Thumbnail

US OPEN | ყველაზე სკანდალური ფინალი ისტორიაში! სერენამ ოსაკას ტრიუმფი ჩაუმწარა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნაომი ოსაკა - US Open-ის პირველი აზიელი ჩემპიონი
  • სერენამ არბიტრი სექსიზმში დაადანაშაულა
  • US Open-ის 5 ფინალიდან მამაკაცი მსაჯი მხოლოდ ქალთა საჩემპიონო მატჩზე დაინიშნა

აი, ამას კი ცოტა ვინმე თუ ელოდა! კი ბატონო, ჩოგბურთის სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების დიდი უმრავლესობა ნაომი ოსაკას პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევდა, მაგრამ ამ, პრო ტურში ჯერაც გამოუცდელ გოგონას, ამერიკის ღია პირველობის მოგებას პრაქტიკულად არავინ უწინასწარმეტყველებდა. ეს მეტისმეტად თამაში პროგნოზი იქნებოდა, მაგრამ პროგნოზი ერთია და რეალობა - სხვა...

ალბათ, სერენა უილიამსი ის ფიგურაა, რომლის მიმართაც დიდი პატივისცემით არათუ პერსონალური გულშემატკივრები და ახლობლები არიან განსჭვალულები, არამედ ნეიტრალური ხალხიც, იმდენად შთამბეჭდავია ამ ქალბატონის საჩოგბურთო კარიერა. სუპერვარსკვლავ დათაგან უმცროსს დიდი მიზნებიდან ერთადერთიღა დარჩა მისაღწევი - დიადთა შორის უდიადესის, ავსტრალიელი მარგარეტ კორტის ფანტასტიკური მიღწევის გამეორება და ოლიმპზე მის გვერდით დადგომა. კორტს კარიერაში დიდი სლემის სერიის ერთეულთა ყველაზე მეტი, 24 ტურნირი აქვს მოგებული, სერენას - 23. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სიდიადისკენ მიილტვის სერენა უილიამსი?! "ყველა დროის უძლიერესი" - ეს ხომ მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულების ხვედრია.

ახლა უშუალოდ ფინალზეც: მსოფლიო რეიტინგის მე-19 ნომერმა ნაომი ოსაკამ სერენა უილიამსი (26) ორ სეტში, 6:2, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად გახდა მეიჯორის გამარჯვებული. ეს ტრიუმფი 20 წლის იაპონელს კლასიფიკაციაში მნიშვნლეოვნად დააწინაურებს, მაგრამ მთავარი მაინც სხვაა - ოსაკა არის US Open-ის არათუ პირველი იაპონელი ჩემპიონი, არამედ პირველი აზიელი, ვინც ამერიკის ღია პირველობის საჩემპიონო, ვერცხლის უმძიმესი თასი აღმართა.

ფინალური მატჩი საათსა და 19 წუთს გაგრძელდა, მაგრამ ანგარიშისა და ხანმოკლეობის მიუხედავად, ძალიან დაძაბული გამოდგა. და ეს დაძაბულობა არა სპორტული ნიუანსების გამო სუფევდა, არამედ ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა. სერენა უილიამსმა საშეჯიბრო დისციპლინა არაერთხელ დაარღვია, რისთვისაც დაისაჯა კიდეც.

საინტერესოა, რომ მიმდინარე US Open-ის 5 ფინალიდან მხოლოდ ქალთა ტურნირის ფინალური მატჩის არბიტრად დაინიშნა მამაკაცი მსაჯი - კარლოს რამოსი. დანარჩენ ფინალებს ქალები უმსაჯებენ. და ისე მოხდა, რომ სერენა უილიამსმა რამოსი სექსიზმში დაადანაშაულა და მისი გადაწყვეტილებებით უკმაყოფილება ძალზე ემოციურ და ზღვარგადასულ ფორმებში გამოხატა, თუმცა პირველი გაფრთხილება და სასჯელი მან მწვრთნელის გამო მიიღო.

პატრიკ მურათოღლუმ მატჩის შემდეგ აღიარა, რომ ტრიბუნიდან სერენას მართლაც კარნახობდა: "სიმართლე ითქვას, ვცდილობდი მეკარნახა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი რჩევები თუ მითითებები სერენამდე მივიდა. აქვე ვიტყვი, რომ ოსაკას მწვრთნელი საშა ბაჟინი ჩემზე არანაკლებ აქტიური იყო, მაგრამ არბიტრს მხოლოდ ჩემი კარნახი ესმოდა. ფინალის ვარსკვლავიც ის იყო - კარლოს რამოსი".

ასეა თუ ისე, ამ კარნახით მხოლოდ სერენამ იზარალა - მიიღო გაფრთხილება. შემდეგ კი, ნერვები ვერ მოთოკა და ქულით დაისაჯა - ჩოგნის დამსხვრევისთვის. ხოლო როცა ანგარიში 4:3 იყო, ლეგენდარული ამერიკელი მსაჯის კოშკურასთან მივიდა და რეფერის ყველაფერი უთხრა, რასაც მასზე ფიქრობდა. ამისთვის უილიამსი უკვე გეიმის წაგებით დასაჯეს, რის შემდეგაც არბიტრს ყვირილი დაუწყო, სექსიზმში დაადანაშაულა და კორტზე ამერიკის ღია პირველობის მთავარ არბიტრს უხმო, მაგრამ ამ უკანასკნელმა კოლეგის მხარე დაიჭირა და სერენა საბოლოოდ აირია...

ნაომი ოსაკა კი უემოციოდ და მეთოდურად იგებდა ამ მატჩს. 6 ეისი სერენასთან შეხვედრაში, ერთადერთი ორმაგი შეცდომა და უნებლიე შეცდომების მინიმუმი - ეს წმინდა საჩოგბურთო ოსტატობასთან ერთად სტაბილურობის და დისციპლინირებულობის ნიშანია. გამორიცხულია, ეს წარმატება გამონათების ხასიათისა იყოს, ფაქტია, რომ მსოფლიო ჩოგბურთის ცის კაბადონზე ახალი ვარსკვლავი ამობრწყინდა - 20 წლის იაპონელი ნაომი ოსაკა!

აი, რა თქვა ნაომიმ ნამატჩევს, ბლიც-ინტერვიუში:

"აქ მოგებულ ფულს ოჯახს გავუგზავნი, ნათესავების ბედნიერება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა წავალ და გამოვიძინებ, ამ გამარჯვების განსაკუთრებულად აღნიშვნას არ ვაპირებ. შესაძლოა, ვიდეოთამაში ჩავრთო და ასე გავერთო. წვეულებების დიდი მოყვარული არ ვარ, თანაც ალკოჰოლს არ ვსვამ, არც გამისინჯავს - მე ხომ მხოლოდ 20 წლის ვარ".

კომენტარები

ბოლო ამბები