Thumbnail

თითქმის სასწაული - აიაქსის 21 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი კომიდან გამოვიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • აბდელჰაკ ნური, რომელიც 2017 წლის 8 ივლისის შემდეგ კომაში იყო, გამოფხიზლდა
  • აიაქსის ფეხბურთელის მდგომარეობას ექიმები საკმაოდ პესიმისტურად აფასებდნენ 

ამსტერდამის აიაქსის 21 წლის ფეხბურთელი აბდელჰაკ ნური, რომელიც შარშან თამაშის დროს შეუძლოდ გახდა და ბოლო დრომდე კომაში იმყოფებოდა, ახლახან გონზე მოვიდა და ახლობლებიც იცნო.

ნურიმ გონება 2017 წლის 8 ივლისს, ვერდერთან ამხანაგურ შეხვედრაში დაკარგა, ის მოედნიდანვე შვეულმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაირკვა, რომ აბდელჰაკს არითმიით გამოწვეული გულის შეტევა მოუვიდა, ექიმებმა კი ფეხბურთელის ხელოვნურ კომატოზურ მდგომაროებაში გადაყვანა გადაწყვიტეს. მოგვიანებით ნურის თავის ტვინის სერიოზული და შეუქცევადი დაზიანება დაუდგინდა.

ტრაგიკული შემთხვევიდან 13 თვის შემდეგ ფეხბურთელის ოჯახმა პირველი ინტერვიუ მისცა. ნურის ძმამ მედიას სასიხარულო ამბავი აცნობა - ფეხბურთელი კომიდან გამოვიდა და ახლობლებსაც ცნობს.

"მისი ნერვული სისტემის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო. ფიზიკურად მას ჯერ კიდევ უჭირს: მხოლოდ თავს ამოძრავებს. მას ზოგჯერ უნარშეზღუდულთა ეტლში სვამენ, ჩვენ კი ჟესტებით გვესაუბრება", -  აქვეყნებს sofoot.com მოჰამედ ნურის ნათქვამს.

აბდელჰაკ ნური ამსტერდამული კლუბის აკადემიის აღზრდილია 

მანამდე პროფესორი ბარბარა ფრიზენეკერი კი საკმაოდ უიმედოდ აფასებდა პაციენტის მდგომარეობას: "რომც გამოიღვიძოს, ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ჭამას, საუბარსა და სიარულს და ვერც დაინახახვს".

2016/17 წლის სეზონში აბდელჰაკ ნურიმ აიაქსის ახალგაზრდული გუნდის მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და მიითვალა 14 საგოლე პასი. ფეხბურთელმა აიაქსის მთავარ გუნდშიც ითამაშა.

ნურის, რომელიც ჰოლანდიისა და მაროკოს მოქალაქეა, რეგულარულად იწვევდნენ ჰოლანდიის ასაკობრივ ნაკრებებში. ბოლოს ის ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა.

აბდელჰაკი ჯერ კიდევ კომაში იმყოფებოდა, როდესაც ექიმებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს - მკერდზე ბურთი დაადეს. მძინარე ფეხბურთელს ამაზე რეაქცია ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები