Thumbnail
  • უეფას ერთა ლიგის პირველ მატჩში ყაზახეთი საქართველოს ასტანაში 6 სექტემბერს მიიღებს
  • ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა პრესკონფერენცია გამართა
  • ბულგარელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრები და მისი მწვრთნელი დაახასიათა

უეფას ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრების პირველი და მთავარი მეტოქის, ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა პრესკონფერენცია გამართა. ბულგარელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარეები დაახასიათა და მის მთავარ მწვრთნელზე ვლადიმირ ვაისზეც ილაპარაკა.

საქართველოს და ყაზახეთის ნაკრებები ერთა ლიგის D დივიზიონის 1-ელ ჯგუფში, ლატვიასა და ანდორასთან ერთად ითამაშებენ. ვაისის ნაკრები ჯგუფში პირველ (6 სექტემბერს) და ბოლო (19 ნოემბერს) შეხვედრებს სწორედ ყაზახეთთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ სტოილოვი, რომელიც ყაზახეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე, ადგილობრივ ასტანას წლების განმავლობაში წვრთნიდა, საქართველოს ნაკრების თავკაცს კარგად იცნობს - სლოვაკი სპეციალისტის გაწვრთნილი ქაირათის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია.

ჯგუფში მეტოქეებზე, ფავორიტსა და პრობლემაზე

სტოილოვი საქართველოს ნაკრებს ჯგუფის ფავორიტად მიიჩნევს

"იწყება ახალი ტურნირი, რომელიც გვაძლევს იმედსა და შანსს ყველა საინტერესო გუნდს, ვითამაშოთ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე. ჩვენს ჯგუფში პირველობისთვის ბრძოლაში თანაბარი შანსის მქონე გუნდები მოხვდნენ. ჩვენთვის გასაგებია, რომ ჯგუფის ფავორიტი საქართველოა და სწორედ მასთან ვატარებთ ტურნირში სასტარტო შეხვედრას.

ჩვენი ჯგუფი ისეთია, რომ შესაძლოა ქულები საქართველოსთან მოვიპოვოთ, მაგრამ ანდორაში წავაგოთ. თანამედროვე ფეხბურთში გუნდების დონე გათანაბრებულია და მგონია, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე ის ნაკრები გავა, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.

რაც მთავარია, ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ცოტათი მაშფოთებს ის, რომ ყველა ყაზახ მოთამაშეს არ აქვს სათამაშო პრაქტიკა. ძირითადი შემადგენლობის 50% უთამაშებელია, მაგრამ იმედი გვაქვს, შეკრება წარმატებული და ნაყოფიერი გამოვა. უნდა ვუჩვენოთ ფეხბურთი, რომელიც ბოლო სამ ამხანაგურ მატჩში ვითამაშეთ და თუ ეს გამოგვივა, წარმატების შანსი გვექნება. 

მართალია, აზერბაიჯანელებმა ამხანაგურ მატჩში პრობლემები ვერ შეგვიქმნეს, მაგრამ მგონია, რომ საქართველო უფრო ძლიერია. თუ საჭირო გახდება, 90 წუთის განმავლობაში თავი უნდა დავიცვათ, ან 90 წუთის განმავლობაში შევუტიოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსაგებად". 

საქართველოს ნაკრებსა და ვლადიმირ ვაისზე

ბულგარელი სპეციალისტის მთავარი საფიქრალი სათამაშო პრაქტიკაა

"ვლადიმირ ვაისს დიდი ხანია ვიცნობ. ის ბრწყინვალე სპეციალისტი, დიდებული ადამიანია. მას კარგი მიღწევები ჰქონდა კლუბებში, სადაც მუშაობდა. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებისთვის მიღწევაა, რომ ასეთი კარგი მწვრთნელი ჰყავს. 

ჩვენი მეტოქეობა გასახდელამდე იქნება, მოედანზე კი საქართველოს და ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელები იბრძოლებენ. მოხარული ვიქნები, რომ მას კიდევ ერთხელ შევხვდები. დაე, ძლიერმა გაიმარჯვოს.

საქართველოს ნაკრები კომპაქტური გუნდია. მათ ჰყავთ მცველები, რომლებიც მოსკოვის ლოკომოტივსა და დონეცკის შახტარში თამაშობენ (საბა კვერკველია და დავით ხოჭოლავა). ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ შეტევაშიც ისეთი კლუბებიდან, როგორიცაა გენტი და ანორთოსისი. მათი ძლიერი მხარე არამხოლოდ ნახევარდაცვის ხაზია. პრაქტიკულად, ყველა ქართველი ფეხბურთელი ევროპაში გამოდის. არიან ფეხბურთელები, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატში: ლოკომოტივში, კრასნოდარში, უფასა და კრილია სოვეტოვში თამაშობენ. 

მაგრამ, სახელები ყოველთვის არ იმარჯვებენ. იგებს ის, ვინც უკეთესადაა მომზადებული. ჩვენ არ გვყავს საზღვარგარეთ მოთამაშე ამდენი ლეგიონერი, მაგრამ ყაზახეთის ნაკრებს აქვს პოტენციალი და თუ მოთამაშეები ირწმუნებენ, რომ არავის უნდა შეუშინდნენ და იბრძოლონ, მიზანსაც მიაღწევენ".

ყაზახეთთა ერთადერთი ლეგიონერი 18 წლის თავდამსხმელი ერკებულან საიდახმეტია, რომელიც უფაში ჯიმი ტაბიძის თანაგუნდელია

სტანიმირ სტოილოვის ხელმძღანელობით ყაზახეთის ნაკრებმა სამი ამხანაგური მატჩი გამართა. უნგრეთთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა, შემდეგ კი ბულგარეთსა (2:1) და აზერბაიჯანს (3:0) სძლია. 

გამოკითხვა

როგორ დასრულდება ყაზახეთი V საქართველო?

  • ყაზახეთი მოიგებს
  • ფრე
  • საქართველო მოიგებს

კომენტარები

ბოლო ამბები