Thumbnail
  • არსენალი 3:1 ვესტ ჰემი
  • გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (25’), 1:1 ნაჩო (30’), 2:1 დიოპი (70’, ავტოგოლი), 3:1 უელბეკი (90+2’)
  • უნაი ემერიმ წნეხი მოიხსნა, მანუელ პელეგრინის საქმე კი ისევ ცუდაა

ლონდონურ დერბის ეს გუნდები უქულოდ შეხვდნენ და მოგება უნაი ემერისაც ძალიან სჭირდებოდა და მანუელ პელეგრინისაც. შესაბამისად, "ემირეიტსზე" პირველი წუთებიდან დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი. და მაინც, არსენალმა შეხვედრა ისე ჩაატარა, როგორც მასპინძელს ეკადრებოდა - უტევდა უფრო მეტს და უფრო შინაარსიანად, ურტყამდა კარში და დამსახურებულად მოიგო. ვესტ ჰემი წინა მატჩებთან შედარებით, თითქოს უკეთესი ჩანდა, მაგრამ მაინც - მისი ძალისხმევა საკმარისი ქულის მოსაპოვებლადაც არ აღმოჩნდა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში და თავიდანვე ყურადღების ცენტრში იყო ჯეკ უილშირი, რომელიც არსენალში გატარებული 10 სეზონის შემდეგ ვესტ ჰემში გადაბარგდა. 26 წლის ნახევარმცველი თავის საქმეს ავად თუ კარგად, აკეთებდა, აი, ანგარიში კი 25-ე წუთზე მისმა თანაგუნდელმა მარკო არნაუტოვიჩმა გახსნა, რომელსაც საგოლე გადაცემა ფილიპე ანდერსონმა გაუკეთა. ამ ორმა ბურთი "კედლის" თამაშით ლამის საკუთარი საჯარიმოდან წამოიღო და რაზე ფიქრობდნენ იმ დროს არსენალის ფეხბურთელები, ძნელი სათქმელია.

ავსტრიელმა ანგარიში კი გახსნა, მაგრამ შემდეგ ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა

"მეთოფეები" მალე გამოფხიზლდნენ, წონასწორობის აღსადგენად კი ხუთიოდე წუთი დასჭირდათ. შეტევაში აქტიურად ჩართულმა ჰექტორ ბელერინმა, ფლანგიდან პასი ჰენრიკ მხითარიანისგან მიიღო და ბურთი საჯარიმოს სიღრმეში მძლავრად გაუშვა. ბურთი ალეკს აიუობის მოხვდა და უმეთვალყურეოდ მყოფ ნაჩო მონრეალს მიუვიდა, რომელმაც შანსი გამოიყენა - 1:1. 

აღსანიშნავია, რომ ესპანელი მცველის გოლამდე უნაი ემერის შეგირდებმა 17 (!) პასი შეასრულეს.

ვესტ ჰემის შოტლანდიელ ნახევარმცველს რობერტ სონდგრასს შესვენებამდე შეეძლო პეტრ ჩეხის დამწუხრება, მაგრამ გოლკიპერთან ერთი-ერთზე გასულმა ვერ ივარგა. მეორე ტაიმის დასაწყისში შანსი ორჯერჯ ვერც არნაუტოვიჩმა გამოიყენა, რომელმაც ჯერ ახლო მანძილიდან ტრიბუნებისკენ გაუშვა ბურთი, შემდეგ კი - რამდენიმე მეტრიდან პირდაპირ ხელებში დაურტყა ბურთი პეტერ ჩეხს. ვესტ ჰემიც დაისაჯა.
  
არსენალი ანგარიშში წინ კი სტუმართა მცველის ავტოგოლის წყალობით გავიდა. 70-ე წუთზე, ვესტ ჰემის საჯარიმოში მასპინძელთა მორიგი ჩაწოდებას ალეკსანდრ ლაკაზეტი შეეგება, რომელმაც პასი პიერ-ემერიკ ობამეიანგის მიმართულებით მძლავრად შეასრულა. ბურთი ახლოს მდგარ ისა დიოპს მკერდში მოხვდა და კარში შევარდა - 2:1.

ლაკაზეტი და ობამეიანგი დიოპის ავტოგოლს ზეიმობენ

"ემირეიტსზე" საბოლოო ანგარიში მატჩის კომპენსირებულ დროში დაფიქსირდა. შეტევის მარჯვენა ფრთაზე გაჭრილმა ბელერინმა სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი შეცვლაზე შემოსულმა დენი უელბეკმა ბურთი მიიღო. ეს უკანასკნელი დატრიალდა და მძლავრად და ზუსტად დაარტყა - 3:1.

ემერიმ სიტისა და ჩელსისთან წაგებების შემდეგ, მოგება ვესტ ჰემთან იზეიმა

საფინალო სასტვენთან ერთად, უნაი ემერიმ შვებით ამოისუნთქა - არსენალმა პრემიერლიგაში პირველი ქულები მოიპოვა. კვლავაც უიმედოა მანუელ პელეგრინისა და მისი გუნდის მდგომარეობა. არსენალი მომავალ ტურში კარდიფ სიტის სტუმრობს, ვესტ ჰემი კი შინ ვულვზს მიიღებს.

არსენალი 3:1 ვესტ ჰემი

გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (25’), 1:1 ნაჩო (30’), 2:1 დიოპი (70’, ავტოგოლი), 3:1 უელბეკი (90+2’)

არსენალი: ჩეხი, ბელიერინი, ნაჩო, მუსტაფი, პაპასტატოპულოსი, ჯაკა, მხითარიანი, გენდუზი (56’ ტორეირა), რემსი, აიუობი (46’ ლაკაზეტი), ობამეიანგი (75’ უელბეკი).

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, ფრედერიკსი, მასუაკუ, ბალბუენა, დიოლი, უილშირი, ანდერსონი, სანჩესი, სნოდგრასი (75’ იარმოლენკო), ანტონიო (63’ პერესი), არნაუტოვიჩი (59’ ერნანდესი).

კომენტარები

ბოლო ამბები