Thumbnail

ბორჯღალოსანთა პრობლემები მრავლდება: მიქაუტაძემ ხელი მოიტეხა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბორჯღალოსან მეორეხაზელს რამდენიმე თვე გაუცდება
  • საქართველოს ნაკრებში არნახულად ბევრი ტრავმირებულია

ძალიან უიღბლო პერიოდი უდგას ბორჯღალოსან ლეგიონერებს. ძნელი გასახსენებელია და ალბათ მსგავსი არც არაფერია გასახსენებელი: საქართველოს ნაკრების ერთდროულად ამდენი წამყვანი მორაგბე არასდროს ყოფილა დაშავებული.

ამდენი გულდასაწყვეტი მომენტი გადავიტანეთ ბოლო პერიოდში. ერთი-მეორის მიყოლებით ბორჯღალოსანთა ლიდერები ტრავმებს იღებდნენ, ოპერაციებს იკეთებდნენ და ჩვენ კი თვეებს ვითვლიდით - ვინ მოასწრებს იტალიასთან 10 ნოემბერს გასამართი ისტორიული მატჩისთვის მწყობრში ჩადგომას და ვინ - არა...

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ტრავმირებულთა ისედაც მრავალრიცხოვან სიას კოტე მიქაუტაძეც დაემატა. შაბათს, ბორდოსთან ფრანგული ტოპ 14-ის გასვლით მატჩში, ქართველი მეორეხაზელი თავისი მონპელიეს სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ უკვე მე-2 წუთზე მეტოქის ბოჭვისას უხერხულად დაეცა და ხელი იტკინა.

თამაში შეჩერდა, მინდორზე ექიმები შევიდნენ და მონპელიელთა შტაბს მაშინვე ანიშნეს, რომ ქართველი თამაშს ვეღარ გააგრძელებდა. მონპელიეს დამრიგებელმა ვერნ კოტერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მოტეხილობას ჰგავსო და ვშიშობ, ასეც არისო.

სამწუხაროდ, ახალზელანდიელი მწვრთნელის ვარაუდი გამართლდა: მიქაუტაძეს წინამხარი აქვს მოტეხილი და მსგავსი ტრავმის მოშუშებას რამდენიმე თვე სჭირდება ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ იტალიასთან და ზოგადად, შემოდგომის ტესტებზე ნაკრებს ვერც მიქაუტაძე დაეხმარება. ეს დიდი დანაკლისია როგორც ზოგადად გუნდისთვის, ისე კონკრეტულად მეორე ხაზისთვის, სადაც მაღალი დონის შემსრულებელთა ისედაც დიდი დეფიციტი გვაქვს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მოცემულ ეტაპზე სხვადასხვა ხარისხის ტრავმებს მკურნალობენ საქართველოს ნაკრების წევრები: კაპიტანი მერაბ შარიქაძე, მარცხენა ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და კარლენ ასიეშვილი, მარჯვენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა, მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე. ახლა უკვე კოტე მიქაუტაძეც...

 

კომენტარები

ბოლო ამბები