Thumbnail

სუპერმარიომ გადაწყვიტა - ბალოტელი ნიცაში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სუპერმარიოს გადაბირებით ნაპოლი, ინტერი, ლაციო და რომა ინტერესდებოდნენ
  • 28 წლის იტალიელი თავდამსხმელი ლიგა 1-ის კლუბში მესამე სეზონს გაატარებს 

ნიცას თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ გუნდში დარჩენა კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში გადაწყვიტა. ამის შესახებ ლიგა 1-ის კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

28 წლის იტალიელი ფორვარდი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდა, კარგა ხნის განმავლობაში ფიქრობდა თავის მომავალზე, ვითარების კარგად აწონ-დაწონვის შემდეგ კი, ნიცას ხელმძღვანელობას გუნდში დარჩენის სურვილის შესახებ აცნობა. 

ახალი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, ბალოტელი კი საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში შეძლებს თამაშს, რომელსაც ნიცა სტუმრად ლიონთან გამართავს.

კლუბი აცხადებს, რომ სუპერმარიოსთან დაკავშირებით სიტუაცია საფრანგეთის სამხრეთული ერთ-ერთი კლუბის მოქმედებების გამო გართულდა. აქ აშკარად იგულისხმება მარსელი, რომელიც, როგორც პრესა დიდი ხნის განმავლობაში წერდა, თავდამსხმელის გადაბირებით ძალიან იყო დაინტერესებული.

ბალოტელის დამატების სურველი ასევე ჰქონდათ ნაპოლის, სასუოლოს, პარმასა და ჩინურ კლუბებს. Corriere dello Sport წერდა, რომ მარიოზე თვალი ინტერს, რომასა და ლაციოსაც ეჭირათ.

მარიო ბალოტელი ნიცაში 2016 წლის ზაფხულში გადავიდა. 28 წლის ფორვარდმა ლიგა 1-ში გატარებულ ორ სეზონში მეტოქეთა კარში ჯამში 33 გოლი გაიტანა.

მანამდე ფორვარდი სხვადასხვა დროს ინტერში, მილანში, მანჩესტერ სიტისა და ლივერპულში თამაშობდა. იტალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 35 მატჩში 14 გოლია. 

Transfermarkt იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები