Thumbnail
  • ბელგიის გრანპრი სებასტიან ფეტელმა მოიგო
  • გერმანელმა ჰემილტონთან ჩამორჩენა შეამცირა
  • ბელგიურ სპა-ზე რბოლა დრამატული ავარიით დაიწყო

ეს იყო ყველაზე დრამატული ავარია ფორმულა 1-ში 2018 წელს!

სეზონის მეორე ნახევარი ბელგიურ სპა-ზე დიდი შეხლა-შემოხლით დაიწყო. რბოლა სებასტიან ფეტელმა მოიგო, მეორე ადგილზე ლუის ჰემილტონი გავიდა, მესამეზე კი - მაქს ფერსტაპენი. თუმცა ყველაზე მთავარი ამბავი სტარტზე მოხდა, როცა ნიკო ჰიულკენბერგისა და ფერნანდო ალონსოს კონტაქტს დიდი ავარია მოჰყვა. 37 წლის ესპანელის ბოლიდი შარლ ლეკლერის ზაუბერს გადააფრინდა. სწორედ ამ ავარიისას გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია კოკპიტის ახალი, ე.წ. Halo-დამცავი, რომელიც ფორმულა 1-ში სწორედ წელს დაინერგა.

ავარია სტარტის შემდეგ

ავარიის შედეგად რბოლას სამივე პილოტი გამოეთიშა. “მგონი, ნიკო ჰიულკენბერგი ბოულინგს თამაშობდა. ჩემთვის აუხსნელია, როგორ დამუხრუჭდა ასე. არ მესმის, როგორ შეიძლება, ამ დონეზე ასეთი შეცდომის დაშვება,” - განაცხადა იმედგაცრუებულმა ალონსომ.

ჰიულკენბერგის, ალონსოს და ლეკლერის გარდა, ავარიას კიდევ ორი მსხვერპლი ჰყავდა: დანიელ რიკარდო და კიმი რაიკონენი. პირველს უკანა ფრთა მოძვრა, მეორეს კი - უკანა მარჯვენა საბურავი გაუნადგურდა. მეტიც: დაზიანება მერსედესის მეორე პილოტმა, ვალტერი ბოტასის ბოლიდმაც მიიღო.

ავარიიდან რამდენიმე წამში დიდი ამბები იყო წინა ხაზზეც: სებასტიან ფეტელმა ლუის ჰემილტონს შესანიშნავი მანევრით გადაასწრო! ფეტელი: “ბრწყინვალე სტარტი ავიღე! მართალია, ლუისმა ცოტათი მარცხნივ გადამაგდო, მაგრამ ვიცოდი, რომ შანსი მექნებოდა!”

საქმეში მალევე ჩაერთო Safety Car და რბოლა მხოლოდ მე-5 წრიდან განახლდა - ფეტელი პირველ პოზიციაზე დარჩა და ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა!

21-ე წრეზე ჰემილტონმა ახალი რბილი საბურავები დააყენა, ერთი წრის შემდეგ ბოქსებში ფეტელიც შევიდა, მანაც იდენტური საბურავები დააყენა და ლიდერობა შეინარჩუნა. მართალია, ჰემილტონმა ფერარის გერმანელ პილოტთან ჩამორჩენა 1,5 წამამდე შეამცირა, მაგრამ დარჩენილ წრეებზე ფეტელს პირველი ადგილის დაკარგვის სერიოზული საფრთხე აღარ დამუქრებია.

ფაქტია, რომ “ფერარის” ახალი ძრავა, რომელიც პირველად სწორედ ამ რბოლაში გამოიყენებს, ძალიან მძლავრია!

ასე ათვალირებდა რბოლის დასრულების შემდეგ ჰემილტონი ფეტელის ბოლიდს:

აღსანიშნავია ასევე ვალტერი ბოტასის დიდი წინსწვლა: მიუხედავად იმისა, რომ სტარტზე მე-17 იყო და ავარიამაც დააზარალა, ფინელმა საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა. ფეტელმა კარიერაში 52-ე რბოლა მოიგო და ამ გამარჯვებით, საერთო ჩათვლაში, ჰემილტონთან ჩამორჩენა 17 ქულამდე შეამცირა. “ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა,” - უკმაყოფილო იყო რბოლი შემდეგ ჰემილტონი.

სეზონის მომდევნო, რიგით მე-14 რბოლა (სულ 21) მომავალ კვირას, მონცას ტრეკზე გაიმართება.

საერთო ჩათვლა - TOP 5

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 231

2. სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) - 214

3. კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) - 146

4. ვალტერი ბოტასი (მერსედესი, ფინეთი) - 144

5. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ჰოლანდია) - 120

კონსტრუქტორთა თასი - TOP 5

1. მერსედესი - 375

2. ფერარი - 360

3. რედ ბული - 238

4. რენო - 82

5. ჰაასი - 76

 

კომენტარები

ბოლო ამბები