Thumbnail

ოფიციალურად: არის კონტრაქტი - თორნიკე შენგელია ბასკონიაში რჩება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბასკონიამ თორნიკე შენგელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა
  • ქართველმა კალათბურთელმა ესპანურ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლამდე გააფორმა

ის, რაზეც ჯერ კიდევ პირველ აგვისტოს ვწერდით, ახლა უკვე გადაწყვეტილი და ოფიციალურად დადასტურებული ამბავია: საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ ბასკონიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2022 წლამდე აქვს. ეს ინფორმაცია ბასკონიამ დღეს დაადასტურა.

Eurohoops-ის ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შენგელია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდა. წერენ, რომ ქართველი წელიწადში 6,5 მილიონ ევროს მიიღებს. კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თორნიკეს ბასკონიას დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას NBA-ს რომელიმე კლუბი უხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთ სხვა ევროპულ კლუბს მისი გადაბირების შანსი არ ექნება.

თორნიკე შენგელია ბასკონიაში 2014 წლიდან თამაშობს - ის გუნდის ლიდერი და კაპიტანია. 26 წლის შენგელია ევროლიგის გასულ სეზონში, საშუალოდ ერთ მატჩში, 13,7 ქულას, 6,6 მოხსნას და 2,2 პასს აგროვებდა.

ბასკონიამ შენგელიასთან კონტრაქტის გაფორმება გულშემატკივრებს ინსტაგრამზე ამ ფოტოთი ამცნო

კომენტარები

ბოლო ამბები