Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნს ივან რაკიტიჩის გადაბირება სურს
  • მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბარსელონადან წასვლას არ გეგმავს

გადავა თუ არა ივან რაკიტიჩი ბაიერნში? წინა კვირაში ესპანური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” წერდა, რომ მიუნხენური გრანდი 30 წლის ხორვატი ნახევარმცველისთვის იბრძვის. გერმანული გამოცემა SPORT1 კი ირწმუნება, რომ რაკიტიჩს რეკორდმაისტერში გადასვლა არ სურს და ბარსასთან 2021 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის შესრულებას აპირებს.

ივან რაკიტიჩი

მეტიც: ჩვენი გერმანელი კოლეგები, სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რაკიტიჩი ბარსელონას შემდეგ სევილიაში დაბრუნებას გეგმავს და კარიერის დასრულებაც სწორედ სევილიაში სურს, სადაც 2011-დან 2014 წლამდე თამაშობდა.

“მუნდო დეპორტივო” წერდა, რომ რაკიტიჩს ბაიერნში ნიკო კოვაჩი ეპატიჟება, რომელიც ნახევარმცველს ხორვატიის ნაკრებში მუშაობის პერიოდიდან კარგად იცნობს და მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელებიც მზად არიან, ხორვატს საუკეთესო პირობები შესთავაზონ. 

ცნობილია, რომ რაკიტიჩზე მონაკო და პსჟ-ც ფიქრობენ. ესპანური მედიის ცნობით, რაკიტიჩის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მსურველმა კლუბმა ბარსას 125 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. რაკიტიჩის საკითხი ბაიერნისთვის განსაკუთრებით აქტუალური იმ შემთხვევაში გახდება, თუ ტიაგო ალკანტარა რეკორდმაისტერს დატოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები