Thumbnail
  • უილიამსის და ოსაკას ერთადერთი შეხვედრა იაპონელმა მოიგო
  • სერენა მარგარეტ კორტთან გათანაბრებას მეორედ ეცდება

ესეც US Open-ის 2018 წლის ფინალისტები: სერენა უილიამსი (26) და… ნაომი ოსაკა (19). ცხადია, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი არათუ ჩოგბურთელის, არამედ ზოგადად სპორტსმენის - სერენა უილიამსის ფინალისტობა გასაკვირი მხოლოდ იმიტომ შეიძლება იყოს, რომ შარშანდელი სეზონი ფეხმძიმობისა და მშობიარობის გამო პრაქტიკულად სრულად გამოტოვა, და პირობითად იმიტომაც, რომ ნახევარფინალისტთა შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ახალგაზრდა იაპონელის მონაწილეობა მეიჯორის მთავარ მატჩში მართლაც სენსაციაა, თან მრავალი მიზეზის გამო.

ნაომი ოსაკა 20 წლისაა და მისი ბოლოდროინდელი კარიერული წინსვლა თვალშისაცემია. წლის დასაწყისში იაპონელი ავსტრალიის ღია პირველობის მე-4 წრემდე მივიდა, მარტში კი ნამდვილი ფურორი მოახდინა, როცა ინდიან უელსის მასტერსი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და ჩოგბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც მასტერსების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული. თანაც ეს წარმატება იმიტომ იყო სენსაციური, რომ ნაომის WTA ტურის სხვა ტიტული არც მანამდე მოუპოვებია და არც მას მერე. პირველივე ტიტული - უპრესტიჟულესი ინდიან უელსის ჩემპიონობა!

დასაწყისიც ასეთი უნდა. ახლა კი ოსაკა თავის ჯერაც ხანმოკლე კარიერაში პირველ ფინალს უკვე დიდი სლემის სერიის ტურნირშიც ითამაშებს. მართლაც ფანტასტიკური, თავბრუდამხვევი პროგრესი აქვს.

გასაგებია, რომ ნაომი ოსაკა სულაც არ იყო ფავორიტი წუხანდელ შეხვედრაში, რადგან მისი მეტოქე შარშანდელი ფინალისტი, ამერიკელი მედისონ კიზი გახლდათ, მაგრამ იაპონელმა პირველ სეტში ორჯერ დააბრეიკა მოწინააღმდეგე და 6:2 მოიგო, მეორე პარტიაში კი კიზის მოწოდებაზე პირველივე გეიმი მოიგო და თამაში საბოლოო გამარჯვებამდე აკადემიურად მიიყვანა - 6:4.

თუკი ნაომი მეიჯორის ფინალში პირველად გავიდა, სერენასთვის ეს დიდი სლემის სერიის ტურნირის მოგების 31-ე (!) მცდელობა იქნება, ხოლო წარმატების შემთხვევაში უილიამსთაგან უმცროსი და 24-ე ტიტულს მოიპოვებს! და თუ სერენა ამას მართლაც შეძლებს, დიდი სლემის სერიის ტურნირების ერთეულთა თანრიგში მოპოვებული ტიტულების რაოდენობით ლეგენდარულ ავსტრალიელ მარგარეტ კორტს გაუთანაბრდება, ანუ გახდება ყველაზე ტიტულოვანთა შორის ყველაზე ტიტულოვანი, თუნდაც კორტთან ერთად. დიად ამერიკელს ივლისის პირველ ნახევარშიც ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ უიმბლდონის ფინალში ანგელიკე კერბერის საშინელი ძალის დარტყმებს ვერ გაუმკლავდა…

ნახევარფინალში კი სერენა უილიამსმა ლატვიელი ანასტასია სევასტოვა 1 საათსა და 5 წუთში 6:3, 6:0 გაანადგურა, თან იმის ფონზე, რომ მეტოქეზე გაცილებით მეტი (20:12) უნებლიე შეცდომა დაუშვა. უბრალოდ, ეს სერენაა, ვინც კლასის ხარჯზე ნებისმიერ კარგ და ძალიან კარგ ჩოგბურთელსაც აღემატება, და თუ ფორმაშია, მაშინ მას კონკურენტი საერთოდ არ ჰყავს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ფინალში 36 წლის სერენა უილიამსი 24-ე ტიტულისთვის იბრძოლებს, 20 წლის ნაომი ოსაკა - პირველისთვის. აქამდე მათი გზები ერთადერთხელ გადაკვეთილა: მარტში, მაიამის მასტერსის პირველივე წრეში იაპონელმა 6:3, 6:2 იმარჯვა.

ფინალი ხვალ ღამის 12 საათზე დაიწყება.

US OPEN | კიზი - იოლად, ოსაკა - უიოლესად

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • რაფაელ ნადალი
  • ხუან მარტინ დელ პოტრო

კომენტარები

ბოლო ამბები