Thumbnail

ჩაკვეტაძის ისტორიული გოლი - საქართველომ ერთა ლიგა მოგებით დაიწყო!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში ყაზახეთს სტუმრად მოუგო და ტურნირი უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით დაიწყო.

შემადგენლობა

როგორც მოსალოდნელი იყო, ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია. კარში როინ კვასხვაძეს გიორგი ლორია არჩია, რომელსაც ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა აკლია. დაცვაში მოსალოდნელი ოთხეული ვიხილეთ: მარჯვნივ ოთარ კაკაბაძე, მარცხნივ გიორგი ნავალოვსკი, ხოლო ცენტრში გურამ კაშია და საბა კვირკველია. საყრდენ ხაზს ჯაბა კანკავასთან ერთად ნიკა კვეკვესკირი ამაგრებდა და არა ვაკო გვილია - ვაისის გადაწყვეტილება შესაძლოა იმით ავხსნათ, რომ კანკავა და კვეკვესკირი ტობოლში ერთად თამაშობენ და შეთამაშებულები არიან.

წინა ხაზზე ვაკო ყაზაიშვილის და გიორგი ჩაკვეტაძის გამოჩენა მოსალოდნელი იყო, მათთან ერთად კი ძირითად თერთმეტეულში გიორგი მერებაშვილი ვიხილეთ. შესაბამისად, თადარიგში დარჩნენ კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი და არაბიძე. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი გიორგი ქვილითაია გახლდათ, ნიკა კაჭარავა თადარიგში დარჩა ლევან მჭედლიძე კი განაცხადშიც ვერ მოხვდა.

პირველი ტაიმი

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველი საგოლე მომენტი ყაზახებს ჰქონდათ, როდესაც მსაჯმა საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დანიშნა. სტანდარტი ბაურჟან ისლამხანმა შეასრულა და მცირე მანძილით ააცილა ბურთი კარს.

მე-20 წუთზე ნიკა კვეკვესკირმა დაარტყა შორიდან და ყაზახეთის ნაკრების მეკარემ პირველად მოიგერია ბურთი, თუმცა რეალური საგოლე მომენტი საქართველოს ნაკრებს 25-ე წუთზე ჰქონდა: გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, გიორგი ნავალოვსკი აღმოჩნდა ბრწყინვალე პოზიციაზე, თუმცა დარტყმა არ გამოუვიდა და 100%-იანი მომენტი გაფუჭდა.

31-ე წუთზე უკვე ყაზახებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა: მარცხენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ, გიორგი ლორია უხეშად შეცდა, თავური დარტყმის შემდეგ კი ბურთი კარის ხაზიდან გიორგი ნავალოვსკიმ გამოიტანა. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრები აშკარა გოლს გადაურჩა. 

მეორე ტაიმი

მეორე ტაიმის პირველ ნახევარში სახიფათო მომენტები არ შექმნილა. 65-ე წუთზე ვლადიმირ ვაისმა გიორგი ქვილითაია გაიყვანა და მის ნაცვლად ვაკო გვილია ჩართო თამაშში. ცენტრფორვარდის პოზიციაზე ყაზაიშვილმა აინაცვლა და ქვილითაიას ადგილი დაიკავა. ცვლილებიდან 5 წუთიც არ იყო გასული, როდესაც საქართველოს ნაკრებმა გახსნა ანგარიში...

მარცხენა ფრთაზე ბურთი გიორგი ჩაკვეტაძემ მიიღო, ცენტრისკენ დაიძრა, გზად მცველს აუარა გვერდი და უძლიერესი დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა, 0:1.

0:1 გიორგი ჩაკვეტაძე (69)

კიდევ 5 წუთი გავიდა და საქართველოს ნაკრებმა მეორე გოლი გაიტანა. ამჯერადაც, ეპიზოდის მთავარი გმირი გიორგი ჩაკვეტაძე გახლდათ, რომელმაც შესანიშნავად განვითარა იერიში და ვაკო ყაზაიშვილი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე. ვაკოს დარტყმის შემდეგ, ბურთი მეკარემ მოიგერია, თუმცა ბურთი ყაზახ მცველს, სერგი მალის მოხვდა და ბადეში გაეხვა, 0:2.

0:2 სერგი მალი (74-საკ. კარში)

დარჩენილ დროში რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა გოლი აღარ გასულა და საქართველოს ნაკრებმა სამი ქულა მოიპოვა. წინ მეორე მატჩია: 9 სექტემბერს, დინამო არენაზე საქართველოს ნაკრები ლატვიას უმასპინძლებს.

ყაზახეთი 0:2 საქართველო

გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (74-საკ. კარში)

ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი (76. ტურიშბეკი), მუჟიკოვი, ისლამხანი (81. ზაინუდტონოვი), ჟუკოვი, შეტკინი, მურტაზაევი (88. სეიდახმეტი), შომკო, ბეისებეკოვი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (84. ხოჭოლავა), ჩაკვეტაძე (75. ოქრიაშვილი), მერებაშვილი, ქვილითაია (65. გვილია) 

კომენტარები

ბოლო ამბები