Thumbnail
  • ქუთაისის ტორპედო ევროპალიგის პლეი ოფში ისტორიაში პირველად ითამაშებს
  • ტორპედო მეოთხე ქართული კლუბია, რომელიც ევროტურნირის პლეი ოფში გავიდა
  • ლუდოგორეცის ბიუჯეტი ქუთაისური კლუბისას ლამის 25-ჯერ აღემატება!

ქუთაისის ტორპედო თავისი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება - 23 აგვისტოს კახა ჩხეტიანის გუნდი ევროპალიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში ბულგარულ ლუდოგორეცს უმასპინძლებს, ერთი კვირის შემდეგ, 30 აგვისტოს კი, სტუმრად დაუპირისპირდება. პირველი თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 სთ-ზე დაიწყება, ბილეთის ფასი 4 ლარია, პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი "სილქ უნივერსალი" წარმოადგენს.

გამოკითხვა

ვინ ითამაშებს ჯგუფურ ეტაპზე?

  • ქუთაისის ტორპედო
  • ლუდოგორეცი

საქართველოს 4-გზის ჩემპიონი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა - ქუთაისური გუნდი ევროპალიგის პლეი ოფში პირველად თამაშობს.

ჩხეტიანის შეგირდებმა, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის შერიფთან მარცხის (2:1, 0:3) შემდეგ, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ ფარერების ვიკინგურს აჯობეს (3:0, 4:0), შემდეგ კი - ალბანურ კუკესის (5:2, 0:2). 

გიორგი კუხიანიძემ (N10) წლევანდელ ევროთასებზე უკვე სამი გოლი გაიტანა

ტორპედოს ისტორიული შანსი

ქუთაისის ტორპედო მეოთხე ქართული კლუბია, რომელიც ევროპალიგის პლეი ოფში თამაშობს.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ჩვენი კლუბებიდან ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ თბილისის დინამოს გაუღწევია - 2004/05 წლების სეზონის უეფას თასზე. ამის შემდეგ დინამომ უეფას თასის მემკვიდრე ევროპალიგის პლეი ოფში სამჯერ ითამაშა - 2011/12, 2013/14 და 2016/17 წლების სეზონებში, მაგრამ წარუმატებლად.

ზურაბ მამალაძე  ალან შირერის წინააღმდეგ, ნიუკასლი-დინამოს მატჩში. 2004 წელი

ამას გარდა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი 1998/99 წლების სეზონში დააკლდა, როდესაც გზაზე ბილბაოს ატლეტიკი გადაეღობა. 

ევროპალიგის პლეი ოფში ორჯერ უთამაშია გორის დილას - 2012/13 და 2013/14 წლების სეზონებში, თუმცა ბარიერის დაძლევა ვერცერთხელ შეძლო. ერთხელ ითამაშა პლეი ოფი ზესტაფონმა - 2011/12 წლების სეზონში ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში ბრიუგესთან დამარცხდა.

რა გუნდია ლუდოგორეცი

ლუდოგორეცმა 2014/15 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ლივერპულთანაც იბრძოლა

ქალაქ რაზგრადის საფეხბურთო კლუბს 73-წლიანი ისტორია აქვს და სხვადასხვა სახელით ასპარეზობდა, ლუდოგორეცის დაარსების თარიღად კი 2001 წელი ითვლება. კლუბის ისტორიაში გარდამტეხი 2010 წელი აღმოჩნდა - ის ბულგარელმა ბიზნესმენმა კირილ დომუსჩიევმა შეიძინა, რომელმაც უმალ ამბიციური გეგმები დაისახა. გუნდმა, რომელიც მოკლე დროში შეძლო მესამე ლიგიდან უმაღლესში აღზევება, 2011/12 წლების სადებიუტო სეზონში ჩემპიონობაც მოიპოვა და ქვეყნის თასი და სუპერთასიც მოიგო. 

მას შემდეგ ლუდოგორეცი ბულგარეთის საუკეთესო გუნდია - ზედიზედ 7-ჯერ გახდა ჩემპიონი და ევროტურნირებზეც სისტემატურად თამაშობს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლუდოგორეცმა ორჯერ - 2014/15 და 2016/17 წლების სეზონებში ითამაშა, ევროპალიგაზე კი მისი საუკეთესო მიღწევა 1/16-ფინალია (2013/14 წლების სეზონი).

ბულგარული კლუბის საშინაო სტადიონი Ludogorets Arena 12 500 გულშემატკივარს იტევს.

ამ სტადიონზე მოუწევს ერთი კვირის შემდეგ თამაში ტორპედოს

ლეგიონერებით გაძლიერებულ გუნდს, რომელთა უმეტესობა ბრაზილიელია, წლის დასაწყისიდან 61 წლის გამოცდილი, ასევე ბრაზილიელი სპეციალისტი პაულო აუტუორი წვრთნის. ლუდოგორეცი ბულგარეთის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ 10 ქულით მესამე ადგილზეა. 

რაც შეეხება ტორპედოს მეტოქის წლევანდელ გამოსვლას ევროთასებზე, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი იოლად კი დაძლია, მაგრამ მეორეში უნგრულ ვიდეოტონს ვეღარ გაცდა (0:0, 0:1) და ევროპალიგაზე გადაერთო. ამ ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთის ჩემპიონი ბოსნიურ ზრინსკის სტუმრად დაუზავდა - 1:1, შინ კი 1:0 სძლია და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

პაულო აუტუორის გუნდმა ტორპედომდე ორი მატჩის ჯამში ზრინსკის აჯობა

უეფას საკლუბო რეიტინგში რაზგრადის ლუდოგორეცი 39-ეა, ხოლო ქუთაისის ტორპედო - 404-ე.

არაოფიციალურად, ტორპედოს ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიონი ევროა, ბულგარეთის ჩემპიონისა კი - 50 მილიონი ევრო.

Transfermarkt-ის თანახმად, ტორპედოს ფეხბურთელების ჯამური სატრანსფერო ღირებულება 5,33 მილიონი ევროა, ლუდოგორეცისა კი - 51,55 მილიონი. 

კომენტარები

ბოლო ამბები