Thumbnail

‘მესის ვერ დავეთანხმები!’ - რეალის მწვრთნელმა რონალდოს ტრანსფერზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ხულიენ ლოპეტეგიმ რონალდოს ტრანსფერის დეტალებზე ილაპარაკა
  • რეალის მწვრთნელის თქმით, მას კრიშტიანოსთან არ უსაუბრია

კრიშტიანო რონალდო მადრიდის რეალს 9 წლის მანძილზე ემსახურა და ამ ზაფხულს, ყველასათვის მოულოდნელად, ტურინის იუვენტუსში გადავიდა. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ხულიენ ლოპეტეგიმ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერზე პირველად ისაუბრა და დეტალები გაამხილა. ლოპეტეგი ამბობს, რომ რონალდოსთან ერთხელაც არ უსაუბრია.

“როდესაც რეალში მოვედი, რონალდოს კლუბის ხელმძღვანელებისთვის უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ წასვლა უნდოდა. მე მასთან ერთხელაც არ მისაუბრია. კრიშტიანომ კლუბს დაუფიქსირა საკუთარი სურვილი იმის შესახებ, რომ რეალიდან წასვლა სურდა, რის შემდეგაც მას ყველანაირად დაეხმარენ. ლოგიკურია, რომ მის სურვილს მეც პატივი ვეცი,” - განაცხადა ლოპეტეგიმ რადიო Onda Cero-სთან ინტერვიუში.

“სამეფო კლუბის” დამრიგებლის თქმით, რონალდო რეალისთვის უდიდესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ კრიშტიანოს წასვლის შემდეგ მადრიდული გრანდი დასუსტდება, გადაჭარბებულია: “ვერ დავეთანხმები ლიონელ მესის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რონალდოს წასვლის შემდეგ გუნდი დასუსტდა. რეალის ფეხბურთელების შესაძლებლობებში ეჭვს ერთი წამითაც კი არ შევიტან,” - აღნიშნა ლოპეტეგიმ, რომელიც მადრიდული გრანდის დამრიგებლად ივნისის შუა რიცხვებში დაინიშნა.

ინტერვიუში მას, რა თქმა უნდა, ტიბო კურტუას შესახებაც ჰკითხეს, რომელიც რეალმა ჩელსიდან შეიძინა: “კურტუას ტრანსფერში მეც ჩართული ვიყავი, ის ფანტასტიკური მეკარეა. ბედნიერი ვარ, რომ მეკარის პოზიციაზე ასეთი კონკურენცია გვაქვს. გუნდისთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ჩვენმა მეკარეებმა იციან, რომ მათ ვენდობით!”

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად კურტუას ტრანსფერისა, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ სამ მატჩში რეალის კარს მაინც კეილორ ნავასი იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები