Thumbnail

დიდი სენსაცია! როჯერ ფედერერი 55-ე ჩოგანთან დამარცხდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უდიდესი სენსაცია აშშ-ის ღია პირველობაზე
  • როჯერ ფედერერი მერვედფინალში დამარცხდა
  • შვეიცარიელს ავსტრალიელმა ჯონ მილმანმა მოუგო

დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენი ჩემპიონი როჯერ ფედერერი აშშ-ის ღია პირველობას, ყველასათვის მოულოდნელად, მერვედფინალიდან დაემშვიდობა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი ავსტრალიელ ჯონ მილმანთან დამარცხდა, რომელიც რეიტინგში 55-ე ადგილზეა. დრამატული დაპირისპირება 3 საათსა და 35 წუთს გრძელდებოდა, საბოლოო ანგარიში კი ასეთია: 6:3, 5:7, 6:7 (7:9), 6:7 (3:7) - ავსტრალიელის სასარგებლოდ!

► როჯერი დიდი სლემის ტურნირზე ასე ადრე ბოლოს 2015 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე დამარცხდა!

► ფაქტები: 37 წლის ფედერერმა 70-ზე მეტი უნებლიე შეცდომა დაუშვა და 10 ორმაგი შეცდომა ჰქონდა!

მიუხედავად ამისა, ფედერერს არაერთი კარგი შანსი ჰქონდა. მეორე სეტში, 5:4-ზე მანდ ორი სეტპოინტი ვერ გამოიყენა, ხოლო მესამე სეტის ტაიბრეიკზე ერთი ქულა აშორებდა სეტის მოგებას. რაც შეეხება მილმანს: ავსტრალიელი აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა. 29 წლის ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიოს 55-ე ჩოგანია, მესამე მატჩპოინტი გამოიყენა და კარიერაში პირველად გააღწია დიდი სლემის მეოთხედფინალში, სადაც უიმბლდონის გამარჯვებულ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

“არ მჯერა! როჯერი ჩემი გმირია, ის ყველასათის მისაბაძი მაგალითია. დღეს აშკარად არ ჰქონდა კარგი დღე,” - სიხარულისგან შოკირებული იყო მილმანი მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ფედერერმა სეზონის დასაწყისში ავსტრალიის ღია პირველობის სახით კარიერაში მე-20 დიდი სლემი მოიგო. ამის შემდეგ შვეიცარიელმა თიხნარის სეზონი გამოტოვა, რის მერეც ფორმა ვეღარ აღიდგინა. უიმბლდონზე როჯერი მეოთხედფინალში, კევინ ანდერსონთან დამარცხდა, ამერიკის ღია პირველობის წინ კი, ცინცინატის მასტერსზე, ფინალში ჯოკოვიჩთან წააგო.

► US Open-ის 40 მატჩში ფედერერს არასდროს ჰქონდა წაგებული ისეთ ჩოგბურთელთან, რომელიც ტოპ 50-ში არ იყო.

► 2004-დან 2008 წლამდე როჯერმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგო ამერიკის ღია პირველობა, მაგრამ მას მერე მხოლოდ ერთხელ (2015) გავიდა ფინალში.

კომენტარები

ბოლო ამბები