Thumbnail
  • ესპანელს ზედიზედ მეორე მატჩში ძალიან გაუჭირდა მოგება
  • რაფას და დელპოს ბოლო დაპირისპირება შარშან, ასევე US Open-ის ნახევარფინალში შედგა

ამერიკის ღია პირველობა თანდათან გადამწყვეტ სტადიას უახლოვდება და ტურნირის ვაჟთა ბადეში უკვე 50%-იანი ალბათობით გაირკვა ერთი ფინალისტის ვინაობა. ბადის ზედა ნახევარში საუკეთესოები ესპანურენოვანი მეჩოგნეები გამოდგნენ - არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო და ბალეარელი ესპანელი რაფაელ ნადალი.

29 წლის არგენტინელმა 3 საათსა და 29 წუთში ამერიკელ ჯონ იზნერს 4 სეტში, 6:7, 6:3, 7:6, 6:2 მოუგო და კარიერაში მესამედ გააღწია ამერიკული მეიჯორის ნახევარფინალში. სხვათა შორის, თავის პირველივე ნახევარფინალს “დელპომ” ფინალიც მიაყოლა და საბოლოოდ ჩემპიონიც გახდა, დაამარცხა რა დიადი როჯერ ფედერერი უდრამატულეს 5-სეტიან თრილერში. იმხანად ხუან მარტინი სულ რაღაც 20 წლის იყო, ახლა კი მრავალრიცხოვანი ტრავმების შემდეგ, არგენტინელმა როგორც იქნა სტაბილურობასაც მიაღწია და მტკიცედ დაუბრუნდა პლანეტის ელიტურ ჩოგბურთელთა რიცხვს.

რაფაელ ნადალს კი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა ზედიზედ მეორე მატჩში მოუწია. მსოფლიო რეიტინგის ლიდერს ავსტრიელი დომინიკ ტიმის დასამარცხებლად კორტზე 4 საათისა და 54 წუთის გატარება დაჭირდა - 0:6, 6:4, 7:5, 6:7, 7:6. შეხსენებისთვის: რადა დიდი სლემის სერიის ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და ცხადია, მიმდინარე პირველობაზეც განიხილებოდა მომავალ ტრიუმფატორად, მაგრამ ფაქტია, რომ ტიმმაც და 2 დღით ადრე ნიკოლოზ ბასილაშვილმაც 32 წლის დიად მალიორკელს პოტენციალის 100%-ით ამოქმედება აიძულეს, მაშინ როცა კონკურენტები აქამდე შედარებით იოლად აღწევდნენ წარმატებებს. ნადალი ამერიკის 3-გზის ჩემპიონია, ხოლო US Open-ის ნახევარფინალში კარიერაში მეშვიდედ ითამაშებს.

სხვათა შორის, რაფასა და დელპოს გზები ბოლოს ზუსტად ერთი წლის წინ, ამერიკის ღია პირველობის იგივე სტადიაზე გადაიკვეთა: უფრო გამოცდილმა და ტიტულოვანმა ნადალმა 3:1 იმარჯვა და, როგორც ზემოთ ითქვა, საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. სულ მათი ურთიერთობა 17 მატჩისგან შედგება: 12 გამარჯვება ნადალმა მოიპოვა, 5 - დელ პოტრომ, ხოლო ჰარდის საფარზე ესპანელის უპირატესობა მინიმალურია - 3:2.

ხუან მარტინ დელ პოტროსა და რაფაელ ნადალის ნახევარფინალური შეხვედრა პარასკევს, 7 სექტემბერს შუაღამეს დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები