Thumbnail

კახა ჩხეტიანი: მეტოქეს ფულით ვერ შევედრებით, მოსაგებად კი ყველაფერს გავაკეთებთ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

23 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩი გაიმართება, რომელშიც ქუთაისის ტორპედო ბულგარულ ლუდოგორეცს დაუპირისპირდება. 

მიხეილ მესხზე ორივე გუნდმა წინასამატჩო პრესკონფერენცია და ვარჯიში გამართა. ლუდოგორეცს ბრაზილიელი სპეციალისტი, პაულო აუტუორი დე მელო უდგას სათავეში, რომელმაც მოახლოებული მატჩის შესახებ მოკლედ ისაუბრა...

ლუდოგორეცის წინასამატჩო ვარჯიში

პაულო აუტუორი დე მელო (ლუდოგორეცის მწვრთნელი):

“ფეხბურთს ყველა გუნდი მოსაგებად თამაშობს და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ამასთან, ნებისმიერ მეტოქეს დიდი პატივისცემით ვეკიდებით, მათ შორის ქუთაისის ტორპედოს. თბილისში სრული შემადგენლობით ჩამოვედით და დანაკლისი არ გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელების ფსიქოლოგიური, მენტალური და ფიზიკური მზადყოფნა. ტორპედოს თამაში კარგად შევისწავლე, თუმცა დღეს დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მთავარია, რომ ჩემი ფეხბურთელები მიყვნენ სამატჩო გეგმას. უნდა გვახსოვდეს, რომ დუელი ორმატჩიანია. 44 წელია ფეხბურთში ვარ და ჩემთვის ყოველი მომდევნო მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია”.

პაულო აუტუორი დე მელო

პაულო აუტუორის პრესკონფერენციის შემდეგ, ლუდოგორეცის ვარჯიში გაიმართა, მედიის წინაშე კი ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი და გუნდის კაპიტანი როინ კვასხვაძე წარსდგნენ...

კახა ჩხეტიანი (ტორპედოს მწვრთნელი):

“უნდა ვაღიაროთ, რომ ეს თამაში განსხვავდება თავისი მნიშვნელობით ყველა სხვა მატჩისგან. საბედნიეროდ, ტრავმები არ გვაწუხებს და ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თითოეული მოთამაშე თავის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ გავახაროთ ჩვენი ქალაქი და მთელი საქართველო. იმ ფეხბურთს ვითამაშებთ, რაც გამოგვდის. აქტიურად უნდა შევუტიოთ, თუმცა დაცვას ყურადღება არ მოვაკლოთ. დაცვიდან შეტევაში სწრაფად უნდა გადავიდეთ და პირიქით. ლუდოგორეცი მაღალი დონის გუნდია, სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. მეტოქეს ფულით ვერ შევედრებით, თუმცა ევროპალიგის ჯგუფში მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენთვის ქუთაისში თამაში ყველაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენ ქალაქში ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ. იმედი მაქვს, გამოსწორდება ვითარება და მომავალში, ასეთი დონის შეხვედრებს ქუთაისში ჩავატარებთ".

ტორპედოს წინასამატჩო ვარჯიში

როინ კვასხვაძე (ტორპედოს კაპიტანი):

“ვაცნობიერებთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ ჩვენი ქალაქი და მთელი საქართველო. თითოეული ფეხბურთელი გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია. ბოლომდე დავიხარჯებით სასურველი შედეგის მისაღწევად".

როინ კვასხვაძე

 

კომენტარები

ბოლო ამბები