Thumbnail
  • იტალიის სერია A-ში ხელფასები წლიდან წლამდე იზრდება
  • ყველაზე მაღალი ხელფასი, რა თქმა უნდა, რონალდოს აქვს
  • საუკეთესო ხუთეულში 3 ტურინელი და 2 მილანელია

იტალიურმა “გაძეტა დელო სპორტმა” სერია A-ს ხელფასების შესახებ დეტალური კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც აჩვენებს, რომ კრიშტიანო რონალდოს რეალიდან იუვენტუსში ტრანსფერის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატში სახელფასო ფონდმა რეკორდულ ზღვარს გადააჭარბა.

2018/2019 წლების სეზონის სახელფასი ფონდის ჯამი სერია A-ში 1,129 მილიარდი ევრო იქნება, რაც იტალიის ჩემპიონატის რეკორდია - ვკითხულობთ “გაძეტა დელო სპორტის” დასკვნაში, რომელიც იტალიურმა გამოცემამ სამშაბათს გამოაქვეყნა.

► შედარებისთვის: 2017/2018 წლების სეზონში ხელფასების ჯამი 955 მილიონი ევრო იყო, ხოლო 2014/2015 წლების სეზონში კი - 849 მილიონი ევრო.

როგორც იცით, რონალდომ იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა და წელიწადში 31 მილიონს მიიღებს. ცხადია, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა და უდიდესი უპირატესობით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ გონსალო იგუაინს, რომლის ხელფასიც, მილანში გადასვლის შემდეგ, წელიწადში 9,5 მილიონი ევროა.

რონალდოს შემდეგ, ყველაზე მეტი ხელფასი გონსალო იგუაინს აქვს
ფოტო: twitter.com/acmilan

მესამე ადგილზეა იუვენტუსის თავდამსხმელი პაულო დიბალა - არგენტინელი წელიწადში 7 მილიონ ევროს იღებს. მეოთხე პოზიციაზეც იუვეს ფეხბურთელია - ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი, რომლის ხელფასიც წელიწადში 6,5 მილიონი ევროა. საუკეთესო ხუთეულშია კიდევ ერთი მილანელი - 19 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა (6 მილიონი).

ალეგრის ანჩელოტიზე მაღალი ხელფასი აქვს

მნიშვნელოვნად მოიმატა მწვრთნელების ხელფასებმაც. სერია A-ს 20 კლუბის დამრიგებელი ამ სეზონში 35,9 მილიონ ევროს იღებს. შარშან, მწვრთნელების ხელფასების ჯამი 28,8 მილიონი იყო. ყველაზე მაღალანაზღაურებადი, რა თქმა უნდა, იუვეს თავკაცი მასიმილიანო ალეგრია (7,5 მილიონი). მეორე ადგილზეა ნაპოლის ახალი თავკაცი კარლო ანჩელოტი (6,5 მილიონი), მესამეზე კი - ინტერის დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი (4,5 მილიონი).

კომენტარები

ბოლო ამბები