Thumbnail
  • მათ გაბედეს, არად ჩააგდეს ისტორია, ფანების რისხვა და ბარსელონიდან რეალში ან პირიქით, ტრანსფერს დათანხმდნენ.
  • კლუბების მეტოქეობის ისტორიაში პირდაპირი ტრანსფერი სულ 20-ჯერ განხორციელდა.
  • ბოლო "მოღალატე"  ხავიერ სავიოლაა, რომელმაც 2007 წელს ბარსელონადან რეალს მიაშურა.

შაბათს, თბილისის დროით 16:00 სთ-ზე, ესპანეთისა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მადრიდისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დუელი - ელ კლასიკო უნდა შედგეს. ამ დაპირისპირების წინ, Popsport.ge შეგახსენებთ ფეხბურთელებს, რომლებმაც გაბედეს, არად ჩააგდეს ისტორია, გულშემატკივრების რისხვა და ბარსელონიდან რეალში ან პირიქით, ტრანსფერს დათანხმდნენ.

ამ კლუბების მეტოქეობის ისტორიაში პირდაპირი ტრანსფერი სულ 20-ჯერ განხორციელდა. 17-ჯერ - ბარსელონიდან რეალში, ხოლო 3-ჯერ - რეალიდან ბარსელონაში.

ბოლო ფაქტი კი 2007 წელს დაფიქსირდა, როდესაც არგენტინელმა ხავიერ სავიოლამ კატალონიური გრანდი დატოვა და სამეფო კლუბს მიაშურა. 

ჩვენ ამ ტრანსფერებიდან ხუთი ყველაზე ხმაურიანი გამოვარჩიეთ, რომლებსაც თან ახლდა ფეხბურთელებისა და მათი ოჯახების მისამართით მუქარა, წყევლა-კრულვა თუ მონეტებისა და ღორის თავის სროლა… თითოეულ ამ ფეხბურთელს თავისი ისტორია, როლი და მიღწევები ჰქონდა როგორც პირველ, ისე მეორე კლუბში, თუმცა, მათ ყველას ერთი რამ აერთიანებდა - მოღალატის იარლიყი.

5. ბერნდ შუსტერი (გერმანია) - უღალატა ბარსელონას

  • ბარსელონაში (1980-1988 წლები) მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ - ესპანეთის თასი. ასევე: ლა ლიგის თასი და თასების მფლობელთა თასი.
  • რეალთან ერთად (1988-1990 წლებში) ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, თითოჯერ ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი.

გერმანელი ფეხბურთელი ბარსელონაში 21 წლის გადავიდა. ჯერ კიდევ დასაღვინებელი, მაგრამ მოედნის უნიკალური ხედვის უნარის მქონე, უმალვე იქცა კატალონიური გრანდის შეტევის ლიდერად, რომელიც თავზარს სცემდა მეტოქეებს.

გუნდში ავტორიტეტი ჩემპიონთა ლიგის 1986 წლის ფინალის შემდეგ შეერყა, როდესაც ცვლილების შემდეგ სტადიონი დატოვა და რუმინულ სტიაუასთან გუნდის პენალტებით წაგებას აღარ უყურა. 

ამის შემდეგ ბარსაში კიდევ ორი წელი დაჰყო, კლუბის გულშემატკივრებსა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა კი სამუდამოდ მაშინ გაიფუჭა, როდესაც რეალში გადაბარგდა. შუსტერი მადრიდშიც შეტევის ლიდერად იქცა. 

1990 წელს გერმანელმა რეალი დატოვა და ბარსელონაში დაბრუნება მოინდომა, მაგრამ კატალონიურ გრანდში, რა თქმა უნდა, “ძველი ცოდვები” არ აპიტიეს და შუსტერმაც სათამაშოდ ატლეტიკოს მიაშურა.

4. ლუის ენრიკე (ესპანეთი) - უღალატა რეალს

  • რეალში (1991-1996) მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი. 
  • ბარსელონაში (1996-2004) ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი. თითოჯერ: ესპანეთის სუპერთასი, თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი.

ლუის ენრიკე ერთ-ერთია იმ სამი ფეხბურთელიდან, ვინც რეალიდან ბარსელონაში გადასვლა გაბედა. მან საზოგადოება შოკში პირველად 1995 წელს ჩააგდო, როდესაც ჯერ კიდევ რეალის ფეხბურთელი ინტერვიუს დროს სიყვარულში… ბარსელონას გამოუტყდა. უფრო ზუსტად, ენრიკემ კატალონიური გრანდი თავის მეორე სათაყვანებელ კლუბად დაასახელა, მშობლიური ხიხონის სპორტინგის შემდეგ.

ამ სიტყვების შემდეგ ლუისს მადრიდში სტვენა დაუწყეს, ერთი წლის თავზე კი, როდესაც თავისუფალი აგენტის სტატუსით რეალის N1 მტრის ბანაკში გადაბარგდა, სამუდამოდ შეაჩვენეს. ფეხბურთელმა რეალის გულშემატკივრებს სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ პირველსავე მატჩში გატანილი გოლით და მათკენ მოღერებული მუშტით უპასუხა.  

3. მიქაელ ლაუდრუპი (დანია) - უღალატა ბარსელონას

  • ბარსელონაში (1989-1994) ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ერთხელ - ესპანეთს თასი და ორჯერ - ესპანეთის სუპერთასი. თითოჯერ - ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი.
  • რეალში (1994-1996) მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი.

დანიელი ფეხბურთელი ბარსელონაში იუვენტუსიდან გადაბარგდა. მიქაელი ტურინელთა ლიდერი იყო და ასეთად იქცა კატალონიაშიც, მაგრამ მერე ძირითადში ადგილი დაკარგა. 

როდესაც ლაუდრუპს კონტრაქტი ამოეწურა, რეალს მიაშურა და მასთან ერთად დაამხო კიდეც ყოფილი კლუბის ჰეგემონია ესპანეთში. 

კამპ ნოუზე უკვე მეტოქის რანგში პირველად გამოსვლისას კი, ლაუდრუპმა ვერ გაუძლო ტრიბუნების წნეხს და მე-60 წუთზე შეცვლა ითხოვა. აბა, როგორი საქმეა, კატალონიელი გულშემატკივრები გიფრიალებენ ბანერებს წარწერით “იუდა” და სახეშეშლილები ბოლო ხმაზე გიღრიალებენ?

2. ხოსეპ სამიტიერი (ესპანეთი) - უღალატა ბარსელონას

  • ბარსელონაში (1919-1932) ერთხელ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ხუთჯერ კი ესპანეთის თასის მფლობელი. მის ანგარიშზე ასევე 12 გამარჯვებაა კატალონიის ჩემპიონატში.
  • რეალში (1932-1935) თითოჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი.

ბარსელონას სკოლის აღზრდილი ხოსეპ სამიტიერი ერთპერთი პირველი და განთქმული “მოღალატეა” რეალი-ბარსელონას დაპირისპირებათა ისტორიაში. ბავშვობიდან ბარსას გულშემატკივარი კლუბის ძირითად გუნდში დებიუტისთანავე იქცა მის ლიდერად და კატალონიის კუმირად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კლუბის მაისურით ჩატარებულ 454 მატჩში მან 333 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კატალონიური გუნდის ერთი-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.

ფეხბურთელს ბარსელონას ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა 1929 წლიდან დაეძაბა. კლუბიდან გამოსული ხმების თანახმად, სამატიერი ძალიან დიდ გასამრჯელოს ითხოვდა და ვარჯიშებსა თუ თამაშებზე თავსაც აღარ იკლავდა. ასე იყო, თუ ისე, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ბარსელონამ მას ახალი კონტრაქტი, ორჯერ შემცირებული ხელფასით შესთავაზა, რასაც პეპმა უარით უპასუხა. რეალმა დრო იხელთა, ბარსელონას ლეგენდა გადაიბირა და პირველსავე სეზონში მოიგო კიდეც ჩემპიონატი და თასი.

შოკირებული ბარსელონელი გულშემატკივრები შეეცადნენ, "მოღალატის" სახელი სამუდამოდ ამოეშალათ კლუბის ისტორიიდან, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ ხოსეპ სამიტიერი ბარსელონაში დაბრუნდა და შენდობა ითხოვა.

შეწყალებულმა კატალონიური გუნდის მწვრთნელის რანგში ჩემპიონის ტიტული მოიგო და სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა კლუბის ტექნიკურ დირექტორად.

1. ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) - უღალატა ბარსელონას

  • ბარსელონაში (1995-2000) ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი, ერთხელ კი - ესპანეთის სუპერთასი. ასევე: თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი.
  • რეალში (2000-2005) ორ-ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი, თითოჯერ: ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.

ფიგუ პორტუგალიური სპორტინგიდან ბარსელონაში 1995 წელს, 2,5 მილიონ აშშ დოლარად გადაბარგდა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა თავისი თამაშით პირველსავე სეზონში შეაყვარა კატალონიელ გულშემატკივრებს თავი. ის მალევე იქცა გუნდის ლიდერად, რამდენიმე წლის შემდეგ კი კაპიტანი გახდა.

მადრიდის რეალში მის შესაძლო გადასვლაზე ხმები 2000 წლის ზაფხულში გაჩნდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა უარყო ხმები და კატალონიელები დაამშვიდა. “მერე როგორღა შემოგხედავთ თვალებში?” - ამბობდა ფიგუ, რომელმაც მალევე მადრიდში სამედიცინო შემოწმება გაიარა და რეალთან კონტრაქტი გააფორმა. 

ბარსელონას ლიდერის შესანარჩუნებლად არაფრის გაკეთება შეეძლო. მადრიდელებმა კატალონიურ კლუბს 56,1 მლნ დოლარი ჩაუჩხრიალეს, თავად ფიგუს კი - 2 მლნ.

იმავე დღეს კატალონიელ ქომაგთა არმია ბარსელონაში ფიგუს სახლთან შეიკრიბა, მაგრამ შეიტყო, რომ ფეხბურთელი იქიდან ერთი კვირით ადრე გადასულიყო. კატალონიური გაზეთები ფიგუს სალანძღავი ეპითეტებით აჭრელდა, გულშემატკივრები წვავდნენ ყოფილი კუმირის სახელობით მაისურებს, ინტერნეტში კი გაჩნდა ფლეშ-თამაშები, სადაც დავალება ფიგუს განადგურება იყო.

ლუიშისთვის ყველაზე რთული 2002 წლის 29 ნოემბერს გამართული ელ კლასიკო გამოდგა. ვის ეცალა თამაშის საყურებლად? ფანებმა პორტუგალიელზე ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს.

მთელი შეხვედრის განმავლობაში მისი მიმართულებით ათასგვარ საგანს ისროდნენ: სანთებლებს, მონეტებს, ტელეფონებს… ეგ კი არა, გაზონზე ეგდო გოლფის ბურთი, ვისკის ბოთლი და გოჭის მოჭრილი თავი...

ორივე კლუბის ფორმა, ოღონდ არაპირდაპირი ტრანსფერის შემდეგ, მოურგიათ: ბრაზილიელ რონალდოს, სამუელ ეტო'ოს, რობერტ პროსინეჩკის, გეორგე ჰაჯის...

კომენტარები

ბოლო ამბები