Thumbnail
  • ოთარ კაკაბაძე ხეტაფეში
  • საბა ლობჟანიძე დანიიდან მიდის, სად?

ევროპის ყველაზე საფეხბურთო ქვეყნებში ინგლისის გარდა სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, პრემიერლიგის კლუბებისთვის კი ფანჯარა 9 აგვისტოს დაიხურა. ვნახოთ, რომელი ქართველი ფეხბურთელისგან უნდა ველოდოთ დარჩენილ კვირაში ხმაურიან ტრანსფერს. 
ამ სეზონის ქართული ტრანსფერებიდან ყველაზე გამორჩეული გიორგი ქვილითაიას გენტში გადასვლა იყო. ავსტრიული მედიის ინფორმაციით, ბელგიურმა კლუბმა რაპიდს 24 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა. 

იყო სხვა საინტერესო ტრანსფერებიც - დინამოს კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიულ შტურმში გადაბარგდა, გიორგი არაბიძე დონეცკის შახტარის სარეზერვო გუნდიდან პორტუგალიურ ნასიონალში წავიდა და ასე შემდეგ.

ზამთარში?

საბა კვერკველიამ ამ ეტაპზე ლოკომოტივს უერთგულა

ამ სატრანსფერო სეზონში ყველაზე დიდი ინტერესით საბა კვერკველიას სავარაუდო ტრანსფერს ველოდით. ბრიტანული პრესა წერდა, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი პრემიერლიგაში გადაბარგდებოდა. თითქოს, ლესტერ სიტი მის სანაცვლოდ 17 მილიონ ევროს იხდიდა. როგორც აღმოჩნდა, დაინტერესება მართლაც სერიოზული იყო, მაგრამ 9 აგვისტოც მოვიდა და პმიერლიგაში სატრანსფერო სეზონი დაიხურა. დიდი ალბათობით, კვერკველია მაინც გადავა "ნისლიან ალბიონზე", ოღონდ, ამას უკვე ზამთარში უნდა ველოდოთ. 

პრესაში დაიწერა იმაზეც, რომ პრემიერლიგის გუნდებმა გიორგი ჩაკვეტაძითაც გამოხატეს დაინტერესება და მათ შორის ტოტენჰემიც იყო, თუმცა გენტი ახლა აქცენტს სწორედ 18 წლის ტალანტზე აკეთებს და, როგორც მისმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, ამ ეტაპზე მას არანაირ ფასად არ გაყიდიან. 

რა შეიძლება მოხდეს ერთ კვირაში

ოთარ კაკაბაძეს ბარსას წინააღმდეგ ნათამაშები აქვს

31 აგვისტომდე, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქართული ტრანსფერი განხორციელდეს აქედან ორია ყველაზე საინტერესო.

ხიმნასტიკის მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე დიდი ალბათობით, ლა ლიგის გუნდში გადავა და დიდი ალბათობით, ეს კლუბი ხეტაფეა. ეს ბრწყინვალე ნახტომი იქნება ნაკრების მცველის კარიერაში. კაკაბაძის ტრანსფერის ალბათობა მას მერეც გაიზარდა, რაც ხიმნასტიკმა ალჟირელი მარჯვენა მცველი ლასინე კადამურო შეიძინა. 

თუ კაკაბაძე ხეტაფეში გადავა, 10-წლიანი პაუზის მერე ლა ლიგაში პირველი ქართველი ლეგიონერი გვეყოლება.

ბოლოს ესპანეთის ჩემპიონატში შოთა არველაძემ ითამაშა, რომელიც ლევანტეს ღირსებას იცავდა. შოთამ 2008 წლის მაისში "ბერნაბეუსთან" 2:5 წაგებულ შეხვედრაში მოედანზე 10 წუთამდე დაჰყო. 

სად მიდის ლობჟანიძე?

საბა ლობჟანიძის ტრანსფერის დროა?

ჩვენ კიდევ ერთ საინტერესო ტრანსფერს უნდა ველოდოთ, თუმცა ჯერ უცნობია, სად გადავა საბა ლობჟანიძე, დანიური რანდერსის ერთ-ერთი ლიდერი. საბას აგენტმა Tipsbladet-ს დღეს განუცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს საინტერესო წინადადებები აქვს და ყველაფერი შეიძლება 31 აგვისტომდე მოესწროს. ლობჟანიძეს ჯერ კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს რანდერსთან.

"ჩვენ პატივს ვცემთ რანდერსს და საბა ახლა მხოლოდ ამ გუნდის თამაშებზე არის კონცენტრირებული, მაგრამ დაინტერესება არის და ეს ბუნებრივიცაა, საბა კარგი ფეხბურთელია, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. არაფერს ვადასტურებთ, მაგრამ შესაძლოა, ცვლილება ამ სატრანსფერო ფანჯარაში მოესწროს", - განაცხადა რანდერსის ქართველი შემტევის აგენტმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები