Thumbnail
  • რაფაელ ნადალი 6:3, 6:3, 6:7, 6:4 ნიკოლოზ ბასილაშვილი
  • ნიკამ მსოფლიოს პირველ ჩოგანთან მაგრად იბრძოლა
  • ესპანელმა მატჩის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი შეაქო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში, მსოფლიოს პირველ ჩოგან რაფაელ ნადალთან კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მართალია, ქართველი ჩოგბურთელი საბოლოოდ დამარცხდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკა გმირია! მან რეიტინგის პირველ ნომერს ორჯერ აუღო ბრეიკი და სეტიც მოუგო! საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:3, 6:3, 6:7, 6:4 ნადალის სასარგებლოდ.

2017 წელს, როლან გაროსზე, ბასილაშვილი რაფასთან 3 სეტში ისე დამარცხდა, მხოლოდ ერთი გეიმის მოგება შეძლო, ახლა კი ლეგენდარულ ესპანელს 17 გეიმი და 1 სეტიც მოუგო!

“ვფიქრობ კარგად ვითამაშე, მაგრამ ბასილაშვილი ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ჩემთვის მოულოდნელად, ის საკმაოდ ძლიერად ურტყამდა და მოსალოდნელზე გაცილებით აგრესიულად მეთამაშა,” - ეს ნადალის სიტყვებია!

ნადალი ბასილაშვილისგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა

პირველი სეტის საწყის გეიმებში აბსოლუტურად თანაბარი ბრძოლა იყო. ნადალმაც და ბასილაშვილმაც თავიანთი მოწოდებები საკმაოდ ადვილად მოიგეს. აღსანიშნავია, რომ მესამე გეიმი ნიკამ სულაც მშრალი ანგარიშით მოუგო მსოფლიოს პირველ ჩოგანს და ანგარიში 2:2 გახდა. მეხუთე გეიმში, ნადალის მოწოდებაზე, ბასილაშვილმა ძალიან კარგად იბრძოლა, მაგრამ გეიმი მაინც დათმო. თუმცა ნიკამ თავისი მოწოდება ისევ მშრალი ანგარიშით და, რაც ყველაზე საინტერესოა, ეისით მოიგო - 3:3!

ნადალმა მომდევნო მოწოდება მოიგო და 4:3 დაწინაურდა. საკუთარ მოწოდებაზე ბასილაშვილმა მე-3 ეისიც შეასრულა (რაფას იმ მომენტში არცერთი ეისი არ ჰქონდა), მაგრამ გეიმი დათმო და ანგარიში ესპანელის სასარგებლოდ 5:3 გახდა. ამის შემდეგ, ნადალმა თავის მოწოდება და, შესაბამისად, სეტიც უპრობლემოდ მიიყვანა გამარჯვებამდე.

ბრეიკის შანსი, მაგრამ მაინც 3:6

სამწუხაროდ, მეორე სეტი ბასილაშვილისთვის ძალიან ცუდად დაიწყო. ნიკამ პირველივე საკუთარი მოწოდება წააგო. პირველი სეტის ბრეიკიდან მოყოლებული, ქართველ ჩოგბურთელს ნერვიულობა დაეტყო, რამაც მის თამაშზე ცუდად იმოქმედა. მე-4 გეიმში ნიკას ბრეიკის აღება შეეძლო, 3 ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ნადალმა თავისი მოწოდება მაინც არ დათმო. 3:5-ზე ბასილაშვილმა თავისი მოწოდება ისევ წააგო და სეტი კვლავ 3:6 დათმო.

ბასილაშვილის ისტორიული სეტი!

მესამე სეტის პირველი გეიმი ნადალმა მარტივად მოიგო, მეორე გეიმში კი, ქართველის მოწოდებაზე რაფა 40:0-ს იგებდა, მაგრამ ნიკამ 5 ბრეიკ პოინტი მოიგერია! ეს იყო იმ დროისთვის მატჩის ყველაზე ხანგრძლივი გეიმი, რომელიც საბოლოოდ ბასილაშვილმა მოიგო და ანგარიში გაათანაბრა (1:1).

► ამის შემდეგ იყო ისტორიული გეიმი ქართული ჩოგბურთისთვის - ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფა ნადალის მოწოდება მოიგო და 2:1 დაწინაურდა!

თუმცა, სამწუხაროდ, საკუთარ მოწოდებაზე ნიკამ შეცდომები დაუშვა და საკუთარი გეიმი დათმო. ამით მან სეტში დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა (2:2). მომდევნო 4 გეიმი ჩოგბურთელებმა მოწოდებების მიხედვით გაინაწილეს და ანგარიში 4:4 გახდა. მე-9 გეიმი ნადალმა მოიგო, მე-10 გეიმში კი ბასილაშვილმა ანგარიშის გათანაბრება (5:5) მოახერხა. იგივე მოხდა მე-11 და მე-12 გეიმებში და 6:6-ზე ტაიბრეიკი დაინიშნა, რომელიც ნიკამ 8:6 მოიგო!

ასე დაადასტურა ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ, რომ მართლაც კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს და წელს მართლაც გრანდიოზულ ფორმაშია - მან მსოფლიოს პირველ ჩოგანს სეტი მოუგო!!!

კიდევ ერთი ბრეიკი მე-4 სეტში

მეოთხე სეტი ბასილაშვილისთვის ცუდად დაიწყო - ნიკამ განრისხებულ ნადალთან პირველივე გეიმი წააგო საკუთარ მოწოდებაზე, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კი საკუთარი მოწოდება მშრალად მოიგო და 2:0 დაწინაურდა. მეორე მოწოდება ბასილაშვილმა მოიგო, მაგრამ შეცდომა არც ნადალმა გაუშა - 3:1.

3:2-ზე ბასილაშვილმა ნადალის კიდევ ერთი მოწოდება მოიგო და ანგარიში გაათანაბრა (3:3), მაგრამ საკუთარი მოწოდება წააგო და ნადალი ისევ დაწინაურდა - 4:3. მე-8 გეიმში რაფამ შეცდომა აღარ დაუშვა და ანგარიში 5:3 გახდა. ნიკამ საკუთარი მოწოდება მოიგო, მაგრამ ნადალს მე-10 სეტში სამმაგი მატჩპოინტი ჰქონდა, რომელთაგან რაფამ პირველივე ეისით გამოიყენა და ეს საკმაოდ რთული მატჩი მაინც მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები