Thumbnail

US OPEN | სერენა უილიამსი ნახევარფინალშია და ფავორიტის სტატუსი დაიბრუნა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სერენა უილიამსმა მეოთხედფინალში კაროლინა პლიშკოვა ადვილად დაამარცხა
  • ამერიკელი დიდი სლემის 24-ე ტიტულს უმიზნებს
  • მომდევნო მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენაა

სერენა უილიამსი აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალშია და დიდი სლემის რიგით 24-ე ტიტულს მხოლოდ ორი გამარჯვება აშორებს. 36 წლის ამერიკელმა, რომელიც ახლა რეიტინგში 26-ე ადგილზეა, მეოთხედფინალში ჩეხი კაროლინა პლიშკოვა (მე-8 ჩოგანი) ადვილად, 2 სეტში დაამარცხა (6:4, 6:3). აღსანიშნავია, რომ კორტზე დაბრუნების შემდეგ (მარტი), სერენამ პირველად მოუგო ისეთ ჩოგბურთელს, რომელიც საუკეთესო ათეულშია.

შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსმა შარშანდელი US Open ქალიშვილის დაბადების გამო გამოტოვა. ახლა, როცა 2016 წლის ფინალისტი პლიშკოვა დაამარცხა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სენერა მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია.

“დასაკარგი არაფერი მაქვს, თავისუფლად ვთამაშობ,” - განაცხადა სერენამ, რომელსაც აშშ-ის ღია პირველობა 6-ჯერ აქვს მოგებული, უკანასკნელად კი ამ ტიტულს 4 წლის წინ დაეუფლა.

სერენა უილიამსი ნახევარფინალში (ხუთშაბათს) ანასტასია სევასტოვას შეხვდება და დიდი სლემის ფინალში გასვლას კარიერაში 31-ედ შეეცდება. მისი მეტოქე მე-19 ჩოგანია, რომელმაც ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, სლოან სტივენსი (აშშ/მე-3 ჩოგანი) ორ სეტში დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში პირველად გავიდა.

სერენამ პლიშკოვაზე 2016 წლის US Open-ის ნახევარფინალში წაგებისთვის იძია შური. მან 13 ეისის შესრულება შეძლო, თუმცა 5 ორმაგი შეცდომაც ჰქონდა. მატჩი 1 საათი და 28 წუთი გაგრძელდა და სერენამ პირველივე მატჩპოინტი გამოიყენა.

კომენტარები

ბოლო ამბები