Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას მცირე ინტერვიუ ACB-ის საიტთან
  • ქართველ კალათბურთელს ევროლიგის ტიტული სურს
ოფიციალურად: არის კონტრაქტი - თორნიკე შენგელია ბასკონიაში რჩება!

19 აგვისტოს ბასკონიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ კლუბთან 2022 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. ოფიციალური წყარო კონტრაქტის ფინანსურ დეტალებს არ იტყობინება, მაგრამ ცნობილია, რომ შენგელია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდა. 

თორნიკე გასულ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ესპანეთის ჩემპიონატში და ევროლიგაზეც. ქართველმა კალათბურთელმა ACB-ს ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა.

"ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერია ვიტორიაში ცხოვრებით. ყოველწლიურად ვცდილობ კიდევ უფრო უკეთ ვითამაშო, ვიდრე წინა სეზონში. ყოველთვის შევეცდები, საკუთარი თავისგან მაქსიმუმი გამოვწურო, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში, ვიყო გუნდის ნამდვილი ლიდერი".

ამ სეზონში ევროლიგის ოთხთა ფინალი ვიტორიაში "ბუესა არენაზე" გაიმართება, რაც შენგელიასთვის დამატებითი მოტივაციაა:

"ის, რომ ფინალური ოთხეულის თამაშები ჩვენთან გაიმართება, გუნდისთვის ზეწოლა კი არა, დამატებითი მოტივაციაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ვფიქრობ, შეგვიძლია ავისრულოთ ოცნება და ევროლიგის ოთხთა ფინალი მშობლიურ ქალაქში ვითამაშოთ".

ინდივიდუალური მიზნები ამ დროს გვერდით უნდა გადავდოთ და გუნდურად ვიფიქროთ

27 წლის მძიმე ფორვარდი მიიჩნევს, რომ ტიტულების მოგების დროა და თუ ეს ევროლიგაში ვერ მოხერხდება, ესპანეთის ჩემპიონატი მაინც მოსაგებია:

"ინდივიდუალური მიზნები ამ დროს გვერდით უნდა გადავდოთ და გუნდურად ვიფიქროთ. როგორც ყოველ სეზონში, ახლაც უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება შორს გავაღწიოთ ევროლიგაზე. მე ტიტულის მოგება მსურს და მიმაჩნია, რომ ამ გუნდმა და ამ ფანებმა ეს ნამდვილად დაიმსახურეს. ყველამ იცის გასახდელში, რომ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ სეზონში ტიტული მოვიგოთ".

კომენტარები

ბოლო ამბები