Thumbnail
  • პსჟ 3:1 ანჟერი
  • გოლები: 1:0 კავანი (12'), 1:1 მანგანი (20', პენალტი), 2:1 მბაპე (51'), 3:1 ნეიმარი (66')
  • თომას ტუხელმა ჯიჯი ბუფონის დასვენება გადაწყვიტა
  • ედინსონ კავანიმ ახალ სეზონში ანგარიში გახსნა

საფრანგეთის ჩემპიონი ლიგა 1-ში დაუმარცხებელია. მესამე ტურის მატჩში პარიზელებმა საკუთარ მოედანზე ანჟერი მიიღეს და იოლად გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ თომას ტუხელმა, პირველად მიმდინარე ჩემპიონატში, სათადარიგოთა სკამზე დასვა ვარსკვლავური მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, მის ადგილი კი ანჟერთან ალფონს არეოლამ დაიკავა. ამით პარიზელებს ნამდვილად არაფერი დაკლებიათ…

“პარკ დე პრენსზე” ანგარიში უკვე მე-12 წუთზე ედინსონ კავანიმ გახსნა. მოედნის სიღრმიდან ბურთი ნეიმარმა მიიღო, რომელმაც რამდენიმე მეტრი გაიარა და საჯარიმოში გამჭოლი პასი გააკეთა. ურუგვაელმა თავდამსხმელმაც, რომელიც ჩემპიონატში პირველად თამაშობდა, ბურთს შორეულ ძელთან მიუსწრო და კარში შეაგდო - 1:0.

კავანის ლიგა 1-ის ახალ სეზონში პირველი გოლის გასატანად 12 წუთი ეყო

ანჟერმა გათანაბრება მალევე მოახერხა. მე-20 წუთზე ტილო კერერმა ფლავიენ ტეტი ბოლო იმედის ჯარიმით შეაჩერა. არეოლამ ტომა მანგანის პენალტიდან დარტყმულის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ ბურთს ვეღარ შეწვდა - 1:1.

ყველაფერი თავის ადგილზე მეორე ტაიმის დასაწყისში დადგა. ანხელ დი მარიამ მარცხენა ფრთიდან სტუმართა საჯარიმოში მაღალი ბურთი გაგზავნა, რომელიც საპირისპირო მხარეს უმეთვალყურეოდ მყოფ კილიან მბაპეს მიუვიდა. 19 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ბევრი არ იფიქრა, მყისიერად დაარტყა და ეფექტური გოლი შეაგდო - 2:1.

19 წლის მბაპეს ანგარიშზე 2 მატჩში გატანილი 3 გოლია

შეხვედრის საბოლოო წერტილი 66-ე წუთზე უკვე პსჟ-ის უმთავრესმა ვარსკვლავმა - ნეიმარმა დასვა, რომელმაც მარჯვენა ფრთხიდან მბაპეს პასის შემდეგ ბურთი ერთი შეხებით გაუშვა კარში.

კილიან მბაპესა და ნეიმარის ანგარიშზე უკვე 3-3 გოლია. ლიგა 1-ში ამჟამად ამდენი გოლი მხოლოდ დიჟონის ფორვარდ ჟულიო ტავარეშს აქვს.

ტუხელის გუნდს სამ მატჩში სამი მოგება და 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. პსჟ-ს მომდევნო მატჩი სტუმრად ნიმთან უწევს. უქულოდაა ანჟერი, რომელიც მომდევნო ტურში ლილს მიიღებს.

პსჟ 3:1 ანჟერი

გოლები: 1:0 კავანი (12'), 1:1 მანგანი (20', პენალტი), 2:1 მბაპე (51'), 3:1 ნეიმარი (66')

პსჟ: არეოლა, მონიე, კიმპემბე, სილვა, კერერი (46’ ნსოკი), მარკინიოსი, დი მარია (85’ დრაკსლერი), რაბიო, ნეიმარი, მბაპე, კავანი (73’ ნკუნკუ).

კომენტარები

ბოლო ამბები