Thumbnail
  • ფეხბურთი: უეფას ერთა ლიგა
  • კალათბურთი: მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
  • ძიუდო: მსოფლიოს ჩემპიონატი
  • სუმო: სექტემბრის ბაშო

ქართული სპორტის გულშემატკივრებისთვის სექტემბერი განსაკუთრებულად საინტერესოა თვეა. წინ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი, ტურნირი და პაექრობაა სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ყველაზე მეტ ინტერესს საფეხბურთო და საკალათბურთო ნაკრებების მატჩები იწვევს, თვის ბოლოს კი ყურადღების ცენტრში ძიუდო მოექცევა. არც სუმო და სექტემბრის ბაშო უნდა გამოვტოვოთ. გადავავლოთ თვალი სექტემბრის ანონსს და განვეწყოთ სპორტული ბატალიებისთვის...  

ფეხბურთი

6 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ახალ ტურნირში, ერთა ლიგაში ჩაერთვება და პირველ შეხვედრას ასტანაში, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს მეორე მატჩი ელოდება და ამჯერად, თბილისში, დინამო არენაზე. ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე ლატვიის ნაკრები იქნება. ერთა ლიგა დამატებითი შანსია, რომ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს. 

გამოკითხვა

როგორ დასრულდება ყაზახეთი V საქართველო?

  • ყაზახეთი მოიგებს
  • ფრე
  • საქართველო მოიგებს

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ყაზახეთის და ლატვიის გარდა, ანდორას გაუწევს კონკურენციას. ჯგუფის გამარჯვებული პლეი ოფში გავა, სადაც D დივიზიონის დარჩენილი 3 ჯგუფის გამარჯვებულს გაუწევს კონკურენციას. ნახევარფინალის და ფინალის გზით, დივიზიონის გამარჯვებული გამოვლინდება და სწორედ ის გუნდი გავა ევროპის ჩემპიონატზე. 

ერთი სიტყვით, წინ უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩებია. თუ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგიდან სურს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება, სექტემბრის მატჩებში აუცილებლად უნდა მიაღწიოს დადებით შედეგს.

6 სექტემბერი: ყაზახეთი v საქართველო
9 სექტემბერი: საქართველო v ლატვია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს წინ ერთა ლიგის მატჩები ელოდება

კალათბურთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობს, რომელიც ჩინეთში გაიმართება. ილიას ზუროსის გუნდმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა, სადაც სერბეთს და გერმანიას ჩამორჩა, თუმცა ავსტრიას გაასწრო. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე იასპარეზებს. 

მეორე ეტაპის ფორმატი ჩახლართულია, გუნდებს პირველ ეტაპზე მოგრივებული ქულები გადაყვათ და შესაბამისად, უთანასწორო კონკურენციაში მოუწევთ ბრძოლა. ილიას ზუროსის გუნდი L ჯგუფშია საბერძნეთთან, ისრაელთან, ესტონეთთან, სერბეთთან და გერმანიასთან ერთად. ბოლო ორ გუნდთან საქართველოს არ მოუწევს თამაში, რადგან პირველ ეტაპზე ამ გუნდების დუელები უკვე შედგა. 6-გუნდიან ჯგუფში ზურისის გუნდს 8 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, საუკეთესო სამეულში მოხვედრის შანსი კი არც თუ ისე დიდია.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები ელოდება. ერთი, რომ თეორიული შანსი ჯერ კიდევ არსებობს და ამ შანსისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო და მეორე, თითოული თამაში დიდი გამოცდილებაა გუნდისთვის, რომელშიც თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. 13 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ისრაელს ესტუმრება, სამი დღის შემდეგ კი თბილისში ევროპული კალათბურთის გრანდი, საბერძნეთის ნაკრები ჩამოვა.

13 სექტემბერი: ისრაელი v საქართველო
16 სექტემბერი: საქართველო v საბერძნეთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვის

ძიუდო

20-დან 27 სექტემბრის ჩათვლით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატია ძიუდოში. ამ ტურნირის მიმართ ინტერესის ზრდას ქართულ ძიუდოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც შეუწყო ხელი. დეტალებს აღარ გავიხსენებთ, რადგან გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ ვარლამ ლიპარტელიანის და მისი თანამოაზრეების დაპირისპირება დავით ქევხიშვილთან. ბოლო დღეებში, აქტუალურია ნაკრების შემადგენლობის თემა და ბექა ღვინიაშვილი-ავთანდილ ჭრიკიშვილის კონკურენცია -90 კგ. წონით კატეგორიაში. ამბობენ, რომ უშანგი მარგიანთან ერთად ბაქოში ის გაემგზავრება, რომელიც სლოვაკეთში გასამართ ევროპის თასზე უკეთ იასპარეზებს.

ევროპის თასი 2 სექტემბერს შედგება, თუმცა მთავარი ტურნირი ბაქოს მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. ქართულ ძიუდოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ეს ტურნირი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება.

20-27 სექტემბერი: მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში

საინტერესოა, ვინ წავა ბაქოში: ღვინიაშვილი თუ ჭრიკიშვილი

სუმო

ტოჩინოშინის დიდი წარმატებების ფონზე, სუმო საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. 9-დან 23 სექტემბრის ჩათვლით აკი ბაშო გაიმართება, რომელშიც ქართველი ფალავანი მიიღებს მონაწილეობას.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კარიერაში მეორე ბაშოს დაიწყებს ოძეკის (ჩემპიონი) რანგში, მაგრამ ამჯერად, ქართველ სუმოისტს ბაშოს 15 ორთაბრძოლიდან სულ მცირე, 8-ის მოგება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის ოძეკის ტიტულს დაკარგავს. შეგახსენებთ, რომ ივლისის ბაშოზე მას ტრავმამ შეუშალა ხელი: 5-0 ბალანსით ერთ-ერთი ლიდერი იყო, როცა მე-6 დღეს ფეხზე მყესი გაიწყვიტა. ტოჩინოშინი აგვისტოში გამოჯანმრთელდა და 14 აგვისტოდან სუმოისტთა ზაფხულის ტურნეშიც ჩაერთო. 

ტოჩინოშინს დაქვეითებაზე სიტყვის გაგონებაც არ სურს და აცხადებს, რომ ბაშოზე იმპერატორის თასის მოსაგებად გავა. წინ საინტერესო ორთაბრძოლები გველის.

9-23 სექტემბერი: აკი ბაშო

ლევან გორგაძე სექტემბრის ბაშოსთვის ემზადება

 

კომენტარები

ბოლო ამბები