასახავს:

საქართველოოო 💪🏻⚽️6 ქულა 👏🏻🇬🇪

Posted by Georgian Football Federation on კვირა, 09 სექტემბერი, 2018

სტადიონზე მისულმა ქომაგებმა განსაკუთრებული მხარდაჭერა გურამ კაშიას მისამართით გამოხატეს და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე ეს მოსალოდნელიც იყო. სპეციალურად მატჩისთვის მომზადებული პოსტერებიდან და სხვადასხვა სახის ატრიბუტიკიდან ტრიბუნებზე მხოლოდ გარკვეულმა ნაწილმა შეაღწია. ქომაგების დიდ ნაწილს სამკლავურები პოლიციამ შესასვლელშივე ჩამოართვა.

#გურამშენთანვართ

#გურამშენთანვართ

#გურამშენთანვართ

#გურამშენთანვართ

#გურამშენთანვართ

#გურამშენთანვართ

#გურამშენთანვართ

#გურამშენთანვართ

#გურამშენთანვართ

#გურამშენთანვართ

#გურამშენთანვართ

#გურამშენთანვართ

დაბრკოლებების მიუხედავად თანადგომის დაფიქსირება მაინც მოხერხდა, მატჩის დასრულების შემდეგ გურამმა საკუთარი მაისური ტრიბუნებისკენ, მადლობის ნიშნად ისროლა.

ვიდეო: ნიკოლოზ ბერაძე

 

კომენტარები

ბოლო ამბები