Thumbnail

ბრწყინვალე ბასილაშვილი! ნიკა ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალშია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში საუკეთესო სეზონს წარმატებით აგრძელებს! ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიოს 37-ე ჩოგანია, ამერიკის ღია პირველობაზე მეორე წრეშიც გაიმარჯვა და 1/16 ფინალში ითამაშებს. 26 წლის ბასილაშვილმა ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-18 პოზიციაზეა! ქართველმა 4 სეტში, 4:6, 6:3, 6:2, 7:6 (7:3) გაიმარჯვა!

შეხვედრაში, რომელიც 2 საათი და 54 წუთი გრძელდებოდა, პირველი სეტი ამერიკელმა 6:4 მოიგო. გარდამტეხი ფაქტობრივად მეორე სეტი აღმოჩნდა, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა 6:3 მოიგო, რის შემდეგაც, მესამე სეტში უკვე საკმაოდ იოლად იმარჯვა (6:2). მეოთხე სეტში ამერიკელმა მაქსიმალურად მოინდომა და საქამე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც ნიკამ 7:3 მოიგო და აშშ-ის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდა.

ამრიგად, ბასილაშვილი, რომელსაც ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში აქამდე მოგება არ ჰქონდა (2 მცდელობიდან), ამიერიდან უკვე დიდი სლემის ოთხივე ტურნირის მესამე წრეშია გასული.

► ნიკა 1/16 ფინალში არგენტინელ გუიდო პელიას შეხვდება, რომელიც მსოფლიოს 66-ე ჩოგანია. გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი კარიერაში პირველად ითამაშებს დიდი სლემის მერვედფინალში.

► ნიკოლოზ ბასილაშვილმა წელს პირველად მოიგო ATP 500-იანი სერიის ტურნირი ჰამბურგში, რის შემდეგაც მსოფლიოს 35-ე ჩოგანი გახდა, რაც მისი პირადი რეკორდია. ახლა მას შანსი აქვს, რომ ეს შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესოს.

კომენტარები

ბოლო ამბები