Thumbnail

დალასის ქართველი რისხვა - ვაკო ყაზაიშვილის მორიგი დუბლი და საგოლე პასი MLS-ში

  • 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა MLS-ში მეორე დუბლი მიითვალა
  • სან ხოსემ საშინაო შეხვედრაში დალასი ანგარიშით 4:3 დაამარცხა
  • ვაკო ყაზაიშვილმა და გურამ კაშიამ მატჩი სრულად ჩაატარეს 

ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში მორიგი - მეორე დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა. სან ხოსეს 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ამ თვეში დალასს წყვილი გოლი უკვე მეორედ გაუტანა, მისმა გუნდმა კი ამჯერადაც მოიგო - 4:3. 

შეგახსენებთ, რომ ვაკომ დალასთან თვის დასაწყისში, სტუმრად ჩატარებულ მატჩშიც დუბლი შეასრულა, სან ხოსემ კი მაშინ 3:1 გაიმარჯვა.

ვაკომ MLS-ში დუბლი მეორედ შეასრულა

რაც შეეხება კალიფორნიულ შეხვედრას, სტუმრები მე-8 წუთზე იგებდნენ, რის შემდეგაც ყაზაიშვილმა მე-15 და 42-ე წუთებზე შეაგდო. დალასმა გათანაბრებმა ამის შემდეგ ორჯერ მოახერხა, საბოლოო ანგარიში კი 62-ე წუთზე, კვლავაც ვაკოს აქტიურობის შემდეგ დაფიქსირდა. მასპინძელთა კაპიტანმა კრის ვონდოლოვსკიმ ქართველთან გათამაშებული "კედელის" შემდეგ გაიტანა.

ვაკოს მსგავსად, თავიდან ბოლომდე ითამაშა სან ხოსეს მეორე ქართველმა ლეგიონერმა გურამ კაშიამ. თუმცა, ყაზაიშვილისგან განსხვავებით, 31 წლის მცველს არცთუ საუკეთესო მატჩი ჰქონდა - სტუმართა სამიდან ორი გოლი მის არცთუ დამაჯერებელ თამაშს მოყვა.

სან ხოსეს MLS-ის დასავლეთ კონფერენციაში ჩატარებულ 26 მატჩში 4 მოგება, 8 ფრე და 14 მარცხი აქვს, 20 ქულით კი გუნდი ცხრილში ბოლო - მე-12 ადგილზეა.

ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში 2017 წლიდან გამოდის. სან ხოსეს მაისურით ტურნირში ჩატარებულ 40 მატჩში მის ანგარიშზე ჯამში 13 გოლია. მიმდინარე სეზონში კი - 26 მატჩში 8 გოლი.

ქართველების გუნდს მომდევნო მატჩი სტუმრად ვანკუვერთან, თბილისის დროით 2 სექტემბერს, გამთენიისას უწევს. 

გურამ კაშიაც და ვაკო ყაზაიშვილიც ეროვნულ გუნდში არიან გამოძახებულნი, უეფას ერთა ლიგაში ყაზახეთსა და ლატვიასთან მატჩებისთვის (6 და 9 სექტემბერს).

გამოკითხვა

როგორ დასრულდება ყაზახეთი V საქართველო?

  • ყაზახეთი მოიგებს
  • ფრე
  • საქართველო მოიგებს

კომენტარები

ბოლო ამბები