Thumbnail
  • როგორ ფორმაშია საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ
  • რომელ რგოლში უჭირს ვლადიმირ ვაისის გუნდს

6 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ახალ ტურნირს, უეფას ერთა ლიგას ახალი იმედებით იწყებს. ყაზახეთის ნაკრებთან თამაშისთვის ვლადიმირ ვაისმა გუნდი 25 ფეხბურთელისგან შეადგინა. ვნახოთ, როგორ ფორმაშია სლოვაკი მწვრთნელის ქართული კრებული...

მეკარეები

გიორგი ლორია - 42 თამაში

როინ კვასხვაძე - 7 თამაში

ლაზარე კუპატაძე - დებიუტანტი

ვაისის სიაში სულ ორი ფეხბურთელია ეროვნული ლიგიდან და ორივე მეკარეა. დიდი ალბათობით, ყაზახეთთან სრულად ლეგიონერებით დაკომპლექტებული გუნდით ვითამაშებთ, რადგან თავად ვაისმა განაცხადა, რომ მისთვის ნომერ პირველი მეკარე გიორგი ლორიაა, რომელსაც საკმარისი სათამაშო პრაქტიკა ამ ეტაპზე არ აქვს. 

32 წლის ლორიამ ზაფხულში კლუბი შეიცვალა - ანჟიდან კრილია სოვეტოვში დაბრუნდა, თუმცა მოედანზე ბოლოს 21 აპრილს ვიხილეთ. ივლისიდან მოყოლებული ლორიას ოფიციალურ მატჩებში ნული თამაში აქვს. 

საქართველოს ნაკრების მეკარეები გუშინდელ ვარჯიშზე

სამაგიეროდ, დატვირთული ზაფხული ჰქონდა ქუთაესელთა გოლკიპერს, 29 წლის როინ კვასხვაძემ ივლისიდან მოყოლებული ეროვნულ ლიგასა და ევროთასებზე 10 თამაში გამართა. მან 15 გოლი გაუშვა, რაც საკმაოდ ბევრია.

ლაზარე კუპატაძე ვაისის სიურპრიზია - 22 წლის მეკარე გუნდში მაკარიძის ტრავმის წყალობით მოხვდა და თუ ითამაშებს, ეს მისი დებიუტი იქნება ეროვნულ გუნდში. საბურთალოს გოლკიპერი აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებში იყო. ივლისიდან მოყოლებული, მან 6 თამაში ითამაშა და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.

დასკვნა

ლორიას მწვრთნელის ნდობა აქვს, მაგრამ არ აქვს პრაქტიკა, რაც მეკარისთვის შესაძლოა, დამღუპველიც კი გამოდგეს. კვასხვაძეს სათამაშო პრაქტიკა უხვად ჰქონდა, თუმცა ვაისს, როგორც ჩანს, მის კლასსა და სანდოობაზე კითხვები აქვს. 

მცველები

ოთარ კაკაბაძე - 17 თამაში

საბა კვერკველია - 29 თამაში

დავით ხოჭოლავა - 11 თამაში

გურამ კაშია - 64 თამაში, 2 გოლი

ლაშა შერგელაშვილი - 7 თამაში

გიორგი ნავალოვსკი - 31 თამაში

ჯიმი ტაბიძე - 6 თამაში, 1 გოლი

აგვისტოს ბოლოს ერთი იძულებითი ცვლილება გაკეთდა - ტრავმირებული ლაშა დვალის ნაცვლად ნაკრებში ლაშა შერგელაშვილი გამოიძახეს. 

დაცვის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი გურამ კაშია ამერიკაში გადაბარგდა. მან სან ხოსეს რიგებში 8 თამაში ითამაშა. კაშიას სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. საბა კვერკველიამ რუსეთის ჩემპიონატში 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა. მედიაში გავრცელებული ხმების მიუხედავად, კვერკველია ინგლისის პრემიერლიგაში არ გადასულა. სულ თამაშობს კიდევ ერთი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავაც. მან შახტარის რიგებში 7 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლიც გაიტანა. უკრაინაში მოთამაშე ქართველ ლეგიონერს ნაკრების სასტარტოში მოხვედრის ამბიცია სრულიად დამსახურებულად აქვს.

22 წლის ჯიმი ტაბიძემ უფას რიგებში 3-ჯერ ითამაშა შეუცვლელად. ლაშა შერგელაშვილმა ლატვიის ჩემპიონატში ივლისიდან 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა, ლატვიის თასის ერთ თამაშში კი დუბლიც შეასრულა. 

რაც შეეხება გამოკვეთილ ფლანგის მცველებს, გუნდში ასეთი სულ ორია. ოთარ კაკაბაძისგან ლა ლიგის კლუბში ტრანსფერს ველოდით, ის კი ლუცერნში აღმოჩნდა, სადაც ჯერ არ უთამაშია. კაკაბაძემ ხიმნასტიკში 2 თამაშში მიიღო მონაწილეობა. კლუბი შეიცვალა გიორგი ნავალოვსკიმაც - მინსკის დინამოში გადაბარგდა. ბელარუსის ჩემპიონატსა და თასზე მან 2-2 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთხელაც - ევროთასზე. ასე რომ, ნავალოვსკის სათამაშო პრაქტიკა არ აკლია.

დასკვნა 

ნაკრების მცველები ურიგო ფორმაში არ არიან. გვაფიქრებს ნაკლები სიღრმე დაცვის ფლანგებზე (მაგალითად, კაკაბაძის შეცვლა ერთი ნახევარმცველ ჯაბა ჯიღაურს თუ შეუძლია). დაცვის ცენტრში კი კონკურენციაც კი გვაქვს. 

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა - 73 თამაში, 7 გოლი

ნიკა კვეკვესკირი - 15 თამაში

გიორგი აბურჯანია - 10 თამაში

ვაკო გვილია - 13 თამაში, 1 გოლი

ოთარ კიტეიშვილი - 5 თამაში

გიორგი პაპუნაშვილი - 8 თამაში, 1 გოლი

გიორგი მერებაშვილი - 28 თამაში, 1 გოლი

გიორგი არაბიძე - 4 თამაში, 3 გოლი

გიორგი ჩაკვეტაძე - 1 თამაში, 1 გოლი

თორნიკე ოქრიაშვილი - 33 თამაში, 8 გოლი 

ვაკო ყაზაიშვილი - 33 თამაში, 8 გოლი

ჯაბა ჯიღაური - 12 თამაში

ვაკო ყაზაიშვილი შესაშურ ფორმაშია

შედარებით სიღრმიდან მოთამაშე ნახევარმცველებში ასეთი ვითარებაა - გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახურ კლუბში ხშირად თამაშობს (8 მატჩი ივლისიდან მოყოლებული ჩემპიონატში), მას ხშირად ასახელებენ ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში. მისი გუნდელი ტობოლში ნიკა კვეკვესკირი კი მართალია, სათამაშო პრაქტიკის უქონლობას არ უჩივის (7 მატჩი ივლისიდან), მაგრამ ორჯერ შეცვლაზე შევიდა. ვაკო გვილიამ შვეიცარიის ახალდაწყებულ ჩემპიონატში 5 თამაშში 1 გოლი გაიტანა. გიორგი აბურჯანიამ კლუბი გამოიცვალა და ლუგოში თამაში დაიწყო - 3 თამაშში 1 გოლი გაიტანა. აბურჯანია ნელნელა შედის ფორმაში.

გადავიდეთ უფრო შემტევ ნახევარმცველებზე - ვაკო ყაზაიშვილი შესანიშნავ ფორმაშია - ივლისიდან ამერიკაში 11 თამაშში 6 გოლი გაიტანა. აი, თორნიკე ოქრიაშვილს კი ჯერ სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვს, ხანგრძლივი ტრავმის მერე დაბრუნებული ნახევარმცველის ანგარიშზე მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში და სარეზერვო გუნდში ჩატარებული თამაშებია. დავუმატოთ ამას "ასტანა არენას" ხელოვნურსაფარიანი მოედანი... თუმცა, აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ოქრიაშვილი ეროვნულ ნაკრებში ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობს ხოლმე - მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სათამაშო პრაქტიკა კლუბში.

გამოკითხვა

როგორ დასრულდება ყაზახეთი V საქართველო?

  • ყაზახეთი მოიგებს
  • ფრე
  • საქართველო მოიგებს

გიორგი არაბიძეს ოჯახურმა სიტუაციამ ახალ კლუბ ნასიონალში ჯერ მხოლოდ 2 თამაში ჩაატარებინა და ჯერ შორს არის სათანადო ფორმისგან. გიორგი პაპუნაშვილიც ამ ზაფხულს მცირე ტრავმას მკურნალობდა. მის ანგარიშზე მხოლოდ 30 წუთია სარაგოსას შემადგენლობაში. გიორგი მერებაშვილი მძიმე ტრავმის მერე დაბრუნდა - 7 თამაშში 1 გოლიც გაიტანა და ... ისევ დაიმტვრა. საბედნიეროდ, ბოლო ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა, ბოლო ტურში მან საგოლე პასიც მიითვალა. 

ოთარ კიტეიშვილი ახალ გუნდში კარგად ათამაშდა, შტურმში მან 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჯაბა ჯიღაური გრენობლის ახალწვეულია - მან 4 თამაშში ითამაშა, მაგრამ ჯამში მხოლოდ 118 წუთი გაატარა მოედანზე. გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ერთ-ერთი ლიდერია - მან 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა ჩემპიონატში და ევროთასებზეც ითამაშა. 

პაპუნაშვილსა და ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა აკლიათ

დასკვნა

4-5 ნახევარმცველს სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. უცნაურია, მაგრამ ბევრს გუნდში ყველაზე მეტად იმ ფეხბურთელის ეიმედება, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 1 მატჩი აქვს გამართული - 18 წლის გიორგი ჩაკვეტაძეს ვგულისხმობთ. ვფიქრობთ, მას დიდი შანსი აქვს, ყაზახეთთან მატჩი სასტარტოში დაიწყოს. სამი ნახევარმცველი კარგად იცნობს ყაზახურ ფეხბურთს, რაც უდავოდ პლუსია. 

თავდამსხმელები

ლევან მჭედლიძე - 30 თამაში, 2 გოლი

გიორგი ქვილითაია - 14 თამაში, 4 გოლი

ნიკა კაჭარავა - 12 თამაში, 1 გოლი

თავდასხმაში დიდი სიხალვათეა (შესაძლოა, ვაკო ყაზაიშვილმა ცრუ-ცენტრფორვარდად ითამაშოს. კიდევ უფრო ნაკლებ მოსალოდნელია არაბიძის წინ წაწევა). მჭედლიძე, კაჭარავა, ქვილითაიას სამეულს ჯამში სულ 2 გოლი აქვს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მატჩებში გატანილი. ლევან მჭედლიძის დაბრუნება გვახარებს, მაგრამ მას ოფიციალური მატჩი 2017 წლის აპრილის (!) მერე არ უთამაშია.

ლევან მჭედლიძეს 16 თვეა, რაც ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია

ტრავმა ახლახან მოიშუშა გენტის ახალწვეულმა გიორგი ქვილითაიამ. კიდევ კარგი, გიორგიმ ეგრევე დაიწყო გოლების გატანა - ოფიციალურად სულ 8 წუთი ითამაშა და 2 გოლის გატანა მაინც მოასწრო, თორემ შეტევის ხაზში კატასტროფული მდგომარეობა გვექნებოდა.

კაჭარავას კვიპროსულ ტრანსფერს წინგადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩავთვლით, იქ ჩემპიონატი გვიან დაიწყო, ასე რომ ნიკამ სულ 9 წუთი ითამაშა ოფიციალურ მატჩებში (სამ ფორვარდზე ჯამში 17 ნათამაშები წუთი).

დასკვნა

ამ რგოლში კიდევ უფრო უარესად გვაქვს საქმე, ვიდრე მეკარეებში. მჭედლიძის თამაში ხელოვნურ საფარზე საეჭვოა, ისევე, როგორც მისი კონდიციები. ქვილითაიას 90 წუთი თამაში უნდა გაუჭირდეს. მოკლედ, ვაისს ძალიან ბევრი აქვს საფიქრალი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

გამოკითხვა

რამდენ გოლს გაიტანს საქართველოს ნაკრები?

  • ერთი
  • ორი
  • სამი
  • ოთხი
  • ვერ გაიტანს

კომენტარები

ბოლო ამბები