Thumbnail

პაატა გურასპაული: მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია კალათბურთის მსაჯების და საკალათბურთო კლუბ სოხუმის წარმომადგენლების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კალათბურთის მსაჯები ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ სოხუმის მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი დააკავეს (იხილეთ: სკანდალი ქართულ კალათბურთში).

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოეხმაურა - ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და მედიას კალათბურთის ფედერაციის გამგეობის განცხადება გააცნო:

“საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ცალსახად გმობს მომხდარ ფაქტს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან ახლაც და მომავალშიც, რათა დროულად და სრულყოფილად იქნას გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და მოხდეს ყველა იმ პირის დასჯა, ვისაც კი შეხება ჰქონდა აღნიშნულ დანაშაულთან, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა ის მცდელობა, რომელიც ჩრდილს აყენებს კალათბურთის სამყაროს.

ფედერაციის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა და ახლაც შედის იმ ფაქტების გამოვლენა და აღმოფხვრა, რომელიც სახელს უტეხს საქართველოს საკალათბურთო სამყაროს. მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ფიბას რეკომენდაციით ჩამოყვანილ იქნა მსაჯთა ეროვნული ინსტრუქტორი, რომლის ფუნქციაში შედის არა მარტო თამაშების ხარისხის მონიტორინგი, არამედ ახალგაზრდა მსაჯთა კონტიგენტის გაზრდა და მათი შემდგომი ინტეგრირება საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე გამართულ მატჩებში.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა ფედერაციის წესდებისა და ზოგადად, სპორტულ სამყაროში არსებული მორალური და ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე, არ დაეთანხმება და არ შეეგუება საკალათბურთო სამყაროში არაეთიკურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. მით უმეტეს, რომ სპორტის ეს სახეობა ყოველთვის გამოირჩეოდა საერთაშორისო სპორტული სამყაროს მიერ აღიარებული სამართლიანი თამაშის პრინციპების ერთგულებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ქართული საკალათბურთო სამყაროსთვის მიუღებელი ქმედებების გამოვლენისა და აღმოფხვრისათვის”.

კომენტარები

ბოლო ამბები