Thumbnail
  • მორიგი ტრანსფერი ბუნდესლიგაში.
  • შტუტგარტმა მარიო გომესი დაიბრუნა.
  • შვაბებმა 32 წლის თავდამსხმელში 3,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

შტუტგარტმა საშობაო საჩუქარი მიიღო! 32 წლის თავდამსხმელი მარიო გომესი, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 71 მატჩი აქვს ჩატარებული, ვოლფსბურგიდან თავის ყოფილ კლუბში დაბრუნდა. “ბილდის” ინფორმაციით, შვაბებმა ვოლფსბურგელებს 3,5 მილიონი ევრო გადაუხადეს.

“არაერთხელ მითქვამს, რომ შტუტგარტი განსაკუთრებით მიიყვარს. ბოლო დღეებში მივხვდი, რომ ამ კლუბში დაბრუნება ძალიან მინდოდა. ეს არის გუნდი, სადაც წლების მანძილზე ბედნიერი ვიყავი,” - განაცხადა გომესმა.

“გული მწყდება, რომ ვკარგავთ ისეთ მაღალი კლასის ფორვარდს, როგორიც მარიო გომესია, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მარიოს წარმატებებს ვუსურვებ,” - ეს ვოლფსბურგის მთავარი მწვრთნელის, მარტინ შმიდტის სიტყვებია.

2007 წელს შტუტგარტი გომესთან ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა

შტუტგარტში კი იმედი აქვთ, რომ გომესით გაძლიერებულები, ბუნდესლიგის მეორე წრეს უკეთ ჩაატარებენ: “მეორე წრისთვის მოსამზადებელ შეკებაზე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გომესი გუნდს მალე გაუშინაურდეს. დარწმუნებულები ვართ, რომ გომესთან ერთად მეორე წრეში გაცილებით უკეთ ვითამაშებთ,” - აცხადებს შვაბების თავკაცი ჰანეს ვოლფი.

მარიო გომესი შტუტგარტში 2001-დან 2009 წლამდე თამაშობდა - ამ გუნდიდან გაიცნო ის საფეხბურთო სამყარომ. 2007 წელს გომესს სწორედ შტუტგარტის ფეხბურთელის რანგში ჰქონდა დებიუტი გერმანიის ნაკრებში. იმავე წელს, შვაბებმა ყველასათვის მოულოდნელად გერმანიის ჩემპიონატი მოიგეს - გომესი იმ გუნდის ლიდერი იყო.

ახლა შტუტგარტი გადარჩენისთვის იბრძვის - გუნდი მე-14 ადგილზეა და გასავრდნ ზონამდე მხოლოდ 2 ქულა აშორებს. მას მერე, რაც სიმონ ტეროდე კიოლნში გადავიდა, შვაბებს კარგი ცენტრფორვარდი აუცილებლად სჭირდებოდათ. ვოლფსბურგში გომესი ლივერპულიდან არენდით აყვანილი ფორვარდის, დივოკ ორიჯის ჩრდილში იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები