Thumbnail

ქართველი ქომაგები სან ხოსეს არენაზე - მხარდაჭერა გურამ კაშიას

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სან ხოსეს საშინაო მატჩს ქართველი გულშემატკივრები დაესწრნენ
  • მათ გურამ კაშიას მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს
  • ქართველ ფეხბურთელს მხარი სახალხო დამცველმა დაუჭირა

MLS-ში მორიგი მატჩი გამართა სან ხოსემ, რომლის ღირსებას ორი ქართველი ლეგიონერი იცავს: ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია. სან ხოსემ დრამატილ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა დალასი, მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი ყაზაიშვილი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში.

ყურადღების ცენტრში იყო გურამ კაშია, რომლის გარშემოც დიდი აჟიოტაჟია. ქართველმა ფეხბურთელმა უეფასგან Equal Game-ის ჯილდო მიიღო, რამაც საზოგადოების ნაწილი გურამის მიმართ აგრესიულად განაწყო, თუმცა მას ბევრი მხარდამჭერიც გამოუჩნდა. სოციალურ ქსელში მიმდინარეობს კამპანია: #გურამშენთანვართ…

სან ხოსე-დალასის შეხვედრაში გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშა

სან ხოსე-დალასის შეხვედრას ქართველი გულშემატკივრები დაესწრნენ, რომლებმაც გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და ტრიბუნაზე ბანერი გაშალეს წარწერით: "გურამ შენთან ვართ”. მატჩის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი ქომაგებთან მივიდა, ბანერთან ფოტოები გადაიღო და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გურამთან ერთად იყო ვაკო ყაზაიშვილიც.

სოციალურ ქსელში ფოტოები ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა ზაზა კორინთელმა, იგივე "ზუმბამ" გაავრცელა, რომელიც სან ხოსე-დალასის მატჩს დაესწრო და ერთ-ერთი გახლდათ, ვინც კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

გურამ კაშიას მხარდამჭერები სან ხოსეს მატჩზე

სახალხო დამცველის მხარდაჭერა

გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, უეფას ჯილდოს მიღება მიულოცა და განცხადება გაავრცელა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

"საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის ორგანოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დისკრიმინაციის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები და  წინასწარი განწყობებია. აღნიშნულს ადასტურებს გურამ კაშიას წინააღმდეგ მიმართული საზოგადოების ცალკეული ჯგუფების აგრესია, რომლის მიზეზი მის მიერ თანასწორობის იდეის ღიად მხარდაჭერა გახდა.

გურამ კაშიას ქმედებამ ნათლად წარმოაჩინა, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანოს ერთმა სიმბოლურმა ჟესტმა ჩაგრული ადამიანების მხარდაჭერის და თანასწორობის იდეის პოპულარიზაციაში. სწორედ ამიტომ, ეროვნული ნაკრების წევრობა დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და წარმატებებს უსურვებს  საქართველოს". 

საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და წარმატებებს უსურვებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს. #გურამშენთანვართ #EqualGame

Posted by Ombudsman on ხუთშაბათი, 30 აგვისტო, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები