Thumbnail
  • 20 წლის ნაომი ოსაკამ ლესია ცურენკოს 2 გეიმი დაუთმო
  • მედისონ კიზი ზედიზედ მეორე ნიუიორკულ ფინალს უმიზნებს

ხვალ დილით US Open-ის ქალთა ტურნირის ფინალისტების ვინაობა გვეცოდინება: ამერიკელი სერენა უილიამსი (26-ე მსოფლიო რეიტინგში) ლატვიელ ანასტასია სევასტოვას (18) გაეჯიბრება, ხოლო მეორე ამერიკელი, მედისონ კიზი (14) - იაპონელ ნაომი ოსაკას (19). საოცარი ფაქტია - უძლიერესთა კვარტეტში რეიტინგის ტოპ 10-ის ერთი წევრიც არაა, თუმცა, ნახევარფინალში მოულოდნელი ხალხიაო, ამასაც ვერავინ იტყვის. სხვა თუ არაფერი, იგივე სერენა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში აქამდე 11-ჯერაა ნამყოფი და ამ მცდელობებს 6 ტიტულიც მოჰყვა; მედისონ კიზი შარშანდელი ფინალის მონაწილეა; სევასტოვა შარშან და შარშანწინ “ფლაშინგ მიდოუსზე” მეოთხედფინალში გადიოდა...

აი, ამ ოთხეულში ყველაზე ახალგაზრდა, 20 წლის ოსაკა კი პროფესიონალებში მხოლოდ მე-4 სეზონს ატარებს და US Open-ის ნახევარფინალში გასვლა მისი კარიერის ჯერჯერობით უმაღლესი მიღწევაა, თუ ინდიან უელსის მასტერსის მოგების მნიშვნელობას ოდნავ შევამცირებთ. დიახ, იაპონელი დიდ პროგრესს განიცდის და მიმდინარე მეიჯორზე მას ერთადერთი სეტი თანატოლმა და ასევე საოცარი პროგრესის ტალღაზე მყოფმა ბელარუსმა არინა საბალენკამ აართვა. ეს მე-4 წრეში მოხდა, თუმცა ნახევარფინალში ნაომი ძალიან იოლად გავიდა - გამოცდილი ლესია ცურენკო 59 წუთში გააცამტვერა. უკრაინელმა მხოლოდ 2 გეიმის მოგება მოახერხა, მეტის ვერა…

ამასთან, არც მედისონ კიზს უწვალია მაინცდამაინც: კარლა სუარეს ნავარო ამერიკელს 2 სეტში დანებდა. პირველ სეტში კიზმა ბრეიკი გადამწვეტ, მე-10 გეიმში გაახერხა და დაწინაურდა, ხოლო მეორე პარტიაში 30 წლის ესპანელს მოწოდება მე-6 გეიმში აართვა და საქმე მშვიდად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე - 6:4, 6:3 საათსა და 24 წუთში.

სერენასა და სევასტოვას ნახევარფინალური მატჩი 7 სექტემბერს 03:00-ზე დაიწყება, ხოლო კიზისა და ოსაკას შეხვედრის სავარაუდო დასაწყისად დილის 4 საათი და 30 წუთია გამოცხადებული, თუმცა ზუსტი დრო წინა მატჩის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული.

US OPEN | სერენა უილიამსი ნახევარფინალშია და ფავორიტის სტატუსი დაიბრუნა!

კომენტარები

ბოლო ამბები