Thumbnail

10 კილო ოპტიმალურ ფორმამდე - ტოჩინოშინს ტიტულის დაკარგვაზე ფიქრი არ სურს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლევან გორგაძე სექტემბრის ბაშოსთვის ემზადება
  • აკი ბაშო - 9-23 სექტემბერი
ტოჩინოშინი ძალებს იკრებს

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) 14 აგვისტოს სუმოისტთა ზაფხულის ტურნეს შეუერთდა და წლის მეხუთე სუპერტურნირის, აკი ბაშოსთვის მზადებას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი ნაგოიას ბაშოზე მიღებულ ტრავმას მკურნალობდა, რომლის გამოც ტურნირი ლიდერის პოზიციიდან მიატოვა. 

"ტრავმა ჯერჯერობით ცოტა კიდევ მაწუხებს, თუმცა ყოველდღიურად უკეთესობას ვგრძნობ. 10 კილო მაქვს დაკლებული ოპტიმალურ წონასთან შედარებით. ჩემი სურვილია, არ ავჩქარდე და ფორმაში ნელნელა შევიდე", - განუცხადა მან nikkansports.com-ს - "შემდეგი ორი კვირა ძალიან მნიშვნელოვანია. კლუბთან ერთად ტოჩიგის პრეფექტურაში ვიმყოფებოდი, სადაც სასიამოვნო სიგრილეა და დავიბრუნე ჩვეული აპეტიტი - ვფიქრობ, ბანძუკეს გამოცხადების დროისთვის 5-6 კილოგრამს მოვიმატებ".

სექტემბრის ბაშოზე ტოჩინოშინს ოძეკის ტიტული აქვს დასაცავი, თუ 8 მოგებას ვერ დააგროვებს, ჩემპიონის რანგს ჩამოართმევენ. ქართველს ამის შესახებაც ჰკითხეს: "ამ თემაზე რომ ვიფიქრო, ძალიან გამიჭირდება ბაშოზე ბრძოლებზე კონცენტრირება. ნერვიულობა ხელს შემიშლის, მე კიდევ მსურს, საუკეთესო ფორმაში შევიდე".

საჩვენებელ გამოსვლებზეც უამრავი ხალხი დადის

27 აგვისტოს სუმოს რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოქვეყნდება, ერთი დღით ადრე კი ზაფხულის ტურნე დასრულდება. შემოდგომის (აკი) ბაშო კი ტოკიოში 9 სექტემბერს იწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები