Thumbnail
  • სერია A-ს გუნდების კაპიტნებს ერთნაირი სამკლაურებით თამაშს ავალებენ
  • ახალ წესს დანიელე დე როსი და ალეხანდრო გომესი არ ემორჩილებიან
  • მომავალ ტურში რომა-ატალანტას მატჩს ორმაგი ინტრიგა ახლავს

იტალიაში გადაწყვიტეს, ინგლისის პრემიერლიგისთვის მიებაძათ და ახალი სეზონიდან სერია A-ს გუნდების კაპიტნებს ერთნაირი სამკლაურებით თამაში დაავალეს. ლიგა კაპიტნებს თეთრ სამკლაურებს სთავაზობს, რომელსაც მხოლოდ Capitano აწერია და სხვა არაფერი.

სერია A-ს ახალ სეზონში კაპიტნებისთვის ასეთი სამკლაურები სავალდებულოა

სიახლე სერიოზული დარტყმაა იტალიური საფეხბურთო კულტურისთვის, სადაც პერსონალიზირებული სამკლაურებით თავის დროზე რობერტო ბაჯო, ხავიერ ძანეტი, ფრანჩესკო ტოტი და ჯანლუიჯი ბუფონი თამაშობდნენ.

სერია A-ს ლეგენდების სამკლაურები

ჯანლუიჯი ბუფონი

სერია A-ს ლეგენდების სამკლაურები

ბუფონის ერთ-ერთი სამკლაური

სერია A-ს ლეგენდების სამკლაურები

ფრანჩესკო ტოტი

სერია A-ს ლეგენდების სამკლაურები

ტოტის ერთ-ერთი სამკლაური

სერია A-ს ლეგენდების სამკლაურები

ხავიერ ძანეტი

სერია A-ს ლეგენდების სამკლაურები

ძანეტის სამკლაური

სერია A-ს ლეგენდების სამკლაურები

რობერტო ბაჯო

სერია A-ს ლეგენდების სამკლაურები

ბაჯოს ერთ-ერთი სამკლაური

ორიგინალური ნახატებით გაფორმებული სამკლაური სავიზიტო ბარათია ბერგამოს ატალანტას კაპიტნის ალეხანდრო (პაპუ) გომესისთვისაც. პაპუსთვის ნაირ-ნაირ სამკლაურებს აქამდე მისი ცოლი, ლინდა ქმნიდა და ქალბატონი არც იდეების ნაკლებობას განიცდიდა. არგენტინელის სამკლაურზე ხან ალბერტ აინშტაინი, ხან მულტფილმების პერსონაჟები, ხან თავად ფეხბურთელი და ხანაც მთელი ატალანტა იყო ხოლმე გამოსახული.

რა გასაკვირია, რომ გომესს აკრძალვაზე რეაქცია ჰქონდა. პაპუმ ინსტაგრამში უმალ გამოაქვეყნა თავისი სამკლაურების კოლექციის ფოტო და დაწერა:

"დღეს ძალიან დაღონებული ვარ. სერია A-დან შეტყობინება მივიღე, სადაც ნათქვამია, რომ ამ სეზონში ფეხბურთელები ვეღარ ისარგებლებენ პერსონალური სამკლაურებით. ორი წლის წინ, როდესაც ამას ყურადღებას არავინ აქცევდა, გამიჩნდა იდეა, შემექმნა ნახატები, რომლებიც მე წარმადგენდა, როგორც კაპიტანს. ამით არასდროს არავისთვის გამომიხატავს უპატივცემულობა, მაგრამ სამწუხაროდ, თანამედროვე ფეხბურთში ფეხბურთელებზე სულ უფრო ნაკლებს ფიქრობენ".

აქამდე პაპუ გომესს სამკლაურებს ცოლი უმზადებდა 

პაპუ არ იყო პირველი, ვინც ახალი წესის წინააღმდეგ გაილაშქრა. რომას კაპიტანმა დანიელე დე როსიმ, ტორინოსთან შეხვედრაში ("მგლებმა" სტუმრად 1:0 მოიგეს) მაინც წითელი სამკლაურით ითამაშა - ისეთით, როგორიც წინა სეზონში ეკეთა.

"შენ ჩემი ერთადერთი მეორე ნახევარი ხარ, ერთადერთი სიყვარული", - ამშვენებს წარწერა რომას კაპიტნის სამკლაურს.

დანიელე დე როსი ტორინოსთან მატჩში მაინც ორიგინალური სამკლაურით გავიდა

რომას წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ფეხბურთელის პირადი გადაწყვეტილება იყო, თავად დანიელეს კი არაფერი უთქვამს. ლიგა დე როსისა და კლუბს დასჯით დაემუქრა.

ფროზინონესთან თამაშის წინ ატალანტას ინსტაგრამში გაჩნდა თეთრი სამკლაურის ფოტო - მინიშნება იმაზე, რომ პაპუ გომესი წესს დაემორჩილებოდა, მაგრამ მოედანზე გასულ არგენტინელს სამკლაური კამუფლაჟის ფერებში ჰქონდა, ზედ კი მისი გოგონას დაბადების თარიღი ეწერა.

ატალანტას კაპიტანმა ფროზინონესთან დუბლი შეასრულა და ორი საგოლე პასი მიითვალა

თავდამსხმელმა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა, განმარტა:

"სულაც არ მინდოდა ვინმეს მიმართ უპატივცემულობა გამომეხატა. სამკლაური, რომელიც გამომიგზავნეს, ძალიან დიდი ზომის იყო და მკლავზე არ მიჩერდებოდა". 

მომდევნო ტურში რომა სწორედაც რომ ატალანტას ეთამაშება. მანამდე ცნობილი უნდა გახდეს, დასჯის თუ არა ლიგა კლუბებს. მომავალი მატჩის ინტრიგა კი მხოლოდ შედეგი აღარ იქნება. არანაკლებ საინტერესოა, დანებდებიან დანიელე დე როსი და პაპუ გომეში თუ გააგრძელებენ დაუმორჩილებლობას?

კომენტარები

ბოლო ამბები