Thumbnail
  • შენგელია ბასკონიაში 6.5 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს
  • ევროპის ტოპ-ხელფასები კალათბურთში

ბასკონიას კაპიტანი თორნიკე შენგელია გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა - თოკო ბოლო დღეებია, რაც ყურადღების ცენტრში მოექცა: EUROHOOPS ჯერ კიდევ 1-ელ აგვისტოს წერდა, რომ ქართველ მძიმე ფორვარდს ბასკური კლუბი ისეთ კონტრაქტს შესთავაზებდა, რომ შენგელია NBA-სკენ აღარ გაიხედავდა. მოგეხსენებათ, ქართველს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა, მან ესპანეთის ჩემპიონატში და ევროლიგაზე გაიბრწყინა, შესაბამისად ბევრი მთხოვნელი კლუბიც გამოუჩნდა, მათ შორის ბერძნული ოლიმპაიკოსი, რუსული ცსკა და ამერიკული ფინიქს სანსი.

EUROHOOPS-ის ექსკლუზიური ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა, ახლახან თორნიკე ბასკონიასთან ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2022 წლის ზაფხულამდე ვიტორიაში დარჩა. ამ კონტრაქტს უკვე უწოდეს მეგა და დაიწერა, რომ თორნიკე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა, თუმცა კლუბს ოფიციალურად თანხა არ დაუსახელებია.

სამაგიეროდ, ბერძნულმა სააგენტო SDNA-მ გაამხილა თანხის რაოდენობა - ბერძნების მტკიცებით, თუ თორნიკე პირობას შეასრულებს და ბასკონიაში 2022 წლამდე ნამდვილად დარჩება იგი 6.5 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. ჟურნალისტი გეორგ ზაკასი ტვიტერზე ამტკიცებს, რომ თორნიკე ჯერ კიდევ ოცნებობს NBA-ში დაბრუნებაზე. ასე რომ, დიდი შანსია, ეს პირობა არ შესრულდეს და თორნიკემაც ვერ მიიღოს სრულად 6.5 მილიონ ევროზე მეტი. 

შენგელიას ხელფასი წელიწადში 1.7 მილიონ ევრომდე გამოდის, რაც NBA-ს მასშტაბით ძალიან მცირე ხელფასია, მაგრამ ევროპაში ხელფასები გაცილებით ნაკლებია და 1.7 მილიონი ევრო წელიწადში მართლაც ძალიან მაღალი ხელფასია. მედიას თუ დავუჯერებთ, თოკოს ხელფასი გაუსამმაგეს.

მაგალითისთვის, ზაზა ფაჩულია დეტროიტში 2.09 მილიონ ევროს მიიღებს. თუ ეს ამერიკაში NBA-ს ვეტერანის მინიმუმია, ევროპაში მე-7 ყველაზე მაღალი ხელფასია.

ამ მაისურით თამაშისთვის ზაზა სეზონში 2.1 მილიონ ევროს მიიღებს

მაგალითისთვის, ზაზა ფაჩულია ახალ სეზონში დეტროიტ პისტონსში 2.4 მილიონ დოლარს (2.09 მლნ ევრო) მიიღებს. თუ ეს ამერიკაში NBA-ს ვეტერანისთვის დაწესებული მინიმუმია (ნაკლებს კლუბი უბრალოდ ვერ გადაუხდის, წესებით აკრძალულია), ევროპაში მე-7 ყველაზე მაღალი ხელფასია მოქმედ კალათბურთელთა შორის. რაც შეეხება შენგელიას ხელფასს, თუ ბერძნული წყაროს ინფორმაცია სწორია, თოკო დაახლოებით იმდენს იღებს, რამდენსაც ევროპის მე-9 და მე-10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელები. 

როგორც ხედავთ, შენგელია ვერ გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია მასზე დაახლოებით 400 ათასი ევროთი მეტს იღებს წელიწადში. 

აქვე გთავაზობთ ევროლიგის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელის სიას. სიას სათავეში რუსი მცველი ალექსეი შვედი უდგას, რომელსაც NBA-ს 4 კლუბში უთამაშია. რუსული ხიმკი შვედს წელიწადში 4 მილიონ ევროს უხდის. ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ის თანხა, რასაც ევროპის მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი (ასევე ყოფილი NBA-ელი) კალათბურთელი ნანდო დე კოლო იღებს ცსკა-ში.

ევროპის ყველაზე მაღალანაღაურებადი კალათბურთელი ალექსეი შვედია (ხიმკი)

TOP-10

1. ალექსეი შვედი (ხიმკი) - 4 მლნ. ევრო

2. ნანდო დე კოლო (ცსკა) - 2.7

3. ნიკ კალათესი (პანათინაიკოსი) - 2.5

4. სერხიო როდრიგესი (ცსკა) - 2.5

5. იან ვესელი (ფენერბაჰჩე) - 2.4

6. სერხიო ლიული (რეალი) - 2.2

7. კრის სინგლტონი (პანათინაიკოსი) - 1.9

8. მაიკ ჯეიმსი (პანათინაიკოსი) - 1.8

9. შეინ ლარკინი (ეფესი) - 1.7

10. ჟოფრეი ლოვერნი (ფენერბაჰჩე) - 1.7

კომენტარები

ბოლო ამბები