Thumbnail
  • იტალიის გრან პრი ლუის ჰემილტონმა მოიგო
  • სებასტიან ფეტელი მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა
  • პოულ-რეკორდსმენ რაიკონენს ბრწყინვალე შანსი ჰქონდა

ფორმულა 1-ის მორიგი გრან პრი იტალიაში, მონცას ავტოდრომზე გაიმართა და ლოგიკურად, ეს ფერარის დღესასწაული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლუის ჰემილტონმა იტალიელებს დიდი ზეიმი ჩაუმწარა! 33 წლის ბრიტანელმა რბოლა მოიგო, სებასტიან ფეტელი კი მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კიდევ 13 ქულა დაკარგა!

“ფერარიმ უდიდესი ბრძოლა გაგვიმართა, მაგრამ მაინც მოვიგე! დიდი მადლობა ბიჭებს და ქომაგებს. ფერარისთვის ეს საშინაო რბოლა იყო, მაგრამ მე ბრიტანეთის დროშებსაც ვხედავდი და სწორედ მათთვის ვიბრძოდი,” - განაცხადა რბოლის შემდეგ მერსედესის ინგლისელმა პილოტმა.

შესანიშნავად იბრძოლა კიმი რაიკონენმა, რომელმაც შაბათს, კვალიფიკაციაზე საუკეთესო დრო აჩვენა და ახალი რეკორდი დაამყარა. 38 წლის ფინელს გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა, ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ბოლოს ჰემილტონმა მაინც აჯობა. საბოლოოდ, კიმიმ მეორე ადგილი დაიკავა, მესამეზე კი ვალტერი ბოტასი (მერსედესი) გავიდა.

კიმი რაიკონენი დიდხანს ლიდერობდა

“ჩვენს უკანა საბურავებს პრობლემები შეექმნა, რის შემდეგაც რბოლის მოგება უბრალოდ შეუძლებელი გახდა. მაინც ბოლომდე ვიბრძოლე და მაქსიმუმი გავაკეთე. დარჩენილ ეტაპებზეც ბოლომდე ვიბრძოლებთ,” - ეს რაიკონენის სიტყვებია.

თუმცა იტალიის გრან პრის შემდეგ, მთავარი სადისკუსიო თემა პირველივე წრეზე მომხდარი ავარიაა, რომელსაც სებასტიან ფეტელის ამბიციები შეეწირა. სტარტის შემდეგ, თავიდან ყველაფერი კარგად იყო: რაიკონენი და ფეტელი წინ გაიჭრნენ, მათ უკან ჰემილტონი მიდიოდა. მეოთხე მოსახვევში ფეტელისა და ჰემილტონის ბოლიდები ერთმანეთს შეეხნენ, რის შემდეგაც გერმანელი დატრიალდა! ჰემილტონმა რბოლა განაგრძო, ფეტელი კი იძულებული გახდა, ბოქსებში შესულიყო და ბოლიდისთვის ცხვირი გამოეცვალა.

“ეს რა იყო? ვერ გავიგე, რა უნდოდა!” - თქვა ფეტელმა რაციაში, მაგრამ რბოლის მსაჯებმა არც ფეტელი დააჯარიმეს და არც ჰემილტონი.

მე-20 წრეზე რაიკონენი ბოქსებში შევიდა და საბურავები გამოცვალა, ჰემილტონი კი ტრეკზე დარჩა და გალიდერდა. ბრიტანელმა საბურავების გამოცვლა მხოლოდ 8 წრის შემდეგ გადაწყვიტა და როდესაც ტრასაზე დაბრუნდა, რაიკონენის უკან მოექცა. თუმცა, კიმის წინ ვალტერი ბოტასი გახლდათ, რომელსაც საბურავები ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოცვლილი და ფერარის ფინელ პილოტს მაქსიმალურად ამუხრუჭებდა. 30-ე წრეზე ფეტელი მეორედ შევიდა ბოქსებში და სუპერ-რბილი საბურავებით მე-10 პოზიციაზე დაბრუნდა.

ბოტასმა შეუცვლელი საბურავებით 37-ე წრემდე გაძლო, მერე კი ბოქსებს მიაშურა. ამ დროისთვის რაიკონენი პირველი გახლდათ, ჰემილტონი კი - მეორე. ბრიტანელმა გადამწყვეტი შეტევა 45-ე წრეზე განახორციელა და რაიკონენს შესანიშნავი მანევრით გაასწრო.

ამის შემდეგ წინა ხაზზე აღარაფერი შეცვლილა - რაიკონენს ჰემილტონზე შეტევა აღარ შეეძლო, ფეტელმა კი მხოლოდ ისღა მოახერხა, რომ რბოლა მე-4 ადგილზე დაასრულა.

საერთო ჩათვლა - TOP 5

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 256

2. სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) - 226

3. კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) - 164

4. ვალტერი ბოტასი (მერსედესი, ფინეთი) - 159

5. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ჰოლანდია) - 130

კონსტრუქტორთა თასი - TOP 5

1. მერსედესი - 415

2. ფერარი - 390

3. რედ ბული - 248

4. რენო - 84

5. ჰაასი - 84

გამოკითხვა

ვინ გახდება F1-ის ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი

კომენტარები

ბოლო ამბები