Thumbnail

არ არის რონალდო? არ არის პრობლემა! რეალმა მოულოდნელი შემადგენლობით მოიგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რეალმა ესპანეთის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
  • “სამეფო გუნდმა” ხეტაფე საკმაოდ ადვილად დაამარცხა
  • ლოპეტეგიმ კურტუა, მოდრიჩი, ვარანი და კაზემირო სკამზე დასვა

სუპერთასზე ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ, რეალის სტარტს ახალ სეზონში ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ მადრიდულმა გრანდმა ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ხეტაფე საკმაოდ ადვილად, ზედმეტი სტრესის გარეშე დაამარცხა.

კაბალიოსი კარვახალს ანგარიშის გახსნას ულოცავს

მართალია, ხეტაფე რეალის ძალების რეალურ საზომად არ გამოდგება, მაგრამ ფაქტია, რომ რონალდოს გარეშე დარჩენილმა მადრიდელებმა მისი არყოფნა არც კი შეიმჩნიეს. გამოდის, რომ არ არის კრიშტიანო -  არ არის პრობლემა? ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს მომდევნო მატჩები გაგვცემს.

ხეტაფესთან შეხვედრაში საინტერესო ის იყო, რომ ახალმა მწვრთნელმა ხულიენ ლოპეტეგიმ ძირითადი შემადგენლობის დაკომპლექტებისას საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღო. კარში ისევ ნავასი იდგა - მიუხედავად იმისა, რომ ფანები სოციალურ ქსელებში კურტუას გამწესებას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ლოპეტეგიმ სათადარიგოთა სკამზე დასვა ისეთი ვარსკვლავები, რომლებსაც რეალის ძირითად შემადგენლობაში ადგილი თითქოს გარანტირებული უნდა ჰქონოდათ - ვგულისხმობთ ვარანს, მოდრიჩს და კაზემიროს.

რეალი 2:0 ხეტაფე

გოლები: 1:0 კარვახალი (20), 2:0 ბეილი (51)

რეალი (4-1-4-1): ნავასი - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარსელო - დანი კაბალიოსი (71. მოდრიჩი) - ბეილი (77. ვასკესი), კროოსი, ასენსიო, ისკო (58. კაზემირო) - ბენზემა.

ხეტაფე (4-1-4-1): სორია - სუარესი, ჯენე, ბრუნო, კაბრერა - მაკსიმოვიჩი - პორტილიო (64. ალეხო), არამბარი, შიბასაკი, ამათი (58. მატა) - მოლინა (71. ანხელი).

დანი კარვახალმა ანგარიში ხეტაფეს მეკარე სორიას შეცდომის შემდეგ გახსნა. გარეთ ბეილის გოლიც (51) ხეტაფეს უკანახაზელთა შეცდომას მოჰყვა - ჯენემ ბურთი დაკარგა, ასენსიომ კი ამით ისარგებლა და ბეილს საგოლე პასი გაუკეთა. 

აღსანიშნავია, რომ ლოპეტეგის ფორმაციის რეალში ბეილი ძალიან კარგად გამოიყურება. სხვათა შორის, უელსელმა სეზონის სტარტზე ზედიზედ მეოთხედ გაიტანა!

კომენტარები

ბოლო ამბები