Thumbnail

ვლადიმირ ვაისი: 'ეს მხოლოდ დასაწყისია, ვემზადებით ლატვიასთან მატჩისთვის!'

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია ყაზახეთთან მატჩის შემდეგ
  • საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: 'სახლში ბედნიერები ვბრუნდებით!'

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა გასვლაზე ყაზახეთი დაამარცხა, 2:0. საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვაისმა თამაში შეაფასა და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა...

ვაისი: დამსახურებული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. ყაზახეთმა კარგად დაიწყო თამაში, შემდეგ კი ჩვენ მოვიპოვეთ უპირატესობა და თამაშზე კონტროლი დავაწესეთ. კარგად ვმოქმედებდით, თუმცა უკეთ შეგვიძლია თამაში და ვალდებულიც ვართ, რომ მივუმატოთ. გვქონდა მომენტები და შეგვეძლო, რომ უფრო ადრე გადაგვეწყვიტა მატჩის ბედი. დაღლილები და ბედნიერები ვბრუნდებით სახლში.

ბაურჟან ისლამხანი თქვენი თავკაცობით უკეთ თამაშობდა...

ვაისი: ჩემი საქმე არაა ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელების შეფასება. ისლამხანმა კარგად ითამაშა და მასზე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. ჩვენ მოვემზადეთ ბაურჟანის წინააღმდეგ სათამაშოდ და პერსონალურ მეურვედ ჯაბა კანკავა მივამაგრეთ. ყაზახეთის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და აქ იოლი გასეირნება არავის ელოდება.

თქვენთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა სტანიმირ სტოილოვის დამარცხებას?

ვაისი: მე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მომიგია სტოილოვთან და წამიგია კიდეც, ეს ხომ ფეხბურთია. ყაზახეთი უკეთ ითამაშებს და ველოდებით თბილისში.

როგორ შეაფასებთ გიორგი ჩაკვეტაძის თამაშს?

ვაისი: მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ძალიან ახალგაზრდაა და უდიდესი შესაძლებლობები აქვს. გიორგის შეუძლია, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს. ჩაკვეტაძისთვის არ იყო ადვილი თამაში, რადგან მუდმივი პრესინგის ქვეშ იყო. მიუხედავად ამისა, თავი კარგად წარმოაჩინა.

როგორი განწყობით ხვდებით ლატვიასთან შეხვედრას? 

ვაისი: მატჩის შემდეგ, გასახდელშივე ვუთხარი ფეხბურთელებს: შხაპს მივიღებთ, შევჭამთ და ვიწყებთ ლატვიასთან მატჩისთვის მზადებას. უნდა აღვიდგინოთ ძალები და მეორე მატჩს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ. მიხარია ფეხბურთელების გამო, რომლებიც არასდროს ასე გახარებულები არ ყოფილან გასახდელში, როგორც დღევანდელი მატჩის შემდეგ.

რითი გაგაგკვირვათ ყაზახეთის ნაკრებმა?

ვაისი: ყაზახეთმა კარგად ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშა და პრესინგიც აქტიურად გამოიყენა. ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალურმა ოსტატობამ თავისი როლი ითამაშა და გაგვიმართლა, რომ გოლები გავიტანეთ. ჩვენ ვითამაშეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მოუმატებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები