Thumbnail

"სანგრებში ქალების ადგილი არაა!" - ლაციოს ფანატების სექსისტური განცხადება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რომის ლაციოს ულტრასები ქალებს "ოლიმპიკოზე" შეზღუდვებს უწესებენ 
  • ფანატები Curva Nord-ის სექტორს ბრძოლის ველზე სანგარს ადარებენ
  • რომაული კლუბი ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ემიჯნება 

იტალიური საფეხბურთო კლუბის ლაციოს ფანატებმა გაავრცელეს წერილი, სადაც აცხადებენ, რომ მათი კლუბის საშინაო არენა "ოლიმპიკოზე" საუკეთესო ადგილებს ქალები არ უნდა იკავებდნენ.

ზოგადად, რომაული კლუბის ფან-კლუბის ულტრასებისგან აგრესიული, რასისტული და ანტისემიტური გამოხდომები იშვიათობა არაა, ახალი სეზონის პირველი მატჩის წინ კი მათ ფურცლები გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ Curva Nord-ის სექტორი სტადიონზე "წმინდათა წმინდა" ადგილია და იქ ქალების ადგილი არაა.

ფანატებს Curva Nord-ის სექტორში ქალების დანახვა არ სურთ 

"Curva Nord ჩვენთვის წმინდა ადგილია, სადაც მოქმედებს წესები, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. პირველი რამდენიმე რიგი, როგორც ყოველთვის, საომარი სანგრებია. სანგრებში კი ქალების, ცოლებისა და მეგობარი გოგონების ადგილი არაა. მათ მე-11 რიგიდან ნებისმიერში ვიწვევთ.

ვისთვისაც სტადიონზე ვიზიტი იგივეა, რაც რომანტიკული გასეირნება "ვილა ბორგეზეში" (ლანდშაპტური პარკი რომში), ჩვენს რიგებში არაფერი ესაქმება", - წერია ფურცელში, რომლის ფოტოც CalcioMercato-ს ტვიტერზე გამოქვეყნდა.

მოგვიანებით ლაციოს სპიკერმა აღნიშნა, რომ ფანატების პოზიციას არ იზიარებს კლუბი, რომელიც ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგია.

გასულ სეზონში კლუბი დაჯარიმდა იმის გამო, რომ ფანატებმა ანტისემიტური შინაარსის სტიკერები გაავრცელელეს, სადაც ჰოლოკოსტის მსხვერპლი ანა ფრანკი რომას საფეხბურთო მაისურით იყო გამოსახული. ლაციოსთვის სერია A-ში ერთ-ერთი უმთავრესი მტერი რომაა.

სერია A-ს პირველ ტურში ლაციომ რომში ნაპოლის უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

რომის ლაციო მეორე ტურის შეხვედრას 25 აგვისტოს, სტუმრად ტურინის იუვენტუსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები