Thumbnail

ჯიჯის გაუტანეს, მბაპემ დუბლით დაიწყო - გენგამმა პსჟ-ს ერთი ტაიმი გაუძლო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გენგამი 1:3 პსჟ
  • გოლები: 1:0 რუ (20’), 1:1 ნეიმარი (პენ, 53’), 1:2 მბაპე (82'), 1:3 მპაბე (90')
  • პარი სენ-ჟერმენის ზედიზედ მეორე გამარჯვება ჩემპიონატში

ლიგა 1-ის მეორე ტურში ჩემპიონი სათამაშოდ გენგამში ჩავიდა და ნეიმარისა და კილიან მბაპეს წყალობით, მორიგი სამი ქულა ჩაიწერა, თუმცა, თომას ტუხელის გუნდს ბრძოლის გადატანა ნამდვილად დასჭირდა. 

"სტად დე რუდურუზე" მასპინძლებმა შეხვედრის დასაწყისშივე შეძლეს პარიზელთა ვარსკვლავი მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის განერვიულება, რაშიც უდიდესი წვლილი პსჟ-ის მცველ კოლინ დაგბას მიუძღვის. ამ უკანასკნელმა თომას მონიეს პასის შემდეგ, უკან დაიხია, უცნაური მოძრაობა გააკეთა და ბურთი შეტევაში ჩართულ მარკუს კოკოს დაუთმო, რომელმაც საბოლოოდ ნოლან რუს გაატანინა.

ჯიჯიმ ვერაფერი გააწყო. ეს ვეტერანი იტალიელისთვის, რომელიც საფრანგეთში ამ ზაფხულს გადაბარგდა, პირველი გაშვებული გოლია ლიგა 1-ში.

ბუფონს კარში მალე მეორე გოლიც გავიდა, ოღონდ არბიტრმა ეპიზოდის ვიდეოასისტენტით განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ კოკოს პასის შემდეგ, ნიკოლა ბენეზემ გოლი წესების დარღვევით შეაგდო.

მასპინძლებმა შესვენებამდე შეძლეს ანგარიშში უპირატესობის შენარჩუნება, აი, მეორე ტაიმში კი 53-ე წუთზე, ნეიმარზე ფოლისთვის 11-მეტრიანით დაისაჯნენ. ეპიზოდის ანტიგმირი ჯორდან იკოკო გახდა, რომელმაც საჯარიმოში ფინტით შეჭრილ ბრაზილიელ ვარსკვლავს ფეხი ცელივით მოუქნია. ნეიმარი დაეცა, შემდეგ კი პენალტი თავადვე აუღელვებლად დაარტყა, გაიტანა და მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გოლი მიითვალა.

ბრზილიელის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიიონატში 2 მატჩში 2 გოლია

პსჟ-ს სამი ქულა მეორე ვარსკვლავმა - კილიან მბაპემ მოუტანა, რომელიც თომას ტუხელმა მოედანზე შესვენების შემდეგ გამოიყვანა. მბაპეს არც პირველ ტურში უთამაშია და მოზღვავებული ენერგია შეხვედრის მიწურულს ამოაფრქვია - დუბლი შეასრულა.

მბაპემ ჯერ ანხელ დი მარიას გადაცემის შემდეგ აჯობა მასპინძელთა მეკარეს, მატჩის ბოლო წუთზე კი უკვე ნეიმარის პასი აქცია გოლად.

ლიგა 1-ის მეორე ტური 17 აგვისტოს, რეიმსისა და ლიონის შეხვედრით გაიხსნა, რომელშიც მასპინძლებმა პაბლო ჩავარიას ერთადერთი გოლით იმარჯვეს (1:0) და 6 ქულა აქვთ. ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათ-კვირას ჩატარდება.

გამოკითხვა

ვინ გახდება საფრანგეთის ჩემპიონატის ბობმარდირი?

  • ედინსონ კავანი
  • ნეიმარი
  • კილიან მბაპე
  • მარიანო დიაზი
  • ფალკაო
  • მემფის დეპაი
  • ნაბილ ფეკირი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები