Thumbnail

ერთა ლიგის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ყაზახეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა და D დივიზიონის პირველ ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა თამაში შეაფასა და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა...

სტოილოვი: დასანანია, რომ დავმარცხდით. გოლები შეცდომების გამო გავუშვით. არ გვეყო თავდაჯერება და აგრესია შეტევით ფაზაში. 

მთლიანობაში თუ მოგეწონათ თამაში?

სტოილოვი: კარგი მომენტები ცოტა გვქონდა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლი გავუშვით. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ თავდაჯერება გვაკლდა.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ყაზახეთის ნაკრების პრობლემა ყაზახური კლუბები არიან, რომლებიც ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს მცირე სათამაშო დროს აძლევენ?

სტოილოვი: ჩემზე უკეთ იცით ვითარება. არაერთხელ მითქვამს, რომ მხოლოდ კლუბების გვერდში დგომით არის შესაძლებელი ძლიერი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება. ფეხბურთელები შებოჭილად გრძნობდნენ თავს და ბოლომდე ვერ გაიხსნენ. აუცილებლად მოვუმატებთ და მომავალში უკეთ ვითამაშებთ.

რა პერსპექტივა აქვს ყაზახეთის ნაკრებს ერთა ლიგაში?

სტოილოვი: ვიცოდი, რომ რთული მატჩი გველოდა და შეიძლება ვერც მოგვეგო. ამიტომ, კონტრშეტევაზე მინდოდა თამაშის აწყობა, მაგრამ არ გამოვიდა. შანსები? საქართველოს ნაკრები ფავორიტად რჩება, ჩვენ კი ჯერ თამაში უნდა მოვიგოთ. ომი არ წაგვიგია, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები