Thumbnail

ლევან ჩილაჩავა მძიმე ტრავმას გადაურჩა

  • ლევან ჩილაჩავა ტოპ 14-ის მატჩში დაშავდა
  • საქართველოს ნაკრების ბურჯის ტრავმა სავარაუდოზე მსუბუქი აღმოჩნდა

შაბათს, საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-2 ტურში მონპელიემ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა - ლა როშელს უმასპინძლა და იოლად, 36:14 დაამარცხა. მონპელიელთა სასტარტო შემადგენლობაში ბორჯღალოსანი მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე იყო, ვინც ტაიმ-ნახევარი ითამაშა.

მარქაფაში მყოფი ჩილაჩავა კი თამაშში მე-20 წუთზე ჩაერთო, როცა მონპელიეს სასტარტო ბურჯ იანი დუ პლესის წარბიდან სისხლი წასკდა. ექიმებმა სამხრეთაფრიკელს უწამლეს და მოედანზე  7 წუთში დააბრუნეს, მაგრამ 37-ეზე რეფერიმ კვლავ მოითხოვა დუ პლესის გასვლა, რადგან მას სისხლდენა მეორედ დაეწყო.

მეორე ტაიმი მარჯვენა ბურჯად უკვე ჩილაჩავამ დაიწყო, მაგრამ მალევე დაშავდა. მოედნის ცენტრში გიგანტ უინი ატონიოსთან მძიმე კონტაქტის შემდეგ ბორჯღალოსანი პირველხაზელი წამოდგომას საკმაო ხანს ვერ ახერხებდა და მოედანი მხოლოდ სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.

მონპელიეს ექიმები მძიმე ტრავმას - ტერფის მოტეხილობას ვარაუდობდნენ, მაგრამ დეტალურმა გამოკვლევამ ყველას შვება მოგვარა - ლევანს ტერფის მყესები დაეჭიმა, საკმაოდ სერიოზულადაც, მაგრამ ძვალმა გაუძლო 155-კილოიან ატონიოსთან შეჯახებას. პროგნოზი ერთობ დამაიმედებელია: მედიკოსების ვარაუდით, ლევანი ვარჯიშს 2 კვირაში განაახლებს და მწყობრში სექტემბრის ბოლოსკენ ჩადგება. ალბათ საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელებმაც შვებით ამოისუნთქეს - იტალიის ნაკრებთან ისტორიული ჯახი 10 ნოემბერს გაიმართება და სასტარტო მარჯვენა ბურჯის დაკარგვა დიდი დარტყმა იქნებოდა ჩვენი გუნდისთვის.

ზოგადად, 2018/19 წლების სარაგბო სეზონი ქართველი მორაგბეებისთვის მძიმედ დაიწყო. ჯერ იყო და, სერიოზული ტრავმა ორიაკისა და საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ მიიღო, შემდეგ ბრივის ბორჯღალოსანმა ბურჯმა კარლენ ასიეშვილმა გაიწყვიტა ჯვარედინი მყესები და გაზაფხულზე თუ დაბრუნდება, ხოლო სულ ახლახან ტულონის ვეტერანმა მამუკა გორგოძემ ბიცეფსი გაიწყვიტა. იმედია, ჩილაჩავას ტრავმით ამ ნეგატიურ პერიოდს წერტილი დაესმება.

კომენტარები

ბოლო ამბები