Thumbnail

ბასილაშვილის თამაშის გარჩევა და დეტალური ანალიზი | ინტერვიუ გიორგი ჭანტურიასთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გიორგი ჭანტურია ვეტერანი ქართველი ჩოგბურთელია
  • გაეცანით მის კომპეტენტურ მოსაზრებებს ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა US Open-ზე შესანიშნავად იასპარეზა. ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში გავიდა, სადაც რაფაელ ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა. ბასილაშვილის წარმატებას დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ბასილაშვილი-ნადალის პაექრობაზე და ზოგადად, ქართველი ჩოგბურთელის ბოლოდროინდელ პროგრესზე გიორგი ჭანტურიას ვესაუბრეთ, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, თავის დროზე კი საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების წევრი იყო. 2007 წელს, გიორგიმ დევისის თასზე ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ ითამაშა. დღეს, გიორგი ჭანტურიას ჩოგბურთის ექსპერტი შეგვიძლია ვუწოდოთ, მის საინტერესო ანალიზს კი ქვემოთ გაეცნობით. გიორგი ჭანტურია ნადალი-ბასილაშვილის თამაშს დაესწრო და მისი შთაბეჭდილებებიც განსაკუთრებულად საინტერესოა...  

POPSPORT: როგორ შეაფასებ ნიკოლოზ ბასილაშვილის შეხვედრას რაფაელ ნადალთან?

ჭანტურია: გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ბასილაშვილი ნადალს დაუპირისპირდებოდა. ნიკა 1/8 ფინალში გავიდა, რაც უკვე კარგი შედეგი იყო და თუ უძლიერეს ჩოგბურთელთან ცდიდა ბედს, ამით მხოლოდ მოიგებდა. ვფიქრობდი, რომ დიდი სამეულიდან (ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი) ნიკა ყველაზე მეტ პრობლემას ნადალს შეუქმნიდა. თუმცა, ეს სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი ურთულესი, რადგან ჩვენ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელზე და ზოგადად, სპორტსმენზე ვსაუბრობთ. პერიოდულად, დიდ ჩოგბურთელებთან იგებენ ქვედა ათეულის წევრები, მაგრამ უფრო ხშირად ეს 3-სეტიან მატჩებში ხდება და სადაც 5 სეტია სათამაშო, იქ სენსაციის მოხდენის ალბათობა ძალიან დაბალია. მინდოდა ნიკას კარგად ეთამაშა და ასეც მოხდა, თუმცა გულის სიღრმეში, მოგების იმედიც მქონდა.

POPSPORT: რა ძირითად ასპექტებს გამოარჩევ ნიკოლოზ ბასილაშვილის თამაშში?

ჭანტურია: თუ ნადალის კარიერის ბოლო 15 წელს გავიხსენებთ, მას აქვს რამდენიმე მარცხი რეიტინგის 20-ეულს ქვემოთ მყოფ ჩოგბურთელებთან. დიდი შლემის ტურნირებზე ეს ხდება დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ. ნადალი სენსაციურად დამარცხდა ლუკას როსოლთან, დასტინ ბრაუნთან, გილ მიულერთან და რობინ სოდერლინგთან. ყველა ეს ჩოგბურთელი ნადალთან შეხვედრაში ბრწყინვალედ აწვდიდა და აქტიურად უტევდა.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • რაფაელ ნადალი
  • ხუან მარტინ დელ პოტრო

ნიკას ამ გამოცდილებით შეეძლო თავისი თამაშის სტრატეგიის აწყობა და ნაწილობრივ, ეს ასეც მოხდა. ნიკამ კარგად დაიწყო თამაში, მაგრამ 3:3-ზე (0:30 ნადალის მოწოდებაზე) ვერ მოახერხა შანსების გამოყენება და სეტი წააგო. ბასილაშვილს რომ როგორმე პირველი სეტი მოეგო, დიდი ალბათობით მეხუთე სეტსაც ვიხილავდით. ნიკას შანსი პირველი სეტის მოგებაში იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ნადალი დაწინაურდა. როდესაც რაფამ მეორე სეტიც მოიგო, ნიკას სასწაული თუ უშველიდა, რადგან ესპანელს კარიერაში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული მას შემდეგ, რაც 2:0 დაწინაურდა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ბასილაშვილს წარმატების მისაღწევად ძლიერი მოწოდება სჭირდებოდა და ეს ნიკამ კარგად იცოდა. ამიტომ იყო, რომ მისი მოწოდების საშუალო სიჩქარეზე ბევრად ძლიერად აწვდიდა. თუმცა, პირველი მოწოდების სიზუსტემ უმტყუნა: 65%-70% მაინც უნდა ყოფილიყო ზუსტი, მაგრამ სამწუხაროდ, ზუსტი მხოლოდ 56% გამოდგა. რაც ნიკამ ბრწყინვალედ გააკეთა, ეს იყო ნადალზე უკანა ხაზიდან იერიშის მიტანა და სწორედ ამის ხარჯზე მოიგო მესამე სეტი. ნადალის უკან დახევით, ბასილაშვილმა კორტი გახსნა და ბრწყინვალე დარტყმები შეასრულა. მოულოდნელად, ნიკამ ბევრჯერ ჩააგდო ესპანელი დაუცველ მდგომარეობაში.

ბასილაშვილი-ნადალის მატჩის მიმოხილვა

POPSPORT: რა შეცდომები დაუშვა ნიკამ, რა კომპონენტებზე აქვს სამუშაო და როგორ შეაფასებ მისი ახალი მწვრთნელის მუშაობას?

ჭანტურია: შეცდომას ვერ ვუწოდებ იმას, რომ ნიკა ცდილობდა ძლიერი პირველი მოწოდება ჰქონოდა. მართალია, ბევრი მოწოდება გააფუჭა, მაგრამ თვითონ  გადაწყვეტილება სწორი იყო. ვფიქრობ, პირველი სეტის შუაში ნიკას მეტი აგრესიით უნდა ეთამაშა და ნაკლები ნეიტრალური ბურთი უნდა მიეცა მეტოქისთვის. როდესაც ნადალს კორტში შეუშვებ, მისი განეიტრალება შეუძლებელია.

ბასილაშვილი რეიტინგის საუკეთესო 35-ეულშია და უნდა აღვნიშნო, რომ მის თამაშში არის კომპონენტები, რომელიც ჩამოუვარდება თამაშის საერთო დონეს. თუ ნიკამ ისეთივე პროგრესი განიცადა ბადეზე თამაშისას, როგორიც ნადალმა თავის დროზე, მაშინ ქართველ ჩოგბურთელს შეუძლია რეიტინგში 10-15 ადგილით დაწინაურდეს. ასევე, ნიკას მონაცემების პატრონს, ნამდვილად შეუძლია რომ უფრო ზუსტი და ძლიერი მოწოდება ჰქონდეს. ბასილაშვილის ახალი მწვრთნელი დინჯი და გონიერი პიროვნება სჩანს. მასთან ერთად, ნიკას კარგი შედეგები აქვს. ასევე უმუშავია ჟილ სიმონთან და გაელ მონფილსთან. საინტერესო პიროვნება და მწვრთნელია. 

მჯერა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი წელს 30 საუკეთესო ჩოგბურთელში მოხვდება, მომავალ წელს კი 20-ეულს გაარღვევს

POPSPORT: ბასილაშვილი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. რას უნდა ველოდოთ მომავალში?

ჭანტურია: მთავარია, ნიკამ კიდევ უფრო გააუმჯობესოს თამაში და ეს რეიტინგზე თავისთავად აისახება. მჯერა, რომ წელს საუკეთესო 30 ჩოგბურთელში მოხვდება, მომავალ წელს კი იმედი მაქვს 20-ეულს გაარღვევს. US Open-ი იყო ნიკას პირველი დიდი შლემის ტურნირი, სადაც საუკეთესო 16 ჩოგბურთელში მოხვდა, შესანიშნავად ეთამაშა რაფაელ ნადალს და ხელი შეუწყო საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაციას. ეს უკვე კარგია და იმედია, წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებაა.

US Open-ზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში სავარაუდოდ 31-ე ადგილზე აღზევდება, რაც მისი საუკეთესო მაჩვენებელია კარიერაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები