Thumbnail
  • გიორგი აბურჯანიას პირველი გოლი 2 წლისა და 3 თვის შემდეგ
  • ლუკა ზარანდიას პირველი გოლი სეზონში

ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონ ლა ლიგა 2-ში ლუგომ გიორგი აბურჯანიას გოლის წყალობით მოიგო ნუმანსიასთან მატჩში - 3:2. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა და 95-ე წუთზე მან დამატებაზე თავით იყოჩაღა.

"ძალიან მიხარია გოლის გამო, მაგრამ უფრო იმიტომ ვარ გახარებული, რომ ეს გოლი გამარჯვებისაა. კარგია, როცა მოედანზე დასვენებული შემოდიხარ და გუნდს ახალი ენერგიით ეხმარები", - განაცხადა აბურჯანიამ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი აბურჯანია სევილიას ეკუთვნის და ლუგოში იჯარით თამაშობს. მას გოლი 2016 წლის მაისის მერე არ გაუტანია.

ქართული გოლი ექსტრაკლასაში

ლუკა ზარანდია მატჩის შემდეგ

პოლონეთში ლუკა ზარანდიას არკა ზაგლებიეს 2:2 დაუზავდა. ქართველმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმში კარგი კომბინაცია დააგვირგვინა. ეს მისი მეორე გოლია პოლონურ ექსტრაკლასაში (პირველი ამ სეზონში). 

"პარტნიორებს კარგად ვუგებ მოედანზე, დღეს კარგად წამივიდა თამაში. მჯერა, რომ ამ სეზონში ჩვენ ფანებს კიდევ ბევრჯერ გავახარებთ. დასანანია, რომ გამარჯვება ხელიდან გავუშვით", - განაცხადა 22 წლის ზარანდიამ, რომელიც უკვე აღარ იყო მოედანზე, როცა სტუმრებმა გაათანაბრეს.

დღეს კიდევ ერთი ქართული გოლი გავიდა ლატვიურ ვირშლიგაში, სადაც გიული მანჯგალაძემ 4 ქართველი ლეგიონერის რიგაას გაუტანა, ვენტსპილსმა 2:0 მოიგო. დამარცხებულთა შორის ბექა ვაჩიბერაძემ, ნიკა სანდოხაძემ და ლაშა შერგელაშვილმა ითამაშეს.

ფინეთში როვანიემის რიგებში გოლი გაიტანა გიორგი გოროზიამ, მისმა გუნდმა 2:1 მოუგო ჰონკას. ხოლო ესტონეთში გოლი გაიტანა გეგი კეკუამ, რომლის პარნუც სტუმრად 1:1-ს ეთამაშა ნარვას. 

კომენტარები

ბოლო ამბები